LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეხვდა ქალიშვილის დაოჯახებას ჯემალ სეფიაშვილი: „წლების წინ მითხრა, არ მინდა, ისე წავიდე იმქვეყნად, რომ შენი დარდი გამყვესო… ვიცი, რომ მამას ჩემი დარდი არ გაჰყვება…“

8561
ჯემალ-სეფიაშვილი

ჯემალ და ცისანა სეფიაშვილის განსაკუთრებული მამა-შვილობის ამბავი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მათი ოჯახი 2023 წელს კარგი ამბებით აცილებს – მალე ცისანა ბებია გახდება, ბატონი ჯემალი კი – დიდი ბაბუა. როგორც ბატონი ჯემალი ამბობს, ცისანამ წელს თავისი ბედნიერება იპოვა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ოთარ გიორგობიანზე დაქორწინდა. როგორ შეხვდა ქალიშვილის გათხოვებას ცნობილი კომპოზიტორი, გულწრფელი ემოციები ჯემალ და ცისანა სეფიაშვილმა წინასაახალწლოდ fortuna.ge-ს გაუზიარეს…

თქვენი ოჯახის საახალწლო ტრადიციები გაგვანდეთ, ბატონო ჯემალ…

ჩვენი ოჯახის საახალწლო ტრადიციები, რა თქმა უნდა, უკავშირდება გოზინაყის, საცივის, ხაჭაპურის მომზადებას. მანანა ტრიალებს სამზარეულოში. მე ვეუბნები, არ გინდა, გოგო, ამდენს ნუ ამზადებ-მეთქი, მაგრამ მპასუხობს, ბარაქააო. რასაკვირველია, ყოველთვის ველოდებით სტუმრებს. მოსვლით ჩქარა მოდიან და წასვლით არ აპირებენ წასვლას (იღიმის). ხანდახან 3 რიცხვამდეც კია გაშლილი სუფრა…

ცისანა:

3 რიცხვამდე არა. მე ცოტას ჩავასწორებ. წელიწადში 12 თვე სტუმრიანობაა. ბავშვობიდან ასეა. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ვკითხულობდი, ჩვენთან ვინ არის სტუმრად-მეთქი. არ მახსოვს, რომ ოჯახში ვინმე არ გვსტუმრობდეს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

ტრადიციაზე გამახსენდა – პატარაობიდანვე ჩემი ოჯახის მეკვლე მე ვიყავი. ახლა ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ბავშვებიც გამეზარდნენ. ერთი მყავს პატარა, რომელიც ჩემთან ერთად ხვდება ახალ წელს. ყველას საკუთარი სამეგობრო ჰყავს. ვცდილობთ, ოჯახი ერთი დღე მაინც შევიკრიბოთ ხოლმე საახალწლოდ და ესეც ტრადიციაა.

ჯემალი:

ერთ დღეს მაინც ვპოულობთ, როცა მთელი ოჯახი ერთად ვართ. მათი გრაფიკიდან გამომდინარე ვათანხმებთ ხოლმე თარიღს. მანანას, რასაკვირველია, უხარია, თავიდან ამზადებს ყველაფერს, მეგრული სისხლი ჩქეფს მასში…

ცისანა:

რაც ყველაზე მთავარია და სულ ვამბობ – ღმერთო, მინდა, ეს ტრადიცია ძალიან დიდხანს შევინარჩუნო. მინდა, დიდხანს მიკეთებდნენ დედა და მამა ამ ყველაფერს. არ მიყვარს მეტიჩრული საუბრები, საჭმლის გაკეთება არ ვიციო. კერძების მომზადებაც ვიცი, ყველაფერს გემრიელად ვამზადებ, მაგრამ საახალწლოდ საცივით დაწყებული გოზინაყით დამთავრებული, ყველაფერს დედა მიკეთებს, ხოლო მამას ჩემთან სახლში მოაქვს…

ჯემალი:

მარტო გოზინაყი და საცივიო?!.. ყველაფერი მომაქვს, ყველაფერი!.. (იცინიან). აბა, მეტი ვის უნდა წავუღო?

ცისანა:

კი, მართალია. მთლიანი სუფრა მოაქვს!.. ღმერთო, ამას ვისურვებ, მრავალი წელი მოეტანოს მამას პროდუქტი, დედას გაეკეთებინოს და შემდეგ ჯემალს ამოეტანოს ეს ყველაფერი ჩემთან სახლში.

ცისანა როგორ ზრუნავს თქვენზე, მისი საჩუქარი რა არის ხოლმე?

ჯემალი: 

ცისანას ყველაზე დიდი საჩუქარი არის ჩვენ მიმართ დიდი სიყვარული, მისი შვილების დიდი სიყვარული, მათი კარგი სწავლა. ცისანას უფროსი ვაჟი მალე მამა გახდება. ამას წინათ ცისანა მეუბნება, ხედავ, მამიკო, მალე დიდი ბაბუა გახდებიო. დადა დაბადებიდან ჩემთან იზრდება, ამიტომ დადას შვილს შევხედავ, როგორც შვილიშვილს (იღიმის).

ახლა თქვენ მკითხავთ, როგორი იყო ჩემთვის გასული წელი? ძალიან ბედნიერი!.. დადა დაოჯახდა… ცისანამ იპოვა თავისი ბედნიერება… მე ყოველთვის ვიტყვი იმას, რომ ქალი არასდროს გაურბის ბედნიერებას. ქალი, რომელიც რამდენიმეჯერ თხოვდება, ბედნიერებას არ გაურბის. როცა ცისანამ თავისი ბედნიერება იპოვა და მე ეს გავიგე, ორივეს ვუთხარი, ცისანასაც და ოთარ გიორგობიანსაც – ღმერთმა ქნას, იყოთ ერთად იქამდე, სანამ ბედნიერები იქნებით-მეთქი!.. მჯერა, რომ ბედნიერები იქნებიან ძალიან, ძალიან დიდხანს და ამით მე ვიქნები ბედნიერი.

მამა რომ ასეთი ბედნიერია, ცისანა, ალბათ, შენც ორმაგად კარგად გრძნობ თავს… 

არასდროს მითქვამს არსად და ექსკლუზიურად ვიტყვი თქვენთან,  ემოციებმა მოიტანა ამის თქმის სურვილი – წლების წინ მამამ ასეთი სიტყვები მითხრა და ახლაც ცრემლები მადგება, არ მინდა, ისე მოვკვდე, რომ შენი დარდი გამყვესო… ღმერთმა მამაჩემი ძალიან დიდხანს კარგად ამყოფოს და დატკბეს ჩემი ბედნიერებით, მაგრამ ახლაც მეტირება, რადგან ვიცი, რომ მამაჩემს ჩემი დარდი არ ექნება. მამა მხედავს ბედნიერს, მშვიდს. ბევრ რამეზე არ მინდა საუბარი, მაგრამ ამ სურვილის ასრულება მინდოდა მამისთვის. მინდა, დიდხანს იყოს ამით ბედნიერი.

ძალიან კარგი მამა-შვილობა გაქვთ. ეს, სიყვარულთან ერთად, რამ განაპირობა? ჰგავხართ ძალიან ერთმანეთს?

ჯემალი:

მთლად ერთნაირები ვერ ვიქნებით. ზოგი რამ მანანასი აქვს, ზოგი – ჩემი, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მანანა ძალიან მიყვარს, ცისანას ყველა თვისება მიყვარს (იცინიან). ცისანა მთელი ცხოვრება ბედნიერებას ეძებდა. მე მთელი ცხოვრება ბედნიერი ვარ, ამიტომ დღეს უკვე მე და ცისანა ერთ ზოლზე ვდგავართ, ორივე ბედნიერები ვართ. იპოვა… თვითონ. მე კი არა, ღმერთმა აპოვნინა, ჩემმა ლოცვებმა, ჩემმა განცდებმა, მისი შვილების განცდებმა აპოვნინა…

ცისანა:

ჯემალს არაერთხელ უთქვამს, მე ცისანა არასწორად გავზარდე, ძალიან ლამაზად და სუფთად უყურებს ამ სამყაროს და ასე არ უნდა გამეზარდაო. ჯემალი ჩემზე სუფთაა, მე კიდევ რაღაცებმა უფრო მეტად ამახელინა თვალი… თუ ჯემალი მიიჩნევს, რომ არასწორად გამზარდა, აღზრდის ბრალი არ არის, ეს გენეტიკაა (იღიმის).

მამა-შვილს შორის ასეთი ურთიერთობა დედისთვის საეჭვიანო არ არის?

ჯემალი:

შეეგუა უკვე…

ცისანა:

რაღაცებს არ ვეუბნებით ხოლმე. ყოფილა რაღაც, ჯემალისთვის მომიყოლია და მერე დედისთვის. ჯემალს დედაჩემზე ადრე სცოდნია.

ჯემალი:

მანანას ხშირად უთქვამს, ცისანას ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ მამამისზე გიჟდებაო. ამას ისე ამბობს, თან, ბედნიერია, მაგრამ… (იღიმის). თუმცა რაც უნდა ვთქვათ, დედა მაინც დედაა…

როგორია 2024 წლის სურვილები?

ცისანა: 

სულიერი, მორალური სიმშვიდე… სიმშვიდე ოჯახსა და ქვეყანაში… ჩემი მშობლების და შვილების კარგად ყოფნა. არავის ცუდი ამბავი არ მინდა გავიგო…

ჯემალი:

არ მიყვარს წუწუნი… არც მეოცნებე ვარ… ყველაფერს ისე ვიღებ, როგორც არის… მინდა, მომავალ წელს უარესობა არ იყოს. ეს არის მთავარი…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

magti 5g