ნატუკა გულისაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს, როგორ გაზარდა მარტომ ქალიშვილი და რა სიძნელეები გადახდა, როგორც მარტოხელა დედას.
შვილი მარტომ გაზარდეთ. გვიამბეთ, რას საქმიანობს, როგორი ადამიანი დადგა.
ნატუკა გულისაშვილი:
მყავს ერთი ქალიშვილი, 27 წლის ანა ბახტაძე. არ უყვარს საჯაროდ კამერების წინ გამოჩენა. სულ ორჯერ მახლდა ტელევიზიაში, ერთხელ – დედის დღეს და ერთხელაც – 8 მარტს. არასდროს უნდოდა მსახიობობა. პატარას როცა ეუბნებოდნენ, ანა, შენ მსახიობი გამოხვალო, პასუხობდა, არა, მე მაყურებელი ვიქნებიო. მართლაც, კარგი მაყურებელია.
მრავალფეროვანი ინტერესები აქვს, ხელოვნებათმცოდნეა, სინქრონისტი, გერმანისტი. ამჟამად მუშაობს გრაფიკულ დიზაინზე. რადიკალურად განსხვავებულები ვართ ხასიათებით, ტემპერამენტით. კარგი სმენა აქვს, შესანიშნავად მღერის, მაგრამ მხოლოდ თავისთვის, შინაურულად. გათხოვილი არ არის. ჩემნაირად გიჟდება ცხოველებსა და მცენარეებზე.
ახლა, როცა უკვე შემდგარია თქვენი შვილი, როგორ გახსენდებათ მარტოხელა დედობის გზა?
იმ პერიოდში ცხოვრება ზოგადადაც რთული იყო, მაგრამ, როცა ადამიანი ჯანმრთელი ხარ, გაქვს ორი ხელი, ორი ფეხი და თავი, არ უნდა იწუწუნო. კეთილი უნდა ინებო, ხელი გაანძრიო და შენი გასაკეთებელი გააკეთო. თეატრში ვმუშაობდი, მაგრამ იმ დროს თეატრში ხელფასი მიზერული იყო. მე კიდევ მყავდა დედა და პატარა ბავშვი, ამიტომ ღამით ვაცხობდი ნამცხვრებს და დილით ვაბარებდი. მერე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან პატარა ჯიხურში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია მქონდა და მთელი დღე იქ ვიყავი. საღამოს სპექტაკლს ვთამაშობდი “სარდაფში”, ღამით ისევ ვაცხობდი და ასე რუტინაში გადიოდა დრო.
არანაირი შრომა არ მეთაკილებოდა. ხშირად მაღაზიაში შემოსული მყიდველები მცნობდნენ, მეკითხებოდნენ, თქვენ მსახიობი ხომ ხართო. დიახ-მეთქი, ვპასუხობდი და სულ არ მრცხვენოდა.
ადამიანი ამპარტავანი არ უნდა იყო, რწმენა უნდა გქონდეს. როცა ცხოვრებაში რაიმე ცუდი ხდება, ის მუდმივად არ გაგრძელდება, აუცილებლად შეიცვლება. ამ ყველაფერს რომ გაივლი, ძლიერდები, მერე აღარაფრის გეშინია, მზად ხარ ბრძოლისთვის. როცა ჩემს ცხოვრებაში საქმეები სიკეთისკენ შეიცვალა, იმ წლებს მადლობა გადავუხადე, რომ მასწავლა გაჭირვებასთან გამკლავება, ძლიერ ქალად მაქცია.
ინტერვიუ ვრცლად.