რიო-დე-ჟანეირომ 2026 წლის დადგომა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საახალწლო ზეიმით აღნიშნა. გინესის რეკორდების წიგნის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი წლის ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიება სწორედ ბრაზილიის აღნიშნულ ქალაქში გაიმართა.
რიოს ერთ-ერთ მთავარ ლოკაციაზე – კოპაკაბანას ცნობილ პლაჟზე, ახალი წლის ღამეს დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანი შეიკრიბა. რეკორდის დაფიქსირებისას გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ დამსწრეთა რაოდენობა, არამედ ღონისძიების კულტურული დატვირთვა და გასართობი პროგრამის მასშტაბი.
საახალწლო ღამისთვის პლაჟზე სამი დიდი სცენა მოეწყო, სადაც მუსიკალური შოუ-პროგრამები მიმდინარეობდა. ღონისძიების კულმინაცია 12 წუთიანი ფეიერვერკი გახდა, რომელიც 19 მცურავი პლატფორმიდან გაუშვეს. პარალელურად ცაში 1200 დრონის მონაწილეობით სინქრონული შოუც გაიმართა.
რიო-დე-ჟანეიროს მერიის ინფორმაციით, 2,5 მილიონი ადამიანი მხოლოდ კოპაკაბანაზე იმყოფებოდა, მაშინ როცა სხვა ცენტრალურ მოედნებსა და უბნებში მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეთა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 5 მილიონს მიაღწია.
ქალაქის ხელისუფლების შეფასებით, წლევანდელი ზეიმი არა მხოლოდ ტურისტული, არამედ კულტურული თვალსაზრისითაც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო ქალაქის ისტორიაში.