„როგორ მოვიქცეთ ბზიკის ნაკბენის დროს, შესაძლებელია თუ არა, ანაფილაქსიური რეაქციის თავიდან არიდება, რატომ იმატა ალერგიულმა რეაქციებმა, როგორ განვასხვაოთ ალერგიული და ვირუსული სიმპტომები, ვის აქვს ასთმის განვითარების რისკი, რა ეფექტს გვაძლევს იმუნოთერაპია“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ნანა მგალობლიშვილმა ისაუბრა.
ქალბატონო ნანა, ბოლო დროს, ბზიკის ნაკბენის შედეგად გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ვიცით, რომ სიკვდილი სწრაფად განვითარდა და ადამიანების გადარჩენა ვერ მოხერხდა. შეგვიძლია თუ არა თავის დაცვა ასეთ სიტუაციაში, რა პირველ დახმარებას შეგვიძლია მივმართოთ?
დიახ, სამწუხაროდ, მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგია ფატალური, ანაფილაქსიური რეაქციის, ალერგოლოგიაში ყველაზე რთულად მიმდინარე პროცესის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ, კვებითი ალერგენების და მედიკამენტური ალერგენების გვერდით. ამ ფატალური რეაქციის გამოწვევა შეუძლიათ დამნესტრავ მწერებს, რომელთაც დანესტვრის პროცესში, თავისი ტოქსინის ადამიანის ორგანიზმში ექსპოზიციის უნარი გააჩნიათ. რეაქცია ტოქსინის მიმართ ვითარდება. ამ დროს, რეაქცია რამდენიმე სახის შეძლება იყოს. ადგილობრივი რეაქცია, სიწითლე, რომელიც 10 სმ-ზე ნაკლები დიამეტრისა, ითვლება, რომ ნორმალურია. თუ ადგილობრივი რეაქცია სცდება 10 სმ-ს, ეს უკვე საყურადღებოა, განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ეს გახლავთ სისტემური რეაქცია. გვაქვს სისტემური რეაქციის ორი გამოვლინება, მაგალითად, გვაქვს კანის სისტემური რეაქცია, რომელიც არ ნიშნავს ანაფილაქსიას, თუმცა ამ დროს მთელი სხეული შეიძლება დაფარული იყოს ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარით, შეშუპებით, რომელიც ძირითადად ვლინდება ტუჩების, ენის, თვალების ირგვლივ, მტევნების, ტერფების არეში.
სახიფათო გახლავთ სისტემური ანაფილაქსიური რეაქცია, რა დროსაც, პროცესში ჩართული გახლავთ სხვადასხვა ორგანოთა სისტემა. ითვლება, რომ ანაფილაქსიისთვის დამახასიათებელი 40-მდე სხვადასხვა სიმპტომი არსებობს. ანაფილაქსიაზე ეჭვი უნდა მივიტანოთ, როდესაც პროცესში ორი ან მეტი ორგანოთა სისტემაა ჩართული, მხოლოდ კანის ჩართულობა არ ნიშნავს ანაფილაქსიას, მაგრამ თუ პაციენტს აქვს კანისმიერი გამოვლინება, რომელსაც ერთვის, მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი ხიხინი, ხველა, კუჭ-ნაწლავის მხრივ გამოვლინება, ღებინება, ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოვლინება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და სახიფათო სიმპტომია და რომელიც გულისხმობს, მაგალითად, წნევის ვარდნას, პულსის აჩქარებას, ასევე აღსანიშნავია უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, ეს უკვე საყურადღებოა, რადგან თუ ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოთა სისტემებიდან გვაქვს ორი ან მეტი გამოვლინება, ეს უკვე ანაფილაქსიაა.
ჩვენ შეგვიძლია იმ პაციენტების პრევენცია, რომელთაც ერთხელ უკვე ჰქონდათ მსგავსი ტიპის რეაქცია, 2 ან მეტი სისტემის ჩართულობა. ასეთმა პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ალერგოლოგს, რომ შეფასდეს სპეციფიკური იმუნოგლობულინები, სწორედ ამ მწერის ალერგენის მიმართ და დაიგეგმოს მართვა.
დაავადების მართვა, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ ყველა ასეთი პაციენტი შეიარაღებული უნდა იყოს ანაფილაქსიის დროს პირველი, ყველაზე მთავარი დამხმარე საშუალებით, ადრენალინით. არსებობს ადრენალინის ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ფორმა, აუტოინექტორი, ანუ მზა ე.წ. კალმისტარი, რომელიც ზოგავს დროს, რადგან აღარ არის საჭირო ამპულის გატეხა, შპრიცის მომარჯვება და ა.შ. სამწუხაროდ, აღნიშნული კალმისტრები ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული არ გახლავთ, თუმცა ნებისმიერ ალერგოლოგს შეუძლია უცხოენოვანი რეცეპტის დაწერა, რომ შეძლოთ მათი შეძენა მეზობელ ქვეყნებში, თუნდაც თურქეთში ან ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში.
თუ პაციენტს არ აქვს ე.წ. ადრენალინის აუტოკალმისტარი, მას ექიმის მიერ ეძლევა დანიშნულება ჩვეულებრივი ადრენალინის ამპულირებული ფორმის გამოყენებისა, სათანადო დოზით და საინიექციო ადგილის შერჩევით. აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იყოს ნასწავლი თუ როგორ უნდა მოხდეს ადრენალინის გამოყენება, რადგან სწორი დოზირება ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ პირველად გვაქვს შეხება ანაფილაქსიასთან, შესაბამისად, არ ვართ მომზადებულები, არ გვაქვს ადრენალინი და ა.შ. , როგორ უნდა მოვიქცეთ, უნდა დაუყოვნებლივ დავრეკოთ 112-ში თუ ჩვენი ძალებით ვცადოთ პირველადი დახმარების გაწევას?
რა თქმა უნდა, ამ დროს, აუცილებელია გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა და აუცილებლად უნდა დავრეკოთ 112-ში. მანამდე, სამწუხაროდ, პრაქტიკულად შიშველი ხელით არის პაციენტთან ახლოს მყოფი ადამიანი, თუმცა პირველი რიგის დახმარება, რაც შეგვიძლია, აღმოვუჩინოთ პაციენტს, არის ქვემო კიდურების, ფეხების ზემოთ აწევა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი, რასაც ფატალურ რეაქციამდე მივყავართ, არის წნევის ვარდნა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემის შექმნა, ასევე საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია, მივმართოთ ხელოვნურ სუნთქვას და გულის ხელოვნურ მასაჟს. თუკი პაციენტი გონზეა, შეუძლია ყლაპვა, შეგვიძლია, მივცეთ ანტიჰისტამინი ან შევუყვანოთ საინიექციო ფორმით. რა თქმა უნდა, ამ დროს, ანტიჰისტამინები პირველი რიგის პრეპარატები არ არის, თუმცა თუ გვაქვს, უფრო საინიექციო ფორმით, შეიძლება, იყოს გამოყენებული.
თუ ადამიანს ერთხელ მაინც ჰქონდა ეს პრობლემა, აუცილებელია კონსულტირებული იყოს ალერგოლოგის მიერ, რადგან გარდა ადრენალინისა, ასეთი პაციენტებისთვის არსებობს საუკეთესო გამოსავალი, იმუნოთერაპიის ჩატარება, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია, პაციენტი შევაგუოთ მწერის ტოქსინს, ალერგენს, რის შემდეგაც, ასეთი პაციენტი, უდიდეს პროცენტში, პრაქტიკულად, საფრთხის გარეშე გააგრძელებს ცხოვრებას.
უნდა გვახსოვდეს, რომ მწერის ნაკბენით ფატალური ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკია ადამიანებში, რომელთაც თან ერთვით სხვა ალერგიული დაავადებები, ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, კვებითი ალერგია და ა.შ. განსაკუთრებით საყურადღებო გახლავთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონდე პაციენტები, რომლებიც იღებენ ბეტა-ბლოკატორებს და აგფ ინჰიბიტორები, რადგან ისინი ბლოკავენ ადრენალინს და შესაბამისად, ზრდიან ფატალური ანაფილაქსიური რეაქციის რისკს.
ხშირად ვირუსის და ალერგიის სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, როგორ უნდა მოვახდინოთ მათი დიფერენცირება?
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სიმპტომების ხანგრძლივობა, ჩვეულებრივი ბანალური ვირუსი 3-10 დღე შეიძლება გახანგრძლივდეს. ასევე, მნიშვნელოვანია სიმპტომების სიხშირეც, რამდენად ხშირად მეორდება ის. ცხვირის მხრივ გამოხატული სიმპტომები რომ ავიღოთ, ვირუსული ინფექციაც და ალერგიაც თავიდან ძირითადად წყლისებრი, უხვი გამონადენით იწყება, თუმცა ვირუსული ინფექციის დროს, სადღაც მეორე-მესამე დღეს, უკვე ე.წ. მოყვითალო, შესქელებულ გამონადენს ვიღებთ.
ასევე, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გახლავთ ზოგადი სისუსტე, ცხელება, კუნთების ტკივილი, რაც ალერგიას არ ახასიათებს. ჩვენთან მოსული პაციენტები, ხშირად ამბობენ, რომ ალერგიაზე მიიტანეს ეჭვი, რადგან რაღაც უცნაურია, ვირუსს არ ჰგავს, რადგან აქვთ ქავილი. ალერგიას ახასიათებს ქავილი, თვალთან დაკავშირებული სიმპტომატიკა, გაძლიერებული ცრემლდენა, თვალების სიწითლე. სწორედ აღნიშნული სიმპტომები განასხვავებს ალერგიულ რეაქციას ვირუსული ინფექციისგან.
ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო სიმპტომია ხველა. ითვლება, რომ ბავშვთა ასაკში 2 კვირაზე ხანგრძლივი ხველა, მოზრდილთა ასაკში კი 10 დღეზე ხანგრძლივი ხველა ყურადღებას საჭიროებს. ხველა ყურადღებას საჭიროებს პირველივე დღეებში, თუ ის სისხლიანი ნახველით, მაღალი ცხელებით, გულ-მკერდის შებოჭილობით მიმდინარეობს.
ხველა ქრონიკულად ითვლება, თუ ბავშვთა ასაკში 4 კვირაზე ხანგრძლივია მიმდინარეობა, მოზრდილებში კი 8 კვირაზე ხანგრძლივი. ალერგოლოგიური პოზიციიდან, საყურადღებო და მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ქრონიკული ხველის ძირითადი გამომწვევი მიზეზი, პრაქტიკულად, 30 %-ში არის ალერგია და ისეთი დაავადება, როგორიც გახლავთ ასთმა. განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, 4 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით მიმდინარე ხველის უდიდეს ნაწილში სწორედ ასთმული პრობლემები დგას. მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ყველა ასეთი პაციენტი სპეციალისტის მიერ შეფასდეს, უნდა ინახოს ხომ არ გვაქვს ასთმისთვის დამახასიათებელი კლინიკო-ლაბორატორიული სურათი, მგრძნობელობა სხვადასხვა ალერგენების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დაიგეგმოს პაციენტის ალერგოლოგიური პროფილით მკურნალობა.
აღსანიშნავია ზედა სასუნთქი გზების პრობლემებით გამოწვეული ხველითი სინდრომიც, რომელთა დიდი ნაწილიც სწორედ ალერგიაზე მოდის. ალერგიული რინიტი, რინოსინუსიტი, ცხვირისა და ცხვირთან დაკავშირებული დანამატი წიაღების ლორწოვანი ანთება, რომელიც გამოწვეულია ალერგენით, განსაკუთრებით თუ ის ცხვირის უკანა ჩანადენით მიმდინარეობს, შესაძლოა, გახანგრძლივებული ხველის მიზეზი გახდეს.
გახანგრძლივებული ხველის უკან მოიაზრება ისეთი დაავადებაც, როგორიც გახლავთ გასტროეზოფაგური რეფლუქსი, როდესაც კუჭის მჟავე წვენის ამოდინება ხდება საყლაპავის ზედა ნაწილში, რომელიც ერთის მხრივ, მექანიკურად იწვევს ამ ხველითი რეფლექსის წარმოქმნას, მეორეს მხრივ კი, ხახაში არსებული მჟავე გარემო ხელსაყრელი პირობა გახლავთ სხვადასხვა მიკრობის შეჭრისთვის და მიკრობული თუ ვირუსული ინფექციის განვითარებისთვის.
როდესაც ცხვირის გაჭედილობა ძალიან შემაწუხებელია, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, როდის არის აუცილებელი, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, როდის არის ის გამყოფი ზღვარი, როცა უკვე აღარ შეიძლება ლოდინი და უმჯობესია, სპეციალისტთან დროული ვიზიტი, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები?
როგორც აღვნიშნეთ ბანალური ვირუსული ინფექცია გრძელდება საშუალოდ 3-7-10 დღე, ბავშვთა ასაკში მაქსიმუმ ორი კვირაც. თუ სიმპტომები ამაზე უფრო ხანგრძლივად გრძელდება, ეს უკვე ნიშნავს ექიმთან მიმართვიანობას. შესაძლებელია, ეს საწყის ეტაპზე არ ნიშნავდეს აუცილებლად ალერგიულ რეაქციას, მაგრამ ასეთ პაციენტთან ყურადღება გვჭირდება, რომ არ განვითარდეს ცხვირის დანამატი წიაღების ანთება, ქვემოთ ბრონქში რომ არ წავიდეს პროცესი, რომ არ განვითარდეს ფილტვების ანთება, თუ ეს ხველით მიმდინარე პროცესი გახლავთ.
რაც შეეხება ცხვირთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის დროსაც უნდა მივმართოთ ალერგოლოგს, გახლავთ განმეორებადობა, რადგან მოგეხსენებათ, ალერგიისთვის დამახასიათებელია შემაწუხებელი ჩივილების მყისიერად აღმოცენება, როგორც კი ალერგენთან გვექნება კონტაქტი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ სხვადასხვა სახის ალერგენები. სასუნთქი გზების პრობლემასთან ძირითადად გარემოს ალერგენები გახლავთ დაკავშირებული. სასუნთქ სისტემაში ალერგიული თვალსაზრისით აღმოცენებულ სიმპტომებზე პასუხისმგებელი გახლავთ საინჰალაციო ალერგენები, რომლებიც თავის მხრივ, იყოფა კარშიდა და კარგარეთა ალერგენებად. კარგარეთა ალერგენებს მიეკუთვნება მცენარეული ალერგენები, თავიანთი ყვავილობის პერიოდიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ მაისი-ივნისის პერიოდში, წლების განმავლობაში მეორდება ერთი და იგივე ცხვირთან, თვალებთან დაკავშირებული სიმპტომები, მაშინ კონკრეტულად ამ სეზონისთვის დამახასიათებელ ბალახებსა და მარცვლოვნებზე უნდა მივიტანოთ ეჭვი.
აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის პერიოდში ალერგიის ძირითადი მიზეზი გახლავთ სარეველა მცენარეები და მათი მნიშვნელოვანი წარმომადგენლები – ამბროზია და ავშანი, რომელთაც მაღალი ალერგენული თვისებები ახასიათებთ.
მაგალითად, ადრე გაზაფხული ხე-მცენარეების ყვავილობის პერიოდი გახლავთ.
გარდა სეზონური ალერგიებისა, ჩვენ გვაქვს კარშიდა ალერგენები, ოთახის მტვრის ტკიპები, სოკოვანი ალერგენები, შინაური ცხოველები, რომელთაც შესწევთ უნარი, რომ არა რაიმე გარკვეულ სეზონზე, არამედ მთელი წლის მანძილზე გამოიწვიონ ალერგიული სიმპტომები, მაგალითად, ალერგიული რინიტი, გარკვეულ შემთხვევებში, ასთმური მოვლენები, გახანგრძლივებული ხველა.
თუ პაციენტს ჩამოთვლილი ჩივილები აღენიშნება, აუცილებელია ალერგიული კვლევა, რომ დადგინდეს დამნაშავე ალერგენი. თუ სეზონური ალერგიაა, პაციენტმა ალერგიული სეზონის დაწყებამდე 2 კვირით ადრე უნდა მიიღოს ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატი. როცა უკვე დადგება ალერგიული სეზონი და ეს პრეპარატი ვერ გააკონტროლებს სიტუაციას, რა თქმა უნდა, ექიმის დანიშნულებით პაციენტს დაემატება კომბინაციური მკურნალობა.
თუ ალერგია გამოწვეულია კარშიდა ალერგენებით, არის განმეორებადი, არის მთელი წლის მანძილზე, თუ პაციენტი მუდმივად ანტიჰისტამინური პრეპარატების ქვეშ იმყოფება, რა თქმა უნდა, ასეთი პაციენტებისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება გახლავთ ე.წ. სპეციფიკური იმუნოთერაპია, რომლის დროსაც პაციენტი ხდება ტოლერანტული და ხდება კონკრეტულ ალერგენთან შეგუება და პაციენტს პრაქტიკულად უნულდება სიმპტომები.
თუ ადამიანს აქვს ალერგია კონკრეტული ფაქტორების მიმართ, მაგალითად, გარემო ფაქტორების, მცენარეების მიმართ, ალერგიული სიმპტომების გამოვლენის გამშვები მექანიზმი ყოველთვის ამ მცენარეებთან შეხება არის? ასევე, შესაძლოა, რომ ვირუსული ინფექცია გახდეს ალერგიის განვითარების მაპროვოცირებელი?
ხშირად, პაციენტი გაკვირვებული ამბობს ხოლმე – „იცით, არცერთი მცენარე არ არის ჩემთან ახლოს“, თუმცა სეზონური ალერგიის შემთხვევაში, პრობლემა გახლავთ სწორედ ის, რომ მცენარეების ყვავილის მტვრის მარცვალი ძალიან ფართოდ, კილომეტრების მანძილზე ვრცელდება ქარის საშუალებით. სულაც არ არის აუცილებელი, რომ გარკვეულ მცენარეს ჩვენს ან ჩვენი მეზობლის ეზოში ვხედავდეთ, რადგან როგორც აღვნიშნე, მათი ყვავილის მტვერი კილომენტრებით ვრცელდება და ქმნის იმ პრობლემებს, რომლებიც სეზონურ ალერგიას უკავშირდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კონცენტრაცია, რაც უფრო მაღალია ალერგენის კონცენტრაცია, მით უფრო მეტია ალერგიული ჩივილების გამოვლენის ალბათობა. სწორედ ამიტომ, სეზონური ალერგიის მქონე პაციენტებს ვურჩევთ, განსაკუთრებით მაღალი ალერგენული გავრცელების პერიოდში, მოერიდონ გარე აქტივობებს, ბუნებაში ყოფნას.
ვისაც ოთახის მტვრის ტკიპების მიმართ აქვს ალერგიული განწყობა, ვურჩევთ, რომ იმ გარემოში, სადაც ძირითადად უწევთ ყოფნა, განსაკუთრებით, საძინებელ ოთახში, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებს ადამიანი, მტვრის რეზერვუარები, როგორიც გახლავთ, მაგალითად, ხალიჩა, მატყლის ლოგინი, სქელი ფარდაგი, მასიური კარადები, განსაკუთრებით წიგნების კარადები, ფუმფულა სათამაშოები არ იყოს.
ზოგიერთი პაციენტისთვის, ამ რჩევების დაცვაც უკვე საკმარისია იმისთვის, რომ სიმპტომები დალაგდეს და პრობლემა მოიხსნას. ალერგიის შემთხვევაში, ალერგიულ განწყობასთან და სენსიბილიზაციასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს ფაქტორი.
თქვენ, თქვენი კოლეგები სხვადასხვა ეთერებში ძალიან ხშირად საუბრობთ ალერგიაზე, ხშირად აწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, ასევე, ჩვენ ვიცით, რომ ალერგიული კალენდარიც კი არსებობს, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ალერგიულმა დაავადებებმა ძალიან იმატა და შეიძლება თუ არა, რომ ჩვენ ამ ყველაფრის მიზეზებზე ვისაუბროთ, ეს არის ადამიანის იმუნური სისტემის პასუხი რაიმე ფაქტორზე თუ მიზეზი არის გარემო ფაქტორები, რომლებიც წინა წლებთან შედარებით, შეიცვალა?
სამწუხაროდ, ალერგიულმა რეაქციებმა ძალიან იმატა და 2030 წლისთვის არის პროგნოზი, რომ მოსახლეობის 50 % იქნება ამა თუ იმ ალერგიული დაავადებით, დღესდღეობით, ამ პრობლემის მატარებელი 30 – 40% გახლავთ. პრაქტიკულად, ძნელია იპოვოთ ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც არ გამოვლენია ალერგიული სიმპტომები.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ძალიან მოქმედებს გარემო ფაქტორები, პირველ რიგში კი, პოლუტანტებით დაბინძურებული გარემო, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს განსაკუთრებით სასუნთქი გზების ალერგოზების მიმართულებით.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. ჰიგიენური თეორია, ანუ ძველი მეგობრების თეორია, როდესაც ჩვენ ნაკლები კონტაქტი გვაქვს გარემოსთან, სადაც აქტიურად არის წარმოდგენილი მიკროფლორა. სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ ნაკლებად ურბანულ მოსახლეობაში ალერგიული დაავადებები ნაკლებად გახლავთ გავრცელებული. რაც უფრო ვადევნებთ ჰიგიენას, ანტისეპტიკას, მით უფრო იზრდება ალერგიული რეაქციების წილი. ჯამურად აღებული ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს ალერგიული რეაქციების ზრდას.
როდესაც ვიწყებთ დამნაშავე ალერგენის ძებნას, როგორია დიაგნოსტირების სქემა, რა კვლევებია საჭირო იმისთვის, რომ მივაგნოთ კარშიდა ალერგენები იწვევენ ალერგიულ რეაქციას თუ კარგარეთა?
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ანამნეზი, რომ წავიდეთ იმ მიმართულებით, რომელიც კონკრეტულ პაციენტზე იქნება მორგებული.
„ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრი“ ყველა თანამედროვე კვლევით გახლავთ აღჭურვილი და არსებობს საშუალება, რომ ძალიან ეფექტურად იყოს გამოკვლეული და შეფასებული თითოეული პაციენტი.
ალერგიული დაავადებების დიდი ნაწილი გახლავთ ატოპიური დაავადებები, ანუ ის ნაწილი დაავადებებისა, სადაც ჩვენ გვაქვს სპეციფიკური ალერგენი, სპეციფიკური იმუნოგლობულინი. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება: ალერგიული რინიტი, ატოპიური ასთმა, ანუ ალერგენით გამოწვეული ასთმა, კვებითი ალერგია, ანაფილაქსია. სწორედ ამ დაავადებების შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი, ეფექტური და ძალიან მარტივია ალერგენის გამოვლენა.
ამ ატოპიური დაავადებებისთვის არსებობს ორი ძირითადი კვლევის ფორმა, კანის სინჯები და ინვიტრო კვლევა, ანუ სისხლში სპეციფიკური იმუნოგლობულინების, ალერგენის მოძიება.
კანის სინჯის ჩატარება ძალიან მარტივია, პრაქტიკულად, 15 წუთში ჩვენ უკვე ვიცით დამნაშავე ალერგენის შესახებ. კანის სინჯები ფინანსური თვალსაზრისითაც ძალიან ხელმისაწვდომია.
პაციენტმა, რომელიც კანის სინჯების ჩატარებას გეგმავს, უნდა გაითვალისწინოს, რომ იმისთვის, რომ კანის სინჯების ჩატარება შევძლოთ, პაციენტს ბოლო 5 – 7 დღის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული მედიკამენტი, რომ კანი იყოს სათანადოდ მგრძნობიარე. თუ პაციენტს რაიმე სერიოზული გამწვავება არ აქვს, ძალიან მარტივად და სწრაფად შეიძლება კანის სინჯების ჩატარება.
თუ პაციენტის სიმპტომები მწვავედ არის გამოხატული და ვერ ხერხდება ანტიჰისტამინური პრეპარატების გარკვეული დროით შეწყვეტა, რა თქმა უნდა, მივმართავთ სისხლში ალერგენის გამოკვლევას.
აღსანიშნავია, რომ ალერგოლოგიაში არსებობს დაავადებების მთელი რიგი, რომლებიც არ გახლავთ გამოწვეული სპეციფიკური ალერგენით, მაგალითად, ქრონიკული ჭინჭრის ციება, ქრონიკული ურტიკარია. ასეთ დროს, პაციენტებს ხშირად აქვთ სურვილი რომ მივაგნოთ გამომწვევ მიზეზს, თუმცა ასეთი დაავადების დროს არ არსებობს კონკრეტული ალერგენი, მათ აბსოლუტურად სხვა მექანიზმი აქვთ და ამ დროს, საერთოდ სხვა ტიპის კვლევები ინიშნება. რა თქმა უნდა, ასეთი დაავადებების მართვაც შეიძლება, უბრალოდ, როგორც აღვნიშნეთ, ის არ არის კონკრეტული ალერგენით განპირობებული.
სასუნთქი სისტემის მხრივ გამოხატული ალერგიული დაავადებების დროს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გარეგანი სუნთქვის ფუნქციის ჩატარება, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ბრონქში მიმდინარე პროცესების შესახებ, გვაქვს თუ არა ბრონქის ობსტრუქცია, შევიწროება, რომელიც განაპირობებს ასთმური ხასიათის სიმპტომებს, ხიხინის განვითარებას, მსტვინავ სუნთქვას, გახანგრძლივებულ ხველას.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და ინფორმაციული კვლევაა ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ოქსიდის განსაზღვრა, რომელიც არის მარკერი ბრონქში მიმდინარე ალერგიული პროცესებისა. რაც უფრო მაღალია აღნიშნული მონაცემი, რა თქმა უნდა, მით უფრო მაღალია ალერგიული ანთება, რომელიც ამ დროს ბრონქში მიმდინარეობს და ზოგიერთ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც პაციენტი სიმპტომურია, ვთქვათ, ასთმური თვალსაზრისით, მაგრამ გარკვეულ პირობებში, აი ამ გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევით ნორმულ მაჩვენებლებს აჩვენებს, ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ოქსიდის განსაზღვრა, გვეხმარება, სწორად დაიგეგმოს პაციენტის მკურნალობა და დროულად იყოს მიტანილი ეჭვი ისეთ დაავადებაზე, როგორიც ბრონქული ასთმა გახლავთ.
ვიცით, რომ როცა ადამიანს აქვს ალერგია კონკრეტული კომპონენტების მიმართ, თავისთავად, ის ბევრი რისკის შემცველია სამომავლოდ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ექიმთან მუდმივი კომუნიკაცია. იმის და მიხედვით, ალერგია გამოწვეულია კვებითი ალერგენით, გარემო ფაქტორით, მცენარეებით თუ კარშიდა ალერგენებით, შეგვიძლია ვთქვათ, სად არის ასთმის განვითარების უფრო მეტი რისკი?
სიმძიმის თვალსაზრისით, თუ სეზონური ალერგენი იწვევს ასთმული ხასიათის სიმპტომებს, მსუბუქია, იმ თვალსაზრისით, რომ ხანმოკლეა, რადგან კონკრეტული სეზონის მიღმა პაციენტი თავისუფალი იქნება ამ სიმპტომებისგან, მაგრამ როდესაც გვაქვს მუდმივი ალერგენი, როგორიც გახლავთ, მაგალითად, ოთახის მტვრის ტკიპა, სოკოვანი ალერგენები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მუდმივად ალერგენის მოქმედების ქვეშ იმყოფება პაციენტი და პრობლემაც მუდმივად მიმდინარეობს. ის, რომ ჩვენ ჩავატარეთ კანის სინჯი და გამოვლინდა ალერგია ოთახის მტვრის ტკიპის მიმართ, არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ასთმა, მაგრამ ასეთი პაციენტები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მემკვიდრული განწყობა აქვთ, აქვთ ხშირი ავადობა, თუნდაც, სასუნთქი გზების ინფექციებით, არიან მომატებული რისკის ქვეშ. ასევე, მომატებული რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომელთაც ბავშვთა ასაკში გამოვლენილი აქვთ ვირუსთან შეჭიდული ბრონქო ობსტრუქცია, ანუ ხიხინით მიმდინარე ვირუსული ინფექცია. ასთმის განვითარებისკენ მიდრეკილად მოიაზრებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც სამი წლის ასაკამდე, ხიხინით მიმდინარე ვირუსული ინფექციის 4 და მეტი ეპიზოდი ჰქონიათ და აქვთ კიდევ გარკვეული კრიტერიუმები, მაგალითად, ერთ-ერთი მშობელი ჰყავს ბრონქული ასთმით დაავადებული, აქვთ ატოპიური დერმატიტი, ალერგიული რინიტი, დადასტურებული აქვთ გარემოს ალერგენების მიმართ ალერგია ან კვებითი ალერგია. ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ზოგიერთი დიდი კრიტერიუმი გახლავთ და ერთის არსებობაც საკმარისია, თუმცა მინიმუმ 2 მცირე კრიტერიუმიც უკვე ზრდის ბრონქული ასთმის განვითარების რისკს.
რამდენჯერმე ახსენეთ, იმუნოთერაპია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა შემთხვევაში, ყველა პაციენტთან არ გასცემთ მისი ჩატარების რეკომენდაციას. ვის სჭირდება იმუნოთერაპია, როდის ინიშნება ის?
იმუნოთერაპია ინიშნება მაშინ, როცა პაციენტს აქვს საშუალოდ ან მძიმედ მიმდინარე სიმპტომები, თუ ის მუდმივად იმყოფება სხვადასხვა ანტიალერგიული პრეპარატების ქვეშ და სჭირდება არა ერთი, არამედ რამდენიმე მედიკამენტის კომბინაცია, თუ ანტიალერგიული მედიკამენტის მიღებასთან ერთად, იყენებს ცხვირის სპრეის, თვალის წვეთებს, თუ თან ახლავს ასთმური მოვლენები და სჭირდება საინჰალაციო, შესასუნთქი პრეპარატების გამოყენება. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, პაციენტისთვის ყველაზე ეფექტური გახლავთ დამნაშავე ალერგენთან მიჩვევა, რომელსაც სპეციფიკური იმუნოთერაპიის მეშვეობით ვახორციელებთ. ეს გახლავთ სამწლიანი პროცესი, დაახლოებით, ორი თვის მანძილზე უფრო ინტენსიურად, კვირაში 2 – 3-ჯერ ხდება ორგანიზმში ალერგენის შეყვანა. არსებობს როგორც საინიექციო ფორმა, ასევე წვეთების სახით. ასე ნელ-ნელა, მინიმალური დოზით ხდება ორგანიზმში დამნაშავე ალერგენის შეყვანა, რომ დაიმახსოვროს ორგანიზმმა, რომ ეს არ არის მისთვის უცხო, რომ არ არის ვირუსი და მიკრობი, რომელსაც იმ შეცვლილი იმუნური პასუხით უნდა ებრძოლოს, რომელსაც შემდგომ ალერგიული სიმპტომების გამოვლენამდე მივყავართ. იმუნოთერაპია შეგუების, ტოლერანტობის გამომუშავების შესაძლებლობას გვაძლევს და იძლევა ეფექტს, რაც გულისხმობს სიმპტომებისგან თავისუფალ რემისიას 10-15 წლის განმავლობაში.