რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სტუმრობდა ახალი სიმღერის “შენთან მოვდივარ” პრემიერით.
„შენთან მოვდივარ“
მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, მაინც აქტიურად ვმუშაობ ახალი სიმღერების შექმნაზე. ახალი სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი თემო საჯაიაა, მასტერინგი და პროდიუსინგი კი, ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის. ცოტა ხნის წინ კომპოზიციის ვიდეო გამოვიდა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
არაჩვეულებრივი მუსიკოსების ბენდი შევკარი. რამდენიმე თვე ინტენსიურად ვიმუშავეთ, ძველი სიმღერების ახალი ვერსიები გავაკეთეთ და ვფიქრობ, მზად ვართ სერიოზული კონცერტებისთვის. ჩვენ მხოლოდ საავტორო მუსიკას ვაკეთებთ და არასდროს ვთავაზობთ მსმენელს ქავერებს. მეტიც, ნებისმიერი სიმღერა განსაკუთრებული რუდუნებით იქმნება, ამიტომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ახლო მომავალში პირველ კონცერტს ჩავატარებ ახალ ბენდთან ერთად, იმედი მაქვს, საღამოებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით მოვაწყობთ.
„წვიმა მოგონებებს ასველებს“
ყველა სიმღერასთან განსხვავებული ემოციები მაკავშირებს, თუმცა განსაკუთრებით მაინც „წვიმა მოგონებებს ასველებს” მიყვარს, რომელიც დღემდე ჩემი ყველაზე პოპულარული სიმღერაა. მართალია, ძალიან დავიღალე, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ მახსენდება სიმღერაზე მუშაობა, ჯერ ჩაწერა, მერე ვიდეოს გადაღება, მით უფრო, რომ იმ პერიოდში პირველ შვილზე ვიყავი ორსულად. სიმღერის გამოსვლიდან ერთ კვირაში ლიზა გავაჩინე, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანი და ემოციური ნამუშევარია ჩემს ცხოვრებაში.
შვილები
მიხარია, რომ ჩემს შვილებსაც აქვთ მუსიკალური მონაცემები. ლიზა უკვე 21 წლისაა, არ მოინდომა მუსიკის პროფესიად ქცევა, ამიტომ არც მე დავაძალე. სიმართლე ვთქვა, ძალიან არ მომწონს, როცა ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე აყენებენ სცენაზე და აიძულებენ სიმღერას. კარგი მონაცემები აქვს ნატაშკასაც, თუმცა არც მისთვის ვაპირებ არაფრის დაძალებას.
ბიზნესი
რამდენიმე წელია, საკუთარი ბიზნესი მაქვს. მართალია, როცა დავიწყე აბსოლუტურად გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ დღეს ცოდნაც საკმარისი მაქვს და გამოცდილებაც. ბიზნესი პანდემიის დროს წამოვიწყე და მიხარია, რომ იმაზე მეტის გაკეთება შევძელი, ვიდრე წარმოვიდგენდი. მართალია, ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთაც იყიდება, მაგრამ ახლა გააქტიურებასა და ბაზრის გაფართოებას ვგეგმავთ.