ძაღლებისთვის სამოსის გამოწერა უცხოური ვებ-გვერდებიდან აღარ დაგჭირდებათ – ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდა, რომელიც თქვენი ოთხფეხა მეგობრების ჩაცმულობაზე იზრუნებს. “მურია” პირველი ქართული ბრენდია, რომელიც ძაღლის ტანსაცმელზე, აქსესუარებსა და ავეჯზე მუშაობს.
როგორც ”ფორტუნას” ბრენდის ერთ-ერთმა შემქმნელმა მიშა ჩარკვიანმა განუცხადა, ”მურიას” მიზანია, მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას თქვენს ერთგულ მეგობრებს.
”სწორედ ამ მიზნით, პროდუქტს მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალისგან, ყველა სტანდარტის დაცვით ვქმნით. თითოეული მოდელი ხელნაკეთია და მზადდება საქართველოში. ამ ეტაპზე ვკერავთ როგორც ყოველდღიურ, ისე სადღესასწაულო სამოსს ძაღლებისთვის. ასევე აქსესუარებს: ბაფთებსა და ყელსაბამებს. ვმუშაობთ მათ ავეჯზეც- ამ დროისთვის მხოლოდ პუფებს ვამზადებთ, თუმცა სამომავლოდ სხვა სახის ავეჯის წარმოებასაც დავიწყებთ”, – აღნიშნა ჩარკვიანმა.
მისივე ინფორმაციით, ”მურიას” პროდუქცია ბაზარზე ერთი თვის წინ გამოჩნდა და საზოგადოების მხრიდან დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა. ”მოგეხსენებათ, ძაღლის პატრონებს მათთვის სამომისსა და აქსეუარების გამოწერა უცხოური საიტებიდან უწევთ, რაც დამატებით ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული. ასევე ძირი ჯდება უკვე ჩამოსული ტანსაცმლის ადგილზე შეძენა. ამიტომ, ”მურიას” პროდუქცია გაცილებით იაფი ჯდება. ამასთან, არის უმაღლესი ხარისხის. სწორედ ამ ფაქტს ვუკავშირებთ გაყიდვების მაღალ მაჩვენებელს”, – აღნიშნა ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
როგორც მიშა ჩარკვიანმა განმარტა, ”მურიას” სამოსი ამ ეტაპზე სოციალური ქსელის მეშვეობით იყიდება. ნივთების ღირებულება 15 ლარიდან იწყება და 97 ლარამდე ადის.
ცნობისთვის, ძაღლების სამოსის ბრენდი ”მურია” ოთხმა მეგობარმა: თეონა ლეჟავამ, მიშა ჩარკვიანმა, ნუცა გუჩაშვილმა და ირაკლი კაკაბაძემ შექმნეს.