LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავიგოთ, ბავშვს ნამდვილად სტკივა, თუ ეს ემოციური რეაქციაა? – თემურ მიქელაძის რჩევები

8142
თემურ მიქელაძე

„როგორ განვასხვაოთ ბავშვებში ფსიქოგენური ტიპის ტკივილები რეალური ტკივილებისგან, რატომ სიმულირებენ ისინი ჯანმრთელობის პრობლემებს, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მშობელი და რა არის გამოსავალი“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა – თემურ მიქელაძემ ისაუბრა.

ბატონო თემურ, ბევრი ბავშვი უჩივის გარკვეული ტიპის ტკივილს, გარკვეული ტიპის შეგრძნებას, რომელიც რეალობასთან კავშირში არ არის. რატომ იწყება ბავშვთა ასაკში ამ ტიპის პრობლემები და რა ასაკიდან შეიძლება ველოდოთ ამ ყველაფერს?

თქვენ ისეთ სენსიტიურ თემას შეეხეთ, რომელიც ჩვენთვისაც საკმაოდ ძნელი სადიფერენციაციოა. მოგეხსენებათ, ჯანმრთელობა მოიცავს ფიზიკურ, სულიერ და სოციალურ კეთილდღეობას და ზუსტად ამ სულიერი და სოციალური კეთილდღეობის აღრევა, მეტ-ნაკლებად, დაკავშირებულია ე.წ. ფსიქოგენურ ტკივილებთან, ფსიქოგენურ ცხელებასთან და ზოგადად, ე.წ. ფსიქოგენურ დარღვევებთან და როგორც გითხარით, საკმაოდ ძნელია მისი დიფერენცირება, ხანდახან, მეც მიჭირს. ხანდახან, უკვე რამდენიმე ექიმთან ნამყოფი პაციენტიც კი მოდის ჩემთან.

მშობლის მიერ მოცემული ანამნეზიდან გამომდინარე, იქ, პირველ რიგში, არის ეკრანდამოკიდებულება, გაჯეტდამოკიდებულება და ე.წ. სიმულაციური ტკივილები. ისინი ხშირად აღნიშნავენ თავის ტკივილს, მუცლის ტკივილს, კიდურების ტკივილს, ტკივილს გულის არეში, თუმცა მათი დიფერენცირება არ შეუძლიათ.

ეს ყველაფერი ხდება განსაკუთრებით მაშინ, როცა, მაგალითად, სკოლაში წასვლა არ უნდათ. აღნიშნული პრობლემები მაინც უფრო ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვებთან არის დაკავშირებული, პირველ-მეოთხე კლასამდე და შემდეგ უკვე, იწყება  პრე პუბერტატული ასაკში, ანუ გარდატეხის ასაკში, 13-15 წლის ასაკში. 7-დან 15 წლამდე ასაკში მომართვიანობა მეტნაკლებად დაბალია, ძირითადად, მომართვიანობა არის 5-დან 7 წლამდე და 13 წლიდან ზემოთ. ბავშვები გაღვიძებისთანავე ამბობენ, რომ აქვთ გულისრევის შეგრძნება, მუცლის, თავის, კიდურების ტკივილი, გამოხატავენ განსაკუთრებულ ემოციებს და აქედან გამომდინარე, მშობლები ვეღარ კონტაქტობენ მათთან და ოჯახში სერიოზული პრობლემები იწყება. მშობელი იწყებს ექიმების მოძიებას და ა.შ. შეიძლება, პირველად ჩვენც დავიბნეთ და უამრავი კვლევა ჩამოვწეროთ. მთავარი სწორი და დროული ანამნეზის შეკრებაა.

ბოლო პერიოდში, მოიმატა ე.წ. ფსიქოგენურმა, სიმულაციურმა ცხელებებმა. ბავშვები სიმულირებენ, რომ მათ აქვთ სიცხე. მათ მარტივად შეუძლიათ მანიპულირება ვერცხლის წყლიანი თერმომეტრით, რადგან ასეთი თერმომეტრების სხეულზე ან ტანსაცმელზე ხახუნით, ტემპერატურის 40 გრადუსამდე აწევაც კი არის შესაძლებელი. ეს არის ტიპური სიმულაციური, ანუ მანიპულირებით განპირობებული ცხელება. ელექტრონული თერმომეტრით ასეთ მანიპულირებას ვერ გააკეთებენ.

რაც შეეხება ფსიქოგენურ ცხელებას, ბავშვის ტვინი იმდენად არის გადატვირთული გაჯეტდამოკიდებულების, ეკრანდამოკიდებულების გამო, რომ ისინი ვეღარ იძინებენ. მოგეხსენებათ, არის ე.წ. ლურჯი გამოსხივება, რომლის შედეგადაც მელატონინის სინთეზის დეფიციტი ხდება და არის უძილობა, გამოუძინებლობის პრობლემა და თერმორეგულაციის ცენტრი იმდენად არის გადატვირთული, რომ სხეულის ტემპერატურას, 36.8-ს აღიქვამს, როგორც 40-ს და სწორედ ეს 40 გრადუსი აისახება ხოლმე თერმომეტრზე, მათ შორის, ელექტრონულზეც და აი აქ იწყება ხოლმე უამრავი კვლევა.  ზოგ შემთხვევაში, იწყება ყველა ორგანოს კვლევა, ინვაზიური, არაინვაზიური პროცედურები, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ა.შ.

თუ სწორად გამოვკითხავთ მშობელს, გავიგებთ, რომ ეს ცხელება, ძირითადად, სკოლაში წასვლის პერიოდში, ანუ დილიდან იწყება და არანაირი ანტიპირეტული საშუალება მას არ შველის და დაახლოებით, 4-5 საათის შემდეგ, უბრუნდება ისევ თავის ნორმას.

10-15 წლის წინ, ასეთი შემთხვევები თუ თითზე ჩამოსათვლელი იყო, ახლა, დღე არ გავა, რომ ერთი ან ორი პაციენტი არ მოვიდეს ფსიქოგენური ცხელებით, ფსიქოგენური მუცლის ტკივილით, კიდურების ტკივილით და ა.შ.

ძირითადი საიდენტიფიკაციო არის ის, რომ ჩვენ მათ ვაძლევთ ანტიპირეტულ საშუალებებს, ანტიპირეტული, სიცხის დამწევი საშუალებები კი ფსიქოგენურ ცხელებაზე არ მოქმედებს ან მოქმედებს მეორენაირად და მე ასეთ ხრიკსაც მივმართავ ხოლმე, დავუშვათ თუ ვიყენებთ იბუპროფენს, ასეთივე იბუპროფენის შემცველ სხვა ტაბლეტს ვაძლევ პაციენტს, დავუშვათ, რაღაც ელემენტარულს, კალცი გლუკონატის შემცველს, რაც ერთჯერადად შემიძლია, გამოვიყენო და აღმოჩნდება, რომ ამ ბავშვს ტემპერატურა შეიძლება, რომ ისედაც დაეწიოს, ამ პრეპარატის მიღების შედეგად. ეს მოიტანა გამოცდილებამაც, დრომაც, უკვე ლიტერატურაშიც ბევრი ცნობა წამოვიდა ამის შესახებ.

უბრალოდ, არის ერთი პრობლემა, ამ ბავშვებს ჩატარებული აქვთ უამრავი კვლევა. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, კვლევები კეთდება ლაბორატორიისთვის და არა ბავშვებისთვის. ალბათ, გინახავთ უამრავი ვიტამინების, ჰორმონების გამოკვლევა… შეიძლება, კვირაში ერთხელ ერთი და იგივე ბავშვს სხვადასხვა ტიპის ჰორმონები, B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, იგივე ყბადაღებული D ვიტამინი უკეთო?! D ვიტამინთან დაკავშირებით, ჯერ კონსენსუსიც არ არის მიღწეული, თუ რა არის ნორმა, რა დეფიციტი და რა უკმარისობა. რა საჭიროა ეს, როცა ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, ძვირად ღირებული კვლევის გაკეთებას, მისი მეათედი ფასის ღირებულების ვიტამინი D ჩავრთოთ პროფილაქტიკური დოზით. D ვიტამინი ვითომ დაკავშირებული იყო სხვადასხვა დაავადებების პრევენციასთან, განიხილებოდა, როგორც პროჰორმონი და აღმოჩნდა, რომ ღრმა მტკიცებულებები არ არის არცერთი დაავადების დროს მისი დეფიციტის არსებობისა, რადგან ნებისმიერ დაავადებას, შეიძლება, რომ ისედაც ახლდეს მისი დეფიციტი, უკმარისობა და ა.შ. უკმარისობა და დეფიციტი შეიძლება, შეივსოს, როგორც სამკურნალო, ისე პროფილაქტიკური დოზით.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოიმატა D ვიტამინის დეფიციტმა, ესეც დაკავშირებულია იმასთან, რომ ბავშვები ძირითადად არიან სახლის პირობებში, ჩაბნელებულ ოთახში, სადაც მზის სხივი არ მიდის და ვითარდება D ვიტამინის დეფიციტი. თუ ბავშვი დღის განმავლობაში 15 წუთით მაინც გადის გარეთ და ღია აქვს სახე და ხელები, მას ამ ვიტამინის დეფიციტი არ განუვითარდება. სწორედ D ვიტამინი შეიძლება იყოს დაკავშირებული ე.წ. ზრდის ტკივილებთან.

ზრდის ტკივილები არის მსგავსი ფსიქოგენური ტკივილებისა, ძირითადად კიდურების ტკივილებია. ე.წ. ძვალ-კუნთის ტკივილის სინდრომი, ზრდის ტკივილი აუხსნელი ეტიოლოგიისა და მას რამე განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება და ასაკის მატებასთან ერთად, პრობლემა თავისით გვარდება. სასურველია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, D ვიტამინის სამკურნალო დოზები კი არ ჩავრთოთ და დავტვირთოთ თირკმელი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ, პროფილაქტიკური დოზები გამოვიყენოთ, რადგან ბავშვის ორგანიზმი უფრო მოწყვლადი, უფრო მოქნილია და უფრო მარტივია, მასში პროფილაქტიკურად ნებისმიერი დაავადების მოგვარება, ვიდრე სამკურნალო დოზებით.

როდესაც ბავშვები ამბობენ, რომ მათ სტკივათ თავი, მუცელი, აქვთ გულისრევის შეგრძნება და ა.შ. ეს შეგრძნებები რეალურია, ისინი მართლა გრძნობენ მათ? ტემპერატურაზე ბრძანეთ, რომ არსებობს მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ, დაადგინოთ, ეს სიმულაციურიაა თუ არა, თავის მუცლის ტკივილის არსებობის შემთხვევაში, არსებობს თუ არა რაიმე განმასხვავებელი, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, ეს ყველაფერი სიმულაციაა თუ პრობლემა რეალურად არსებობს?

ამის დიფერენცირება მშობელს ელემენტარულად შეუძლია, მაგალითად, თუ ბავშვს სკოლაში წასვლა არ უნდა და სიმულირებს მუცლის ტკივილს, თუ მის ნებას დავყვებით და სკოლაში არ წავიყვანთ, ვნახავთ, რომ დაახლოებით, 15 წუთში მას ეს ტკივილი თავისით გაუვლის. იმ შემთხვევაში, თუ ტკივილი რეალურად არის გამოხატული, ბავშვს სკოლაში წავიყვანთ თუ არ წავიყვანთ, ეს ტკივილი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. რეალური მუცლის ტკივილი შეიძლება, დაკავშირებული იყოს ისეთ სიმპტომებთან, როგორიცაა ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, თუმცა ე.წ. ღებინების შეგრძნება, გულისრევის შეგრძნება შეიძლება, რომ ფსიქოგენურ ტკივილთანაც იყოს კავშირში. ბავშვებს არ შეუძლიათ, ვერ გამოხატავენ ისეთ ძლიერ ტკივილებს, როგორიცაა ინფარქტის მსგავსი ტკივილი, გულის არეში მოჭერითი ხასიათის ტკივილი, სასუნთქი სისტემის უკმარისობისგან განპირობებული ტკივილი, მათ შეუძლიათ ისეთი ორგანოების ტკივილის სიმულაცია, რომელიც მათთვის უფრო ხილულია, ეს არის მუცლის არე, თავის, კიდურების ტკივილი.

როგორც გითხარით, ძირითადი სადიფერენციაციო არის ის, რომ თუ ბავშვის ნებას დავყვებით და მას სკოლაში არ წავიყვანთ, ვნახავთ, რომ პრობლემა მოგვარდება და თუ წავიყვანთ სკოლაში, სკოლაში შესვლის შემდეგ, უმრავლეს შემთხვევაში, ეს ტკივილი გაივლის, თუმცა ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ სკოლის ექიმი რეკავს, იწყება აურაცხელი პრეპარატების, ე.წ. პიტნის წვეთების მიღება. ზოგ შემთხვევაში, ფსიქოლოგის, ქცევითი თერაპევტის ჩართულობაც კი ხდება საჭირო, რომ გავიგოთ, ბულინგის მსხვერპლნი ხომ არ არიან ეს ბავშვები, რადგან ძირითადად, ეს პრობლემები არის ხოლმე მიზეზი. როდესაც კონფლიქტური გარემო არის სკოლაში ან ოჯახში, ამას საკმაოდ მძიმედ აღიქვამენ ბავშვები. რაც უფრო ადრეული ასაკის არიან ბავშვები, მათი პროტესტი არის ხოლმე მუცლის ტკივილი, სკოლაში არ წასვლა, ღებინების შეგრძნება, კიდურების ტკივილი, თავის ტკივილი და ა.შ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე კარგი ფსიქოლოგი ბავშვისთვის არის დედა, მამა, ბებია, ბაბუა. სამწუხაროდ, ახლა, ბებია-ბაბუის ინსტიტუტი მეტ-ნაკლებად მოიშალა, რადგან არის სოციალური პრობლემები, ბებია-ბაბუები მუშაობენ, რომ მათი ეკონომიური პრობლემები გადაწყვიტონ, ჩვენ კი, ძირითადად, ბებია-ბაბუის გარემოში ვიზრდებოდით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს ძირითადი პრობლემები ახლა მეტ-ნაკლებად უფრო თვალნათელია.

თუ დადგინდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა სიმულაციურია, რა არის გამოსავალი, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?

მკურნალობა, როგორც ასეთი, პრაქტიკულად, არ არსებობს, ჩვენ არანაირი მედიკამენტი აქ რაიმე ეფექტს არ მოგვცემს. ზოგ შემთხვევაში, როცა არის ფსიქო-ემოციური სტატუსის ღრმა დარღვევები, შეიძლება, დაგვჭირდეს ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნეიროფსიგოლოგი და შეიძლება, დაინიშნოს მედიკამენტური ჩარევა.

ბოლო პერიოდში, პუბერტატულ ასაკში არის კიდევ ერთი პრობლემა, ელექტრო სიგარეტი ან ჩვეულებრივი სიგარეტი, რადგან ელექტრო სიგარეტზე დამოკიდებულება, შემდეგ, იწვევს თავის ტკივილს, მუცლის ტკივილს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ,  საჭიროა ანამნეზის შეკრება და მშობლის მაქსიმალური ჩართულობა, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი პრობლემა, მშობელს აქვს იგივე ეს ეკონომიური და სოციალური პრობლემები და ის ამაშია ჩართული, თავის მაქსიმუმს აკეთებს, რომ ბავშვებს ყველაფერი გაუკეთოს და აღმოჩნდება, რომ ამ ბავშვებს ფსიქოლოგიური, სოციალური სწორი გარემოს შექმნა აკლიათ. შესაბამისად, საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება, მედიკამენტებიც დაგვჭირდეს, მე ძირითადად ვიყენებ ხოლმე, გასაგებია არ აქვს მას რეკომენდაცია, მაგრამ ე.წ. ჰომეოპათიურ საშუალებებს, ზოგ შემთხვევაში, ნევროლოგიურ მედიკამენტებს, ფსიქიატრიულ მედიკამენტებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უმჯობესია, სოციალური გარემოს მოწესრიგება, სწორი ფსიქო-სოციალური გარემოს შექმნა და შესაბამისად, ეს პრობლემებიც მოგვარდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ტკივილები ძირითადად დაკავშირებულია, კონფლიქტებთან, ბულინგთან და თუ ეს ძირითადი პრობლემა მოგვარდება, შესაბამისად, ეს ფსიქოგენური ტკივილები ნელ-ნელა თავისით გამოსწორდება. არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი პრობლემაც, გაჯეტდამოკიდებულება, რომელიც პრაქტიკულად 21-ე საუკუნის სენია და რომლის მართვაც საკმაოდ გაძნელებულია.

მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ომეგა 3-ის ტიპის მედიკამენტის ან ანტიჰელმინთური პრეპარატების მიცემამ, მკვეთრად შეამცირა ის სიმპტომები, რომელიც ბავშვს ჰქონდა და გააუმჯობესა ბავშვის ფსიქო-ემოცური მდგომარეობა, შესაძლოა, ეს პლაცებოს ეფექტია, მაგრამ ისინი ხშირად საუბრობენ ამაზე და ხშირად იყენებენ აღნიშნულ მედიკამენტებს პრაქტიკაში, როცა ბავშვი მეტად გაღიზიანებულია. როგორია თქვენი შეხედულება ამ თემასთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა, ანტიჰელმინთური პრეპარატი სიმპტომებს არ შეამცირებს, არანაირი მტკიცებულება არცერთ პრეპარატს არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ანტიჰელმინთური პრეპარატების არასწორი გამოყენებით, შეიძლება, რომ ტოქსიკოზი გამოვიწვიოთ, იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ რეანიმაციაშიც კი მოხვდნენ პაციენტები. შესაბამისად, ანტიჰელმინთური პრეპარატები შეიძლება, რომ ერთჯერადად დაინიშნოს, მათი ხანგრძლივად მიღება, კატეგორიულად არ არის საჭირო.

რაც შეეხება ომეგა 3-ის მიღებას, მსგავსი რეკომენდაცია თქვენ არცერთ ფუნდამენტურ სახელმძღვანელოში არ შეგხვდებათ. მას ე.წ. ტვინის მკვებავს ეძახიან, მაგრამ ტვინის მკვებავი და ვითომ გულის მკვებავი პრეპარატები ბუნებაში არ არსებობს, ეს ტყუილად გადაყრილი ფულია.

მთავარი ჯანმრთელობა ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობაა. წლის განმავლობაში 1 თევზი თუ მიიღო ბავშვმა, იმდენ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას მიიღებს, რაც მთელი წლის განმავლობაში, შეიძლება, პრეპარატის სახით მისცენ მას. ეს წამლები, ეს პრეპარატები ე.წ. ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის, არცერთ ლიტერატურაში არ შეგხვდებათ. მე და ჩემი კოლეგები ვცდილობთ, რომ მოსახლეობას ფუნდამენტურ წყაროებზე დაყრდნობილი ინფორმაცია მივაწოდოთ. ხშირად, ჩემს მიერ, ჩემი კოლეგების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ბევრი კომენტარი მოჰყვება ხოლმე და გავითვალისწინოთ, რომ სოციალურ ქსელში ნებისმიერი სოციუმის ადამიანია და ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოებამ ეს ინფორმაციები ფუნდამენტურ წყაროებზე გადაამოწმონ.

საერთოდ, ცნობილია, ასეთი რამ, რომ პედიატრიულ პრაქტიკაში, ნებისმიერი დაავადების მართვის დროს, 2 ან 3 პრეპარატი არის ნორმა, სამზე მეტი უკვე პოლიპრაგმაზია, პოლიფარმაციაა. 3-ზე მეტი პრეპარატის ჩართვა, ერთი დაავადების მკურნალობას არ სჭირდება. მე საკმაოდ გული მწყდება, როცა ახალშობილ, 3-5 დღის ბავშვს, ჩამოწერილი აქვს ანტიკოლიკური საშუალებები, დამამშვიდებელი პრეპარატები და დაახლოებით, 10 წამალი აქვს ერთდროულად დანიშნული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. 10 გაამრავლეთ 3-ზე, ანუ მშობელმა 30-ჯერ უნდა მისცეს ბავშვს მედიკამენტი, ანტიკოლიკური, საჭმლის მომნელებელი, დამამშვიდებელი, ნევროლოგიური და ა.შ. , ასეთი რამ არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯობია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, რეკრეაციულ სივრცეებში გასვლა. ადრეული ასაკის ბავშვი დღის განმავლობაში 3-ჯერ, 15-30 წუთით უნდა გაიყვანოთ გარეთ და ამ რეკრეაციულ სივრცეებშიც ჰიგიენური ნორმები უნდა დაიცვათ. თუ ჩვენ ამის დრო გვაქვს და ეს დაცული იქნება, ყველა პრობლემა მოგვარებული იქნება. სამწუხაროდ, არც მე, არც მშობლებს ეს დრო არ გვაქვს და ამიტომ არის სახეზე ეს ფსიქოგენური დარღვევები, ნეირო ფსიქო-ემოციური სტრესის გადაძაბვა და დადიან სხვადასხვა ცენტრებში ბავშვები. კი, ეს ცენტრები რაღაც გარკვეულ შედეგს გვაძლევს, მაგრამ აქაც სწორი ჩართულობაა საჭირო, ეს ყველაფერი სწორად უნდა ვმართოთ, რომ პირიქით, სხვა პრობლემები არ შევუქმნათ მათ.

მეტად ემოციური ბავშვები უფრო ხშირად ავადობენ?

არა, რა თქმა უნდა. აქაც ისევ და ისევ მნიშვნელოვანია დიფერენცირება, რადგან ზოგჯერ, მშობელს ჰგონია, რომ ბავშვი ავად არის და უამრავ პრეპარატს უნიშნავს. საკმაოდ ხშირია ფსიქოგენური ხველაც, რა დროსაც მშობელს ჰგონია, რომ არის სპაზმური ხველა, მიდის ექიმთან, ეუბნება, რომ არის სპაზმი და იწყება სხვადასხვა ანტისპაზმური მედიკამენტების, ბრონქო-ობსტრუქციული სინდრომის მართვა, არადა ამ დროს, არაფერი არ არის თუ არა ტიკური ხველა, ანუ ე.წ. ფსიქოგენური ხველა. ადგილი აქვს ხოლმე პოლიპრაგმაზიას, პოლიფარმაციას, არაფრის მომცემ მედიკამენტებს და ტყუილად გადაყრილ თანხებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეც არ მაქვს ჩემს შვილებთან ურთიერთობის დრო, რადგან მყავს უამრავი პაციენტი, მიწევს სხვადასხვა ინფორმაციების კითხვა, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში ვაკონტროლებ ჩემი შვილების ქცევას, მეტ-ნაკლებად, ყოველ ორ საათში ვცდილობ, დავურეკო, გავიგო, სად არიან, რას აკეთებენ და ა.შ. შეიძლება, ფიზიკურად მათ გვერდით არ ვიყოთ, მაგრამ მეც და ჩემი მეუღლეც ჩართულები ვართ მათ ცხოვრებაში და მეტ-ნაკლებად ეს პრობლემა მოგვარებული გვაქვს. ასევე, ვცდილობთ, რომ კვირას ნახევარ-ნახევარი საათი მაინც გამოვნახოთ. მთავარი რჩევა იქნება, რომ მშობლებმა თითო-თითო საათი, 30-40 წუთი დილის განმავლობაში და შემდეგ, უკვე საღამოს 6 საათიდან დრო გამონახონ და უფრო ხშირად ეკონტაქტონ ბავშვებს. ჩვენს დროს თეატრებში, სპექტაკლებზე დავყავდით, თუნდაც სკოლიდან, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მოშლილია. ეს იყო სულიერი საზრდო. ახლა, შეიძლება, წელი ისე გავიდეს, რომ ბავშვი თეატრში საერთოდ არ წავიდეს.

დღეს, არც ისეთი ბედნიერები არ არიან ბავშვები, როგორებიც ჩვენ ვიყავით ბავშვობაში…

ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ეკრანდამოკიდებულებამ, სოციალურმა ქსელებმა შექმნა.

ვფიქრობ, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვაც აუცილებელია, რადგან მაგალითად, ჩვენს დროს, სავალდებულოც კი იყო, რომ სკოლიდან სპექტაკლზე, კონცერტზე წასულიყავი და თუ თავიდანვე დაავალდებულებ ამას ბავშვს, მერე, ის უკვე თვითონ ივლის და იქიდან მიიღებს სულიერ საზრდოს, მაგრამ ისიც უნდა ვნახოთ, თუ რას ვიღებთ, რადგან ეს მეორე პრობლემაა… ყველაფერი შეჯერებული უნდა იყოს, რადგან ბავშვები სენსიტიურები არიან და მათზე გათვლილი, მათთვის მისაღები უნდა იყოს ეს თატრალური, მუსიკალური ღონისძიებები. სწორედ ეს უნდა აკონტროლოს სახელმწიფომ.

თუ ასეთი ჩართულობა იქნება, ფსიქო-ემოციური გადატვირთვა, ფსიქოგენური ტკივილები მეტ-ნაკლებად მოგვარებული იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ეს არის მსოფლიოს, კაცობრიობის პრობლემა. მეტ-ნაკლებად ყველა მშობელი ცდილობს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია და საკმაოდ დიდ დროსაც საჭიროებს, სწორედ ამიტომ არის მშობლის, მასწავლებლის, საზოგადოების ჩართულობა საჭირო. თუ ეს ჩართულობა იქნება, პრობლემა, როგორც წესი, აღმოიფხვრება, თუ არადა, იქნება 10-30 % ზუსტად ასეთი დარღვევების.

ქცევით თერაპიას თუ აქვს ხოლმე შედეგი ასეთ ბავშვებთან და როგორი?

რა თქმა უნდა, მას ბევრად უფრო კარგი ეფექტი აქვს, ვიდრე იმ მედიკამენტებს, რასაც ბავშვებს აძლევენ, თუმცა განსაკუთრებულ ეფექტს ქცევითი თერაპიისგანაც არ უნდა ველოდოთ, აქ, როგორც გითხარით, მთავარია მშობელთა ჩართულობა.

ახლა, პაციენტები ხშირად გადიან სამკურნალოდ მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, ეს მოდაშია. იქაურ ექიმს შენ, ვიღაც უცხოელი პაციენტი საერთოდ არ აინტერესებ, გიყურებს, როგორც გარკვეულ თანხის წყაროს, შენთან კომუნიკაცია 1-2-ჯერ, მაქსიმუმ, 5-ჯერ ექნებათ და იმდენ წამალს ჩამოგიწერენ, სხვადასხვა ქსელებიდან, ყველა ნივთიერების დეფიციტს ჩამოწერენ, არადა კაცმა არ იცის, იმ ბავშვისთვის ნორმა რა არის. მერე, მშობლები ამბობენ, ჩვენმა ექიმმა ეს პრობლემა ვერ დასვა, წავედით თურქეთში და მან იპოვა… ეს აბსოლუტური სისულელეა. მერე, იწყება ვითომ ამ პრობლემის მოგვარება და აურაცხელი წამლების მიღება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არცერთი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ფუნდამენტურ სახელმძღვანელოებში შესული არ არის, შესაბამისად, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არანაირი ნოზოლოგიის დროს არ ინიშნება, ეს ტყუილად გადაყრილი ფულია. აღნიშნული დანამატებით ჩვენი ბაზარიც საკმაოდ გაჯერებულია და შეიძლება, 10 ბავშვიდან 7 ამ პრეპარატს იღებდეს. მერწმუნეთ, ამ პრეპარატებს არანაირი ეფექტი არ აქვს. უმჯობესია, ქცევითი თერაპიის ჩართვა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია სწორი ალიანსი მშობელს, ქცევით თერაპევტს და ბავშვს შორის, თუ თერაპიული ალიანსი არ არის, არანაირი ქცევითი თერაპია არ იქნება განსაკუთრებული შედეგის მომტანი. მშობელს ჰგონია, რომ ბავშვს პრეპარატს დაალევინებს, წაიყვანს თერაპევტთან, 10-15 დღიან, თუნდაც 5 წლიან კურსს გაივლის და რაღაც განსაკუთრებულ ეფექტს მიიღებს, არანაირ ეფექტს არ მიიღებს, თუ მშობლის სწორი კომუნიკაცია, სწორი ჩართულობა არ იქნება. დიახ, ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ ამ პრობლემის მოგვარება გვინდა, დრო უნდა გამოვნახოთ, რადგან ეს პრობლემა არანაირი მედიკამენტური ჩარევით არ მოგვარდება, თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული კონკრეტული ნივთიერების აუტანლობა, კონკრეტული ნივთიერების გენეტიკურად განპირობებული დეფიციტი ან დისრეგულაციური ცვლილებების მოშლა.

არის უამრავი გენეტიკური დაავადება, რომელიც იგივე ნეიროგანვითარების ეტაპების დარღვევასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, გენეტიკურ დაავადებებს სპეციალური ჩანაცვლებითი თერაპია სჭირდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ასეთი პრობლემებიც დროულად აღმოვაჩინოთ და დროული გადამისამართება გავაკეთოთ, თუმცა აქაც რაიმე განსაკუთრებული ეფექტი არ არის, რადგან გენეტიკური დაავადებების მართვა, გარდა რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი დაავადებებისა, არ არსებობს, ამიტომ აქაც აუცილებელია, სწორი თერაპიული ალიანსი, თუ გვინდა, რომ ეს ფსიქოგენური პრობლემები მეტ-ნაკლებად მოვაგვაროთ და გამოვასწოროთ. საზოგადოების, სამთავრობო სტრუქტურების ჩართვით, ჩვენ მივიღებთ ჯანმრთელ თაობას. მოგეხსენებათ, ისედაც კატასტროფული დემოგრაფიული სიტუაცია გვაქვს, 40 000-ს ჩამოსცდა.