ათწლეულების განმავლობაში, მადონასა და ელტონს ჯონს შორის არსებული უთანხმოება დასრულდა.
ცნობილია, რომ საკულტო არტისტებს შორის შუღლს საფუძველი 2000-იანი წლებიდან, ჯონმა ჩაუყარა. 2002 წელს, მან მადონას სიმღერა – Die Another Day ,,ჯეიმს ბონდის” ფილმებისთვის შექმნილ ყველაზე ცუდ მუსიკალურ თემად დაასახელა.
მაშინ ,,პოპის დედოფალს” უფროსი კოლეგის კომენტარისთვის ყურადღება არ მიუქცევია, 2004 წელს კი კონფლიქტი კვლავ ჯონმა გააღვივა, როცა Q Awards-ზე სიტყვით გამოსვლისას, მის მიმართ უპატივცემულობა საჯაროდ გამოხატა. მან მადონა მსმენელის მოტყუებასა და სცენაზე ლაივ პერფორმანსის დროს, ტუჩების სინქრონიზაციაში დაადანაშაულა.
ლეგენდარული მუსიკოსების მტრობა, ამით არ დასრულებულა. 2012 წელს, განხეთქილებაში ჯონის მეუღლე, დევიდ ფერნიში ჩაერთო და საყვარელ მამაკაცს მხარდაჭერა გამოუცხადა ,,ოქროს გლობუსზე” იმავე ნომინაციაში დამარცხებისთვის, რომელშიც გამარჯვებულად მადონა დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ მთელი ამ დრამის მიუხედავად, მადონას უკმეხად ელტონ ჯონზე არასდროს უსაუბრია. ის თემის კომენტირებისას აქცენტს ყოველთვის ჯონის ღვაწლსა და მუსიკაში მის მნიშვნელობაზე აკეთებდა.
2016 წელს ელტონმა განაცხადა, რომ მადონასთან დაპირისპირებას წერტილი დაუსვა, მას შემთხვევით ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა და პირადად ბოდიშიც მოუხადა.
მათი ერთობა თვალშისაცემი მხოლოდ გასული უიკენდის შემდეგ აღმოჩნდა. ინტერნეტი ელვის სისწრაფით მოიცვა ფოტომ, რომელიც მადონამ გაავრცელა. სურათზე, ვარსკვლავური წყვილი SNL-ის კულისებშია აღბეჭდილი.
გაირკვა, რომ მადონა ,,შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში” სპეციალურად ჯონის სანახავად და მასთან შესახვედრად მივიდა.
შეხვედრა უდავოდ ემოციური გამოვიდა, რადგან მადონას მიერ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან ვკითხულობთ, რომ მან ჯონს შეცდომები აპატია.
,,პირველი, რაც ჩემი დანახვისას თქვა იყო – მაპატიე… და ჩვენს შორის კედელი ჩამოინგრა” – აღნიშნა მადონამ. მისივე თქმით, ელტონმა მისთვის სიმღერა დაწერა და მასთან კოლაბორაციის სურვილიც გამოთქვა ასე რომ წინ საუკუნის შერიგებასთან ერთად, საუკუნის თანამშრომლობაც გველის.