LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოვხატოთ უარყოფითი ემოციები სწორად – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

714
სოფო-მოსიაშვილი

როგორ გამოვხატოთ უარყოფითი ემოციები სწორად – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა სოფო მოსიაშვილმა ისაუბრა.

რა არის ემოცია?

სულ თავიდან რომ დავიწყოთ, ემოცია – ეს არის ადამიანის რეაქცია, გარე მოვლენებზე. სულ 4 ბაზისური ემოციაა: სიხარული, დარდი, ბრაზი, შიში. ამ ოთხი ბაზისური ემოციიდან გამომდინარეობს შეგრძნებების და განცდების მთელი დიდი სპექტრი.

არსებობს პირველადი ემოცია, მაგალითად დაგვიყვირეს და ჩვენც ანალოგიურით ვუპასუხეთ, ყოველგვარი დაფიქრებისა და მსჯელობის გარეშე.

თუ ამ საფეხურზე დავრჩებით, რა თქმა უნდა წინ ვერ წავალთ. ბავშვები ძირითადად ამ ეტაპზე არიან, და ამიტომ გვიწევს ხოლმე მათთან ხშირად ამ საკითხებზე მუშაობა.

პირველი ეტაპი, როდესაც ვსაუბრობთ ემოციებზე არის გაცნობიერება-ამოხტომა საკუთარი თავიდან და შორიდან შეხედვა ამა თუ იმ მოვლენასა თუ ფაქტზე.

რა გამოვხატოთ ემოცია?

ემოცია – მთელი რიგი შინაარსებია ამ ერთ სიტყვაში.

რას ვგრძნობ? რას განვიცდი? ხშირად არც კი ვიცით როგორ ამოვიცნოთ ჩვენი ემოციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან ერთად როგორ გამოვხატოთ ისინი სწორი გზით, ისე რომ არ დავაზიანოთ არც საკუთარი თავი და არც გარშემომყოფები.

ხშირ შემთხვევაში მოზარდები ემოციებს სხვადასხვა გზით გამოხატავენ. მაგალითად ყვირიან, საგნებს ისვრიან, ოთახში იკეტებიან, კარს აჯახუნებენ და ა.შ. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ იციან ალტერნატიული გზა, თუ როგორ შეიძლება გამოხატონ ეს ყველაფერი. მოგვიანებით კი ნანობენ საკუთარ საქციელს და თავს დამნაშავედაც კი გრძნობენ, რაც სხვადასხვა პრობლემებს წარმოქმნის.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტია ისიც, რომ მათ არ იციან როგორ გამოხატონ ემოციები და ყველაფერს გულში იტოვებენ, რაც მათ ძალიან ამძიმებთ. ხშირად არ ესმით სხვა ადამიანების ემოციებიც და ამის გამო უჭირთ ურთიერთობები. ეს და სხვა მრავალი ემოციებთან დაკავშირებული პრობლემა დღეს დღეობით ძალიან ბევრ მოზარდს აწუხებს.

რამდენად ვაცნობიერებთ ხოლმე იმ ემოციებს რომლებიც გვეუფლება?

დავაკვირდეთ ჩვენს შეგრძნებებს და იმას თუ რა ემოციას იწვევს ჩვენში ესა თუ ის მოვლენა.

შემდეგი ნაბიჯი კი არის განცდა და გამოხატვა, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე, რის გადალახვაც გვიწევს, არის ამ ემოციების სწორი გზით გამოხატვა, თორემ კარის ჯახუნი, ყვირი, ნივთების მტვრევა და აგრესია, რა თქმა უნდა არ არის ადეკვატური რეაქცია ამა თუ იმ მოვლენაზე.

ამის შემდეგ კი მოდის გაშვება, ანუ ემოციისგან განთავისუფლება.

მაგალითად, ამინდი ადამიანის ხასიათზე ახდენს გავლენას, მოდი დავიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ შევქმნათ ჩვენი შინაგანი ამინდი. ისეთი ამინდი, სადაც სულ მზე ანათებს.

ახლა კი მოდი განვიხილოთ მეორადი ემოციები, რომელიც გადის ჩვენს მსჯელობას, საღ აზრს, სადაც არ არის ინსტიქტური რეაქცია, აქ უკვე გონება ერთვება. რა მოვლენაზე როგორი რეაქცია მექნება, მე თვითონ ვწყვეტ.

ვბრაზდებით, გვიხარია, გვწყინს თუ აღვფრთოვანდებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილებაა. მეორე პირი აქ მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. მან რაც არ უნდა გააკეთოს, თუ შენ არ გექნება შესაბამისი რეაქცია, ვერაფერს გახდება. თავად უნდა შექმნა, რაც გინდა დაინახო სამყაროში.

ჩვენ რასაც ვეძახით “უარყოფით ემოციებს” ეს რეალურად ჩვენი ძალიან კარგი გაკვეთილია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ

არ უნდა უგულებელვყოთ ესა თუ ის ემოცია, არ უნდა გადავყლაპოთ დაუღეჭავად, რადგან ეს სადღაც გროვდება.

და ბოლოს, გვახსოვდეს, როდესაც ჩვენ რაღაც ემოციას ვიკავებთ ის საბოლოოდ არსად არ მიდის, იგნორით ის არ გაქრება.