LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნოე მართლა ნიჭიერი ბავშვია, არა იმიტომ, რომ ჩვენი შვილია… თუ ჩვენს პროექტს შემოუერთდება, სახელიც მოფიქრებული მაქვს, „ლენონი“, ანუ ლეო, ნოე და ნინი…“ – დუეტი „ლეონი“ სიმღერის პრემიერით და სამომავლო გეგმებით „არ დაიდარდოში“

189
დუეტი-ლეონი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ დუეტი „ლეონი“ სტუმრობდა, გადაცემის სტუმრებმა კარიერულ სიახლეებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მსმენელს ახალი ნამუშევარი „ნუ დარდობ“ წარუდგინეს.

ძალიან დიდი წარმატება მოგიტანათ თქვენმა ოჯახურმა დუეტმა, ვის ეკუთვნის პროექტის „ლეონი“ იდეა?

ლევანი: ნამდვილად ასეა და ძალიან მიხარია, რადგან ხომ იცით, ისე არაფერი მოდის, ეს არის ძალიან დიდი შრომის, ძალიან დიდი ფიქრის ნაყოფი, ჩემს ძალიან მაგარ გუნდთან ერთად. არ შემიძლია, რომ არ ვახსენო ჩემი გუნდი, განსაკუთრებით, ერეკლე დიდია. დუეტ „ლეონის“ საწყისი ეტაპი იყო ჩემი ენთუზიაზმი, რადგან მე ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი.

ლევან, ადვილად დაითანხმე შენი მეუღლე?

ნინი: სხვა გზა არ დამიტოვა (იცინის). თავიდან გამიჭირდა დათანხმება, რადგან რთულია, როცა პროფესიონალი ადამიანის გვერდით უნდა დადგე. ფართო აუდიტორიასთან მუშაობა არ იყო მარტივი ამბავი.

ბავშვს თუ აქვს მუსიკალური მონაცემები, ტრიოს თუ გეგმავთ?

ლევანი: ნოე მართლა ნიჭიერი ბავშვია, არა იმიტომ, რომ ჩვენი შვილია. უყვარს სპორტიც, მუსიკაც, ცეკვაც, მაგრამ რეალურად, რა უნდა, არ იცის.

ნინი: ნოე ისეთი მოუსვენარია, სცენაზე ამის გაჩერების საშუალება არ გვექნება.

თქვენ თუ გაქვთ სურვილი, რომ მუსიკალურ გზას დაადგეს?

ლევანი: რატომაც არა, ვნახოთ, მისი არჩევანია. თუ ჩვენს პროექტს შემოუერთდება, სახელიც მოფიქრებული მაქვს, „ლენონი“, ანუ ლეო, ნოე და ნინი.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ლევანი: დუეტი „ლეონი“ არ ჩერდება, მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს. გვაქვს ჩამოწერილი სიმღერები, რაც უნდა გავაკეთოთ. ასევე, მაქვს ახალი პროექტი „ერეკლეონი“. მე და ერეკლემ ჯგუფში დავიმატეთ „სეიშენის“ ლაშა და თათია დვალიშვილი და გიტარისტი ლუკა გელაშვილი. წელს, დაიგეგმა ჩვენი ძალიან მაგარი, გრანდიოზული სოლოკონცერტი, რომელიც ურეკში ჩატარდა. მთავარი ხაზი ის იყო, რომ ელექტრონული მუსიკის და ქალაქური მუსიკის სინთეზი გავაკეთე და ძალიან მაგარი გამოვიდა. აუცილებლად დაიგეგმება სხვა კონცერტებიც. 1-ელ ოქტომბერს, ქუთაისში გვაქვს კონცერტი.

რაც შეეხება გასვლით კონცერტებს, მივდივართ ისრაელში, ასევე გვაქვს მოლაპარაკებები და საბერძნეთში ვგეგმავთ კონცერტს.

სხვათა შორის, დავითვალეთ და ხუთ წელიწადში, დუეტ „ლეონში“ 56 სიმღერა გვაქვს გაკეთებული, „ერეკლეონში“ 22, არანორმალურად რეკორდული მაჩვენებელია.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ნუ დარდობ“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ლევანი: ჩვენ ხომ რაღაცნაირად „ქავერების“ ეპოქაში ვართ და გვინდა, არ გვინდა, უნდა ავყვეთ ამ ტრენდს. ეს არის ჩემი და „სეიშენის“ ბავშვობის სიმღერა. ეს არის კოტე მალანიას სიმღერა, რომელიც 90-იან წლებში არის დაწერილი. ამას წინ, 5 წლის წინ ჩამოწერილი სიმღერების ჩამონათვალს წავაწყდი, ერთ-ერთი ეს სიმღერა მეწერა და აქამდე, რატომ არ მოხერხდა, არ ვიცი. ხალხისთვის უცნობი სიმღერაა, მაგრამ იმ სტუდიაში, სადაც ბიჭები დავდიოდით, ყველა ღიღინებდა. სიმღერა ბოშურ მოტივებზეა. ძალიან ლამაზი ტექსტია.

ნინი: მინდა დავამატო და მადლობა გადავუხადო ჩვენს მსმენელს, განსაკუთრებით ემიგრანტებს. ჩვენს სოციალურ ქსელში იმდენი საგულშემატკივრო შეტყობინება შემოდის, არ შემიძლია, არ შემიძლია, რომ ამ ფაქტს ხაზი არ გავუსვა. ყველა შეტყობინებას გულდასმით, სიყვარულით და სიხარულით ვკითხულობ. ძალიან დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის და დაფასებისთვის.

დუეტი ლეონი – ნუ დარდობ

გადაცემის აუდიოჩანაწერი

დუეტი ლეონი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები