LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გახდა აშშ-ში სტუდენტი 36 წლის ასაკში ვახო ბიჭიკაშვილი: „გენატრება მეუღლე, შვილები, მშობლები, საყვარელი ადამიანები. უფრო, დღესასწაულებზე მაქვს შემოტევები, როცა მინდა, მეგობრებთან ჩაჯდომა, ცოლ-შვილთან ერთად დასასვენებლად წასვლა…“

726
page

ყველასათვის საყვარელი მსახიობი ვახო ბიჭიკაშვილი უკვე დიდი ხანია ამერიკაში აგრძელებს ცხოვრებას. 36 წლის ასაკში სტუდენტიც გახდა, არაერთი ღონისძიების წამყვანობაც ითავა და რამდენიმე კომპანიის სოცმედიობაც შეითავსა. მართლია, თავიდან რთული იყო სამშობლოდან შორს თავის დამკვიდრება, მაგრამ როგორც თავად ამბობს, დღეს საკმაოდ დატვირთულია და ნოსტალგიისთვის დრო, პრაქტიკულად, არ რჩება.

ვახო ბიჭიკაშვილი ამერიკულ ცხოვრებაზე ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– მახსოვს, როცა მიდიოდი ამბობდი, მალე დავბრუნდებიო, თუმცა დიდხანს მოგიწია სამშობლოდან შორს ყოფნა.

– ნამდვილად არ მქონდა განსაზღვრული ამდენი ხანი ამერიკაში დარჩენა. უბრალოდ, ისე მოეწყო ჩემი ჩამოსვლისთანავე, რომ დაგეგმილზე მეტი დრო დასჭირდა ყველაფერს. პასუხისმგებლობებს რომ იღებ და საქმეში ერთვები, დროს ვეღარ გრძნობ, ისე გარბის. თან, ამ ყველაფერს დაემატა ჩემი სასწავლო პროცესი, რომელმაც გადასწია ჩემი საქართველოში წამოსვლის ამბავი. სტუდენტური ვიზით ვარ აქ და როგორც სტუდენტს, მაქვს ვალდებულება უნივერსიტეტთან – რაღაც დროის განმავლობაში უნდა ვიყო შეერთებულ შტატებში და მერე შემეძლება თავისუფლად გადაადგილება, სადაც მინდა და როგორც მინდა. მოკლედ, რომ ამბობენ „მარადმწვანე“ სტუდენტიო, მე ეს სტატუსი გავამართლე (იცინის).

– ამერიკაში ცხოვრება არ ჯდება იაფი. სწავლის პარალელურად, რას საქმიანობ?

– კონკრეტული სამსახური არ მაქვს, ქართულ კომპანიებზე ვმუშაობ. აქ არსებული ქართული კომპანიებიდან მაქვს შეკვეთები და სოციალური განხრით ვმუშაობ. ასე რომ, რამდენიმე კომპანიის სოცმედია ვარ, რომლებსაც სარეკლამო რგოლებს ვუკეთებ. ასევე, გვაქვს ჩვენი „ჯეოპროდაქშენი“, გასართობით-შემეცნებითი არხი „იუთუბიზე“, რომელიც აქ მოღვაწე წარმატებულ ქართველებზე აკეთებს სიუჟეტებს და აცნობს მათ ფართო საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანაში. ამასთანავე, ქორწილები, ივენთები, სხვადასხვა ღონისძიებები, ნათლობები, წვეულებები, სადაც მიწვევენ წამყვანად და ჩვეულებრივად, ვაგრძელებ იმ პროფესიას, რაც საქართველოში მქონდა. რადგან ვსწავლობ, არ მაქვს მუშაობის უფლება იმ დატვირთვით, როგორც სხვა ემიგრანტები მუშაობენ. გამოყოფილ საათებში კი, რასაც უნივერსიტეტის შემდეგ ვახერხებ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვმუშაობ. მოკლედ, ჯვარი მწერია და ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურადაა. თუმცა, რასაკვირველია, სირთულეებიც არის.

– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ტელევიზიას, სადაც საკმაოდ დიდი პერიოდი იმუშავე, სხვა ხიბლი აქვს.

– დიდი ხანი რომ ტელევიზიაში მუშაობ და კამერის წინ დგახარ, არ არის მარტივი მის გარეშე ყოფნა. მენატრება ჩემი საქმიანობა, რასაც ცოტა დრო ნამდვილად არ დავუთმე – 25 წელი ვიმუშავე ტელევიზიაში. ჩემთვის დღემდე საყვარელი სფერო და საქმიანობაა. რასაც აქ ვაკეთებ, ამ სფეროდან შორს არ არის, მაგრამ ის პრაქტიკული ტელევიზია, მაინც სულ სხვაა და რა თქმა უნდა, მაქვს მონატრება ადამიანების, ურთიერთობების, რაც საქართველოში ამდენი ხნის განმავლობაში მქონდა. პირველი ექვსი თვე, როცა ემიგრაციაში იწყებ ცხოვრებას, ადამიანისთვის, ერთგვარი სულიერი კარანტინის პერიოდია. შეიძლება, კონკრეტული ქართული კერძი არ მოგენატროს, რადგან აქაც არანაკლებადაა ყველაფერი და არც ბუნებითა და სილამაზით ჩამორჩება, მაგრამ გენატრება მეუღლე, შვილები, მშობლები, თანამშრომლები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები. უფრო, დღესასწაულებზე მაქვს შემოტევები, როცა მინდა, მეგობრებთან ჩაჯდომა, ცოლ-შვილთან ერთად დასასვენებლად წასვლა. როცა მინდა, ჩემს გვერდით იყვნენ ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს. შვილებთან სოციალური ქსელით ყოველდღიური, საათობრივი კომუნიკაცია მაქვს, მაგრამ მათი სითბური ენერგია მაკლია. ის ნაღდი და ცოცხალი ენერგეტიკა, რაც მათ სიახლოვეს მოაქვს და მათგან ჩახუტებით მოდის. სხვა გზა არ არის. ახლა მამოძრავებს მიზნები და გეგმები, რომელიც უნდა შევასრულო. ამ მიზნებისკენ სწრაფვამ შემიმსუბუქა სიშორე და უერთმანეთობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g