პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას ბევრ რამეში არ ეთანხმება, მაგრამ მისი დაპატიმრება “ცალსახად საერთაშორისო საზოგადოებისთვის ითარგმნება, რომ ყველაზე კრიტიკული ოპოზიციური არხის ხელმძღვანელი არის ციხეში”.
„ნიკა გვარამიას პირადად ვიცნობ და ძალიან ბევრ რამეში არ და ვერ ვეთანხმები. იმ პარტიასთანაც ბევრი პრობლემა მაქვს, რომლის ტელევიზიასაც ის ხელმძღვანელობს. არც თავად იზიარებს ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს მაინცდამაინც.
მაგრამ როგორი დამოკიდებულება გაქვს პირადად ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არის ერთი და რა შედის ქვეყნის ინტერესებში, მეორე.
მუხლი, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა სასჯელის გაცილებით მსუბუქ ფორმებსაც ითვალისწინებს, ჯარიმას ან შინაპატიმრობას. სასამართლომ კი ყველაზე მძიმე ფორმა პატიმრობა მიუსაჯა, რომლის გამოყენება არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, საჭირო არ იყო.
მე არ ვიცნობ საქმის მასალებს საკმარისად კარგად, რის გამოც გამიჭირდება ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი. მაგრამ ცალსახაა, რომ სასჯელის უმძიმესი ფორმის გამოყენება, საერთაშორისო საზოგადოებასთან შემდეგნაირად ითარგმნება, რომ ყველაზე კრიტიკული ოპოზიციური არხის ხელმძღვანელი არის ციხეში. ეს კი რამდენად აწყობს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას, რთული მისახვედრი არ არის.
შეიძლება ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს გულს ფხანდეს ვინმეს პატიმრობა, მაგრამ ერთ წრეზე სიარულმა და ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომამ, ბოლო 30 წელია, კარგი რომ არაფერი მოგვიტანა, ფაქტია.
წინა ხელისუფლების მმართველობიდან თუ რაიმე გაკვეთილი უნდა გამოგვეტანა არის, ის რომ დაპატიმრების და ციხის ენით საუბარი გვაშორებს ერთიანობის იდეას და დემოკრატიულ მომავალს.“, – წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე:
აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ
რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში: ადვოკატი