LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ და რატომ დაიკლო დათო ფორჩხიძემ 20 კილოგრამი: „23-საათიან შუალედებს ვაკეთებდი ჭამასა და ჭამას შორის, მერე მითხრეს, რომ ეს არ შეიძლებოდა…“

116
დათო ფორჩხიძე

დათო ფორჩხიძე მუსიკალურ სცენაზეც და მის მიღმაც აქტიური და აქტუალური რჩება რამდენიმე ათეული წელია. მის სიმღერებს ყოველი ახალი თაობა ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ხოლმე და ისევ ისეთივე პოპულარობას ინარჩუნებს, როგორც 30 წლის წინ, როდესაც „სახის“ რეპერტუარი იბადებოდა და ქართულ მუსიკალურ სფეროს ძირფესვიანად ცვლიდა.

ამჯერად რუსა მორჩილაძესა და გიორგი ძოწენიძესთან ერთად, დათო ფორჩხიძე „რუსთავი 2“-ის ახალი მუსიკალური შოუს, „საქართველოს ხმა“ ჟიურის წევრია და კიდევ ერთხელ შეეცდება, ახალი ტალანტები აღმოაჩინოს.

გადაცემის გადაღებებზე დათომ უამრავი კომპლიმენტი მიიღო, რადგან საუკეთესო ფორმაშია. როგორც fortuna.ge-ს ექსკლუზიურად გაუმხილა, ბოლო პერიოდის განმავლობაში 20 კილოგრამი დაიკლო.

დათო ფორჩხიძე:

გავხდი ისე, როგორც გავხდი და სხვებიც როგორ უნდა გახდნენ, იცი? პირი უნდა ამოიკეტონ (იცინის). ადრე ვჭამდი და ამიტომ მოვიმატე… შევეცადე, რაღაც კალორიების მეტი არ მიმეღო და ამას დავუმატე ფიზიკური აქტივობა. როცა ჩემი შვილი, ნანუკა პარიზში წავიდა სასწავლებლად, გადავწყვიტე, სიგარეტისთვის თავი დამენებებინა. ვიცოდი, რომ მოვიმატებდი. თქვენ კი გახსოვართ ყველას ასეთი, მაგრამ ჩემს შვილებს არ ახსოვთ, როგორი ვიყავი, როცა არ ვეწეოდი და როგორი ვიყავი გამხდარი (იღიმის). ჩემს შვილებს ვუყვებოდი, სიგარეტს არ ვეწეოდი და გამხდარი ვიყავი-მეთქი… რაც მთავარია, ეს ყველაფერი ახლა უკვე საკუთარი თვალით ნახეს. 20 კილოგრამი დავიკელი. არავითარი ქირურგიული ჩარევა არ გამიკეთებია და ორგანიზმი საფრთხის წინაშე არ დამიყენებია. ძალიან ბევრს დავდიოდი და ნაკლებს ვჭამდი. ადრე 100 მეტრის გაძუნძულების თავიც არ მქონდა, ახლა შემიძლია 3-4 კილომეტრი ნელ ტემპში ვირბინო და არ გავჩერდე. ფილტვებიც მიწყობს ხელს და წონაც. ამ ასაკიან კაცს ფეხზე ადგომისას 30 წამი მაინც მჭირდებოდა წელში გასასწორებლად, რადგან ჩემი ხერხემალი 20 კილოთი მეტს დაათრევდა. აღარ ვამბობ იმას, რომ ტანსაცმლის ჩაცმაც გიხარია და ჯანმრთელობაც უკეთესი გაქვს. საჭმლის გემოც ზეიმია ჩემთვის…

ახლა დიეტაზე ხარ?

არა, ჯანსაღ კვებაზე… საკვების ფასებზე არ დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ ტყუილია, რომ ჯანსაღი კვება უფრო ძვირია. დავთვალე და ასე არ არის. „ფასთ ფუდი“ უფრო ძვირია, თან, როცა ამას ჭამ, ნახევარ საათში გშივდება… ინტერნეტში ყველაფერია და კარგად გავერკვიე ამ თემებში.

ნანუკა გახარებულია, მისი წასვლის გამო რომ მიიღე ეს გადაწყვეტილება?

ნანუკა იმით არის გახარებული, რომ წარმატებას აღწევს. მას სურდა პარიზში ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსზე გამოსვლა, მაგრამ კასტინგზე დააგვიანა და უთხრეს, რომ გაისად შეუძლია. პარიზში არის ცნობილი მუსიკალური სასწავლებლის, ბერკლის ფილიალი, ჯაზაკადემია. იქაც შევსებული იყო ადგილები თითქმის, მაგრამ ერთ კვირაში დაურეკეს და უთხრეს, მიღებული ხარო. პირველ კურსზეა. გაიცნო ძალიან მაგარი მუსიკოსები… მეც ვიყავი და ვნახე, რომ აქვთ კონცერტები, არის წარმატებული და ბედნიერი.

შენთვის როგორია, როცა ქალიშვილი ახლოს არ გყავს?

ისეთ მუსიკაზეა გაზრდილი, რომ იქ უფრო კარგად გრძნობს თავს. თუ რაღაცას მიაღწევს, მერე ხომ გვიყვარს ქართველებს ადამიანების დაფასება (იღიმის). უნდა, თავისი საავტორო მუსიკა შექმნას…

როგორც საუბრის დაწყებამდე მითხარი, მეუღლე, ხატიაც შენს გზას მიჰყვა, – წონის კლების…

ხატია ექიმის, ენდოკრინოლოგის კონსულტაციას ითვალისწინებს. მე თავიდან ჩემს ჭკუაზე ვიარე და 23-საათიან შუალედებს ვაკეთებდი ჭამასა და ჭამას შორის, მერე მითხრეს, რომ ეს არ შეიძლებოდა… ერთ-ერთ შეხვედრაზე მეც ვიყავი ხატიას ექიმთან და ყველას ეუბნებოდა, პირი ამოიკერეთო… ზოგი ნერვული სტრესის დროს უფრო მეტად ჭამს და ვერ აკონტროლებს ამ მომენტს, მაგრამ ერთი კვირაა პრობლემა, მერე უკვე ორგანიზმიც ეჩვევა. თუ ტკბილი მინდა, ერთ ნაჭერს შევჭამ… ასე მივეჩვიე, რომ მივიღო, რაც მინდა, ოღონდ მცირე დოზით. ქირურგიული ჩარევის გარეშე პატარავდება კუჭი… დალიეთ ბევრი წყალი, სალათის ფურცელი, ბევრი კიტრი-პომიდორი შეჭამეთ, რადგან თვალიც „ჭამს“…

დათო, ახლა ვართ „საქართველოს ხმის“ გადაღებებზე, სადაც ჟიურის წევრი ხარ… როგორი პროექტი იქნება?

რამდენ პროექტში არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთ შოუში – არასდროს. საქართველოში ნიჭიერი მომღერლების ცვენაა, თუ თავიანთ ნიჭს სწორად წარმართავენ, კარგი იქნება. როგორც ჟიურის წევრი, არც ერთ პროექტში არ ვიყავი სუსტი რგოლი, მაგრამ ახლა ისეთი ადამიანები არიან ჩემ გვერდით, ბოლომდე გამხსნეს. როცა რაღაცას ვამბობ, მათთან უნისონშია ჩემი ფიქრები, რომლებიც სწორი მგონია. ჩვენ ვაფასებთ მუსიკისთვის და არა საკუთარი თავის წარმოჩენისთვის…

magti 5g