ჩინეთის მკვიდრმა ლეკვი იყიდა, რომელიც შემდეგ საკმაოდ საშიში მტაცებელი, ჰიმალაიური დათვი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mirror ავრცელებს.
სუ იუნმა 2020 წელს შვებულების დროს ლეკვი შეიძინა, როგორც თავად ფიქრობდა – ტიბეტური მასტიფის ჯიშის. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ქალს მხოლოდ ცხოველის მადა აოცებდა.
„ის ყოველ დღე ძალიან ბევრს ჭამდა. რაც უფრო მეტად იზრდებოდა, მით უფრო ემსგავსებოდა დათვს. მე ცოტა მეშინია დათვების.“
შემდეგ ჭამის მოყვარულმა „მასტიფმა“ უკანა ფეხებზე სიარული დაიწყო. ამის შემდეგ სუმ ცხოველთა დაცვის სამსახურს მიმართა, რათა დაედგინა თუ რა იყიდა სინამდვილეში. სპეციალისტებმა ცხოველში გადაშენების პირას მყოფი მურა, იგივე ჰიმალაიური დათვი ამოიცნეს. დაკვირვების შემდეგ დადგინდა, რომ დათვის წონა უკვე 113 კილოგრამი იყო.
გარეული ცხოველების ადამიანებთან ყოფნა საშიშია, ამიტომ ჩინელმა დათვი სპეციალურ ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას ბუნებრივ პირობებში ცხოვრებას და საკვების მოპოვებას ასწავლიან.