სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ „ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წინა პლანზე წამოიწიოს იმ ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს, ზეადამიანად გახდომის ამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა“.
როგორს ეპისტოლეში წერია, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც ინტერნეტმა მოიცვა მსოფლიო, ახალი ერა დაიწყო. ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში, ახლა უკვე საოცარი პროგრესია მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიად სერიოზულმა გამოწვევებმაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ყველანი დედამიწის, როგორც უკვე ერთიანი საერთო სივრცის ნაწილნი, ყოფით ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოვჩნდებით.
„დღეს სხვა დროა, იტყვის მავანი. ჩვენ სხვა სამყაროში შევაბიჯეთ და ის, რაც ადრე იყო მისაღები და მოსაწონი, თანამედროვეთათვის მოძველებულია და არაფრისმომცემი. გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს და იგი, ჩვენის აზრით, მხოლოდ ერთია: ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წინა პლანზე წამოიწიოს იმ ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს; ზეადამიანად გახდომის ამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა.
„სიცოცხლე ან სიკვდილი“, – ამ არჩევანის წინაშე აღმოჩნდა დღეს ადამის მთელი მოდგმა. ასეთი მასშტაბური და ყოვლისმომცველი ნაბიჯი მანამდე არ გვქონია გადასადგმელი. „აირჩიე სიცოცხლე,“ – მოგვიწოდებს მოციქული. მორწმუნეთათვის ეს ნიშნავს მცნებების დაცვით უფლის მიმსგავსებას, მაღალზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ნიშნავს ღვთის სადიდებლად სხვისთვის ცხოვრებას, რათა შემდეგ ცათა სასუფევლის მკვიდრნი გავხდეთ და მარადიულად ღმერთთან ვმყოფობდეთ. ათეისტებისათვის კი, ასეთი აზროვნება გაუგებარია და მიუღებელი, რადგან ისინი ეყრდნობიან ფორმულირებას: მჯერა ის, რასაც ვხედავ და არ მჯერა იმის, რაც უხილავია. ამიტომაც არც ღმერთის სწამთ, არც ჩვენი სულის არსებობის და არც მისი უკვდავების; ამასთან, მიიჩნევენ რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება, ამქვეყნიური კეთილდღეობის ნებისმიერი საშუალებით მიღწევას, ხშირ შემთხვევაში, არ ერიდებიან“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.