იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატებს მოუწოდებს თუ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, გაასაჩივრონ.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით „პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი აბსურდია”.
„ვერავის განცხადება ვერ შეცვლის იმას, რომ თუ პირი რამეს დაარღვევს, სამართლებრივი რეაგირება იქნება. ვერ დაასახელებთ, ევროპულ სამართლებრივ სახელმწიფოში ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ თუ პირმა დანაშაული ჩაიდინა, იცით, რა კონკრეტულ სფეროს თუ წარმოადგენს, არ შეიძლება მასზე შეხება“, – აღნიშნავს ოხანაშვილი.
ამასთან, ოხანაშვილი აცხადებს, რომ პარტნიორებს არ უღიარებიათ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური ნიშნების არსებობა.
„ევროპულ ინტერესებს აზიანებს მხოლოდ ის, როდესაც სასამართლო სისტემაზე მიდის შტურმი და იერიში. ევროპულ ინტერესებს აზიანებს, როდესაც ყველა საქმის პოლიტიზირება ხდება. ევროპული ინტერესების შესაბამისია, როდესაც ადამიანი ჩადის დარღვევას და მასზე სამართლებრივი რეაგირებაა”,-აღნიშნავს ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ მისი სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს, 18 მაისს, 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე მედიის სოლიდარობის აქცია გაიმართება ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე:
სამადაშვილი: იმედი მაქვს, დღესვე გაერთიანდება საზოგადოება შეწყალების პეტიციის ხელმოსაწერად
აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ
რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში: ადვოკატი
