მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა მიიღო შანსი, ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდეს. Tesla-ის აქციონერთა კრებამ მხარი დაუჭირა გენერალური დირექტორისთვის 1 ტრილიონ დოლარად შეფასებული აქციების პაკეტის გადაცემას, თუკი მასკი მომავალი ათწლეულის განმავლობაში გარკვეულ მიზნებს მიაღწევს.
ხმის მიცემა მოჰყვა მრავალკვირიან დებატებს მასკის მენეჯერულ მიღწევებზე ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში. ამ თემამ დიდი მღელვარება გამოიწვია როგორც მცირე, ისე მსხვილ ინვესტორებში, საპენსიო ფონდებში და მასზე კომენტარი გააკეთა თვით რომის პაპმაც.

განხილვა მიმდინარეობდა ევროპიდან გავრცელებული ცნობების ფონზე იმის შესახებ, რომ Tesla-ს ავტომობილების გაყიდვები გასულ თვეში კვლავ შემცირდა, მათ შორის გერმანიაში – 50 პროცენტით.
თუმცა, აქციონერთა 75%-მა გეგმას მხარი მაინც დაუჭირა. „აქციონერთა ფანტასტიკური ჯგუფი“, – თქვა მასკმა შედეგების გამოცხადების შემდეგ და დაამატა: „კარგად შეინახეთ Tesla-ს აქციები“.
ბიზნესმენმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები მას ისევ ენდობიან, მიუხედავად Tesla-ს გაყიდვების, საბაზრო წილისა და მოგების შემცირებისა. თანაც, დიდწილად ეს ყველაფერი სწორედ მასკის ბრალია.
სხვადასხვა შეთქმულების თეორიებში და პოლიტიკაში მისი ჩართულობის გამო კომპანიამ ძალიან ბევრი მომხმარებელი დაკარგა.
კრიტიკოსები დირექტორთა საბჭოს მასკზე დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.

ახალი აქციები მასკს საშუალებას აძლევს გახდეს ტრილიონერი, მაგრამ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ასე მარტივი არ იქნება.
მასკს მოუწევს შეასრულოს დირექტორთა საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული რთული ოპერაციული და ფინანსური ამოცანები, რომელთა შორისაა კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის თითქმის ექვსჯერ ზრდა.
