დაახლოებით 60 მეტრის სიგრძის ასტეროიდი 2024 YR4 შესაძლოა 2032 წლის 22 დეკემბერს მთვარეს შეეჯახოს და დედამიწაზე მასშტაბური მეტეორული წვიმა გამოიწვიოს. ამის შესახებ წერს გამოცემა ScienceAlert, რომელიც ცინგხუას უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფს ეყრდნობა.
კატასტროფის ალბათობა დაახლოებით 4 პროცენტია. შეჯახების დროს გამოთავისუფლებული ენერგია იქნება საშუალო სიმძლავრის თერმობირთვული აფეთქების ტოლფასი. მთვარის ზედაპირზე წარმოიქმნება დაახლოებით 1 კილომეტრის დიამეტრის და 150-260 მეტრის სიღრმის კრატერი. დარტყმა ასევე გამოიწვევს მთვარის მიწისძვრას 5.0 მაგნიტუდით, რაც აქამდე დაფიქსირებულ მსგავს მოვლენათა შორის ყველაზე მასშტაბური იქნება.
ამ სცენარის შემთხვევაში, შეჯახების შემდეგ მთვარის ნამსხვრევები დედამიწისკენ დაიძვრება. აქტივობის პიკზე მოსალოდნელია საათში 20 მილიონამდე მეტეორი, რომელთა დიდი ნაწილი შეუიარაღებელი თვალითაც იქნება ხილული. სპეციალისტების პროგნოზით, ყველაზე დიდი ფრაგმენტები – 400 კილოგრამამდე წონით, ატმოსფეროში სრულად არ დაიწვება და დედამიწის ზედაპირს მიაღწევს. მათი ჩამოვარდნის ზონა მოიცავს სამხრეთ ამერიკას, ჩრდილოეთ აფრიკას და არაბეთის ნახევარკუნძულს.

ნამსხვრევების შეჯახებამ ხელოვნურ თანამგზავრებთან შეიძლება გამოიწვიოს კესლერის სინდრომი – ორბიტაზე არსებული ინფრასტრუქტურის ჯაჭვური განადგურება. ასეთ შემთხვევაში, დედამიწის მახლობელი კოსმოსური სივრცე მრავალი წლის განმავლობაში გამოუსადეგარი გახდება.