რითეილ სექტორი საქართველოში 2019 წლის მაჩვენებლებზე დაბრუნებას 2022 წლისთვის გეგმავს. სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში კომპანია „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა ისაუბრა.
– როგორ აჯამებთ მუშაობის განახლების თითქმის 2 კვირიან პერიოდს? უკვე აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც – ამან თუ გაზარდა მომხმარებლის ნაკადები?
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ახლახან გაიხსნა, ამიტომ, ჯერ ადრეა ამის შეფასება. თუმცა, რომ შევხედოთ უკვე 1-ლი თებერვლიდან გახსნის პერიოდს, სიმართლე გითხრათ, მოლოდინებს გადააჭარბა, აშკარად დადებითი დიმანიკა გვაქვს. პირველი გახსნის შემდეგ, 1-ლი ივნისიდან 28 ნოემბრამდე, სანამ ჩაიკეტებოდა რითეილი, დაახლოებით, 35%-ით იყო შემცირებული როგორც ნაკადები, ისე შემოსავლები შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ახლა კი, გახსნის შემდეგ, ძალიან დიდი ზრდა არის შარშანდელთან პერიოდთან შედარებით. ეს იმითაც აიხსნება, რომ ერთი თვე ჩაკეტილები ვიყავით და ბუნებრივია, დაგროვდა მოთხოვნა. შესაძლოა, ეს დინამიკა დიდხანს ასე არ გაგრძელდეს, მაგრამ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ გაყიდების საკმაოდ კარგ მაჩვენებლებს.
-უფრო მეტად რა ტიპის საქონელზეა მოთხოვნა – რას ყიდულობენ ყველაზე დიდი რაოდენობით „ლოქდაუნის“ შემდეგ?
ჩვენ ვიფიქრეთ, რომ თავიდან ეს იქნებოდა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისათვის შენაძენები. ანუ, ვთქვათ, ტემპერატურული ცვლილებებიდან გამომდინარე ყოველდღიური სამოსი – თუმცა, არ არის ასე გამოკვეთილად, როგორც ჩანს, არის რაღაც მონატრების მომენტი და მძიმე ვითარებიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება შოპინგია, საკუთარ თავს საჩუქარსაც უკეთებს ხალხი. განსაკუთრებით, საბავშვო პროდუქციის მიმართულებით არის გაზრდილი მოთხოვნა: საბავშვო სამოსი, ფეხსაცმელი… თანაც, იქიდან გამომდინარე, რომ სწავლის დაწყება დაანონსდა, უკვე გამოსასვლელი ტანსაცმელი გახდა საჭირო.
– ამ ეტაპზე, რა გამოწვევები რჩება რითეილ სექტორის წინაშე?
ახლა ყველაზე დიდი სირთულე არის შაბათ-კვირის შეზღუდვა, რადგან ძირითადი ნაწილი ჩვენი შემოსავლების, დაახლოებით 40%, მოდიოდა შაბათ-კვირაზე. როგორც იცით, შაბათ-კვირას ჩვენ დახურულები ვართ, რაც შეეხება დანარჩენ დღეებს, ვმუშაობთ მხოლოდ საღამოს 7 საათამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დასაქმებული მომხმარებელი, რომელიც დაახლოებით 7 საათამდე მუშაობს, ვერ მოდის სავაჭრო ცენტრებში. მაშინ როცა ისინი არ მუშაობენ – ანუ შაბათ-კვირას, ჩვენ დაკეტილები ვართ. ეს ნამდვილად პრობლემას ქმნის და იმედი გვაქვს, რომ ეს შეზღუდვაც მოიხსნება გამომდინარე იქიდან, რომ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებისკენაა.
– თუ გაქვთ უკვე ზარალი დათვლილი, რაც პანდემიამ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ მიაყენა?
დაახლოებით, 100 მილიონი ლარის მიუღებელი შემოსავალი არის, რაზეც ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს არის დაახლოებით ნახევარი იმის, რაც იყო დაგეგმილი პანდემიამდე, ამ ფინანსურ წელში. ანუ, შარშანდელთან შედარებით, ჩვენი შემოსავლები განახევრებულია, თუმცა თუ გამოვაკლებთ იმ 4 თვეს, როდესაც ჩვენ ჩაკეტილები ვიყავით, დანარჩენ 8 თვეში გვაქვს დაახლოებით 30%-იანი ვარდნა. ანუ, როცა გახსნილები ვიყავით 30%-ით ნაკლებს ვვაჭრობდით, როცა არ ვიყავით გახსნლები, ბუნებრივია – ნულს. შესაბამისად, ჯამში გამოდის შემოსავლების განახევრება.
– ვიცით, რომ უკვე რამდენიმე საერთაშორისო ბრენდმა დატოვა საქართველო… უშუალოდ, „რითეულ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ბრენდებს რაც შეეხება, პანდემიის გამო, მათი რაოდენობა ხომ არ შემცირდა?
აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი ინტერპრეტაცია გავაკეთოთ ბრენდების გასვლა-შემოსვლის საკითხზე. პანდემიიდან გამომდინარე, არც ერთი ბრენდი არ გასულა ბაზრიდან, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პორტფელიდან. 8 წელია, რაც ბაზარზე ვართ და მუდმივად ზოგიერთი ბრენდი გადიოდა, ზოგი- შემოდიოდა და ამას აქვს ძალიან ბევრი ახსნა, როგორც ბიზნესამოცანებიდან გამომდინარე, ასევე თვითონ ბრენდების სტრატეგიიდან გამომდინარე. ამიტომ, ის ბრენდები, რომლებიც გავიდნენ, მათი გასვლა არ უკავშირდება უშუალოდ საქართველოს პრობლემატიკას, ეს უკავშირდება ბიზნესგადაწყვეტილებებს, როგორც ფრენჩაიზ ოპერატორების მხრიდან, ასევე თვითონ ბრენდების მხრიდან. ბრენდის გასვლა პანდემიასთან კავშირში იქნება, როდესაც ესა თუ ის ბრენდი გაკოტრდება მშობლიურ ქვეყანაში – მაგალითად, თუ არის ინგლისური ბრენდი, ის გაკოტრდა და გადაწყვიტა, რომ დახუროს თავისი ქსელი, ჩვენც ასეთ შემთხვევაში მივყვებით ამ პროცესს. თუმცა, ფრენჩაიზ ოპერატორები თუ ხურავენ მაღაზიებს ეს არის განპირობებული მათი ეკონომიკური მდგომარეობით, მათ უბრალოდ, ფინანსური სახსრები აღარ აქვთ, რომ ქსელი მართონ – ეს მომხდარა და ამ რთული წლის განმავლობაშიც არა ერთხელ მოხდება. საბედნიეროდ, ეს ჩვენს ქსელს ჯერ არ დამუქრებია, ასე თუ ისე, გადავიტანეთ ეს პერიოდი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარ დავუბრუნდეთ შეზღუდვებს…
ჯერჯერობით, ახალი ბრენდები შემოვიყვანეთ. გავხსენით 3 ახალი მაღაზია, კიდევ 3-ის გახსნას ვგეგმავთ. რამდენიმეს დახურვასაც ვაპირებთ, მაგრამ როგორც გითხარით, ეს არ უკავშირდება უშუალოდ პანდემიას. ეს არის ჩანაცვლება ბრენდების. ჩვენ დავხურეთ ბრენდი „ლიპსი“, რომელიც მხოლოდ ერთი იყო საქართველოში, მასშტაბს ვერ ვქმნიდით და ბიზნესამოცანებიდან გამომდინარე დავხურეთ იმიტომ, რომ ერთი ბრენდის ერთი მაღაზია არ არის რენტაბელური. წარმატებული ოპერირების შემთხვევაში, ბრენდი რამდენიმე მაღაზიით მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ჩვენი კომპანია არის საერთაშორისო და საქართველოს გარდა, ვართ წარმოდგენილი სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში- ჯამში 11 ქვეყანაში… ამიტომ, ამ ბრენდების გახსნა-დახურვის სტრატეგია, არა მხოლოდ განყენებულად საქართველოს თვალსაზრისით განიხილება, არამედ რეგიონში. როდესაც, მაგალითად „ლიპსი“ ჩვენს რეგიონში მეტი ვერ გავხსენით, გადავწყვიტეთ რომ დაგვეკეტა. ანალოგიურად არის მაგალითად, ბრენდი „ქვიზი“, რომელიც დახურვისკენ წავა. სამაგიეროდ, მათ ადგილას ახალი ბრენდები იხსნება. მაგალითად, უკვე გავხსენით „მანგოს“ კაცის ხაზის 2 მაღაზია.. კოსმეტიკის 3 მაღაზიას გავხსნით მაისის პირველ კვირაში…
– როგორია თქვენი პროგნოზი, რა დრო დასჭირდება სრულიად რითეილ სექტორს იმისთვის, რომ 2019 წლის მაჩვენებლებს დაუბრუნდეს?
ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2021 წლის პირველი ნახევარი 2020 წლის გაგრძელებაა და აქ დიდი იმედები არ უნდა გვქონდეს. ალბათ, ისევ გაგრძელდება 20-30%-ით კლება. წლის მეორე ნახევარში, სადღაც სექტემბრიდან, ალბათ, 2019 წლის მაჩვენებლებს მივუახლოვდებით ასე -10-15%-ით. ხოლო, 2022 წლიდან, შეიძლება, 2019 წლის მაჩვენებლებს გავუთანაბრდეთ.