დიდ ბრიტანეთში 70 წლის გერი მაკდუგალმა სასამართლოს მიმართა, რათა გაასაჩივროს დედის – ჯინ მაკდუგალის ანდერძი, რომელმაც იგი მრავალმილიონიანი მემკვიდრეობის გარეშე დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.
მაკდუგალი ვარაუდობდა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, 2020 წლის აპრილში, დაახლოებით ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებდა. თუმცა ჯინ მაკდუგალმა, რომელიც მილიონერი იყო, 2011 წელს შედგენილ ბოლო ანდერძში ვაჟი მემკვიდრეობიდან სრულად გამორიცხა.

ოჯახის წევრების ნაწილის ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება მისმა ქცევამ განაპირობა – 2008 წელს გერი ღალატში ამხილეს, რამაც დედის უკმაყოფილება გამოიწვია. თავად მაკდუგალი აღიარებს, რომ იმ პერიოდში ოჯახური სკანდალი ნამდვილად მოხდა, თუმცა აღნიშნავს, რომ იმავე წელს შედგენილ სხვა ანდერძში ქონება თანაბრად ნაწილდებოდა მასზე, მის დას სანდრა თომასსა და სიძეზე – ლოიდ თომასზე. მისი თქმით, თუ დედა განაწყენებული იქნებოდა, ამას პირდაპირ ეტყოდა.
მამაკაცი დარწმუნებულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა მისმა დამ მოახდინა. თავის მხრივ, სანდრას და მისი მეუღლის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ წლების განმავლობაში დედისა და ვაჟის ურთიერთობა დაიძაბა, მაშინ როცა ჯინი ქალიშვილთან განსაკუთრებით ახლოს იყო. გარდა ამისა, 2011 წლისთვის გერი უკვე ფლობდა საოჯახო ბიზნესს და მშობლების რამდენიმე უძრავ ქონებას.

საქმის განხილვისას გაირკვა, რომ სანდრამ და ლოიდ თომასმა ჯინის სიცოცხლეში დაახლოებით 1,6 მილიონი ფუნტი პირადი საჭიროებებისთვის დახარჯეს. ისინი თანხის გამოყენებას აღიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ამას უკანონოდ არ მიიჩნევენ, რადგან საბოლოოდ ეს ქონება მათ უნდა დარჩენოდათ.
სასამართლო პროცესი გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა.