LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო გიორგაძე: „რამდენიმე თვის წინ, თითქმის შეუძლებელი იყო პროგნოზი, კვლავ შევძლებდი თუ არა, ამ გუნდთან ერთად ისევ აქტიურად ყოფნას… მადლობა ფეხბურთს, ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს, ფეხბურთში ჩართულ იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ყოველდღიურად ვმუშაობ…“

138
ოთო გიორგაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სპორტული ჟურნალისტი ოთო გიორგაძე მძიმე დღეებზე წერს, როდესაც მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა. ოთოს გვერდზე მთელი ნაკრები დაუდგა, დღეს ის თავს კარგად გრძნობს და ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებს ახლავს თან.

ოთო იმ ემოციებს გვიზიარებს, რომლებიც ახლა იპყრობს:

„რამდენიმე თვის წინ, თითქმის შეუძლებელი იყო პროგნოზი, კვლავ შევძლებდი თუ არა, ამ გუნდთან ერთად ისევ აქტიურად ყოფნას, იგივე საქმის კეთებას და ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ადამიანების გარემოცვაში კვლავ დაბრუნებას.

დაბრუნება შედგა, ამ ყველაფერს თითქმის 10 თვე დასჭირდა, სექტემბერში ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, შემდეგ იყო ხანგრძლივი ბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, ზოგჯერ უიმედოც, თუმცა მაინც ოპტიმისტური….. სწორედ ფეხბურთის და ფეხბურთში ჩართული ადამიანების დიდი მხარდაჭერითა და დახმარებით ჩვენ ეს შევძელით…

ყველა შეტყობინება, მხარდამჭერი ჟესტი მარწმუნებდა, რომ ამ ადამიანების გარემოცვაში შეუძლებელი არაფერი იყო. მარტის პლეი-ოფის ფინალში, თერთმეტმეტრიანების სერიის დროს სათადარიგოთა სკამის სიახლოვეს ვიყავი, ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა შემძლებოდა გუნდთან ერთად ყოფნა, შემდეგ რაც მოხდა, როგორც ბევრ გულშემატკივარს, მხოლოდ საუკეთესო ეპიზოდები მახსოვს. ნაკრების მოთამაშეებმა ამ გამარჯვებით მარტშივე გვითხრეს, რომ ყველაზე გამორჩეული ზაფხული გველოდა…. დღეს, ყველა ერთად, უკვე რამდენიმე საათში დაგეგმილი ევროდებიუტისთვის ვემზადებით.

მადლობა ფეხბურთს, ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს, ფეხბურთში ჩართულ იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ყოველდღიურად ვმუშაობ. ეს ნამდვილად სპორტის გუნდური სახეობაა, სადაც ყველა ადამიანს თანაბარი როლი აქვს.

ამ ინტერვიუს გმირები, ყველაზე კარგად გვაჩვენებენ წარმატების მიზეზს და გვახსენებენ, რომ ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობთ…

საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატი იწყება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები