მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საახალწლო მიზნების ვერ მიღწევა უმეტეს შემთხვევაში არა სუსტი ნებისყოფის, არამედ ე.წ. „დოფამინის ხაფანგისა“ და მკაფიო სტრატეგიის არარსებობის შედეგია. ამის შესახებ ესპანური გამოცემა summitcs-ი წერს.
ფსიქოლოგი აურორა ლოპესი განმარტავს, რომ ბევრი გადაწყვეტილება არა გააზრებული არჩევანი, არამედ ემოციური აღმაფრენაა. მისი თქმით, დოფამინი – ნეირომედიატორი, რომელიც მოტივაციასა და სიამოვნების განცდასთან არის დაკავშირებული, გვიბიძგებს მოქმედებისკენ, თუმცა მისი ეფექტი ხანმოკლეა. შედეგად, ადამიანები ხშირად ერთმანეთში ურევენ სურვილს დაწყებისა და რეალურ მზადყოფნას სისტემური ცვლილებისთვის.
2024 წელს University of Adelaide-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვევების შეცვლის მცდელობების 91% იანვრის ბოლომდე მარცხით სრულდება, თუ წინასწარი გეგმა არ არსებობს.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები
- პერფექციონიზმი და პრინციპი „ყველაფერი ან არაფერი“
- მოქნილობის არქონა („თუ იდეალურად არ გამოვიდა, ვანებებ თავს“)
- იმპულსური გადაწყვეტილებები კონკრეტული „როგორ“ და „როდის“ გეგმის გარეშე

რას გვირჩევენ ექსპერტები
- ამოცანების დანაწევრება: მცირე, ახლო ვადაში მისაღწევი შედეგები უფრო ეფექტურია, ვიდრე შორეული და ბუნდოვანი მიზნები.
- მიზნების გაზომვადობა: ნაცვლად ფრაზისა „დავიწყებ სირბილს“, უკეთესია კონკრეტული ფორმულირება – „ვივარჯიშებ ორშაბათსა და ოთხშაბათს დილის 8 საათზე“.
- შეცდომების გათვალისწინება: გეგმის დაახლოებით 20% დატოვეთ მოულოდნელობებისა და დაღლილობისთვის.
- „გეგმა B“-ს ქონა: მოტივაციის დაკარგვის შემთხვევისთვის წინასწარ განსაზღვრული ალტერნატივა.
- მოქნილობა: ინდივიდუალური გზის პოვნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მკაცრი ჩარჩოები.
ექსპერტების შეფასებით, წარმატებული ცვლილება ემოციურ იმპულსზე კი არა, რეალისტურ დაგეგმვასა და ეტაპობრივ პროგრესზეა დამოკიდებული.