შვედეთში დაიწყო კამპანია Stay Quiet, რომლის მიზანია აჩვენოს, რამდენად სერიოზული პრობლემაა ხმაურის დაბინძურება.
ქვეყნის სამხრეთ რეგიონმა – სკონემ, გერმანიიდან, დანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან შერჩეულ სამ წყვილს შესთავაზა, მონაცვლეობით რამდენიმე დღე სრულიად უფასოდ ეცხოვრათ ტყეში მდებარე მყუდრო კოტეჯში. თუმცა სტუმრებს მკაცრი პირობის დაცვა ევალებოდათ – თითქმის სრული სიჩუმე, საუბარიც კი მხოლოდ ჩურჩულით იყო ნებადართული. ხმაურის დონის გასაკონტროლებლად კოტეჯი სპეციალური მოწყობილობით აღჭურვეს.
ხმის მაქსიმალური ზღვარი 45 დეციბელი დაადგინეს – დაახლოებით ისეთ დონეზე, როგორიც ბიბლიოთეკაშია. ამ ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში, წყვილს კოტეჯს დაუყოვნებლივ დაატოვებინებდნენ.
პროექტის ინიციატორების თქმით, ხმაურის დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ეკოლოგიური პრობლემაა. კვლევები აჩვენებს, რომ მუდმივი ხმაური ზრდის შფოთვის დონეს, არღვევს ძილს და უარყოფითად მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ქალაქის ხმაურის მავნე გავლენასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ბუნებას, რომელსაც აღდგენითი ეფექტი გააჩნია. ის აუმჯობესებს კონცენტრაციასა და მეხსიერებას და ეხმარება ორგანიზმს სტრესის შემდეგ აღდგენაში.
პროექტი ერთდროულად ექსპერიმენტიცაა – ორგანიზატორებს სურთ გაიგონ, როგორ გრძნობენ ადამიანები თავს ტყის გარემოში, ტელევიზორისა და მუსიკის გარეშე, ინტერნეტის გამოყენების გარეშე და მინიმალური კომუნიკაციით. ამასთან, მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარ თავზე გამოცადონ, რას ნიშნავს ცხოვრება სიმშვიდესა და სიჩუმეში, ბუნების გარემოცვაში.
ექსპერიმენტი გრძელდება – უახლოეს მომავალში შემდეგი სამი წყვილი შეირჩევა.
ეს პროექტი წარმოადგენს სკონეს გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს, რომლის მიზანია ბუნებაში არსებული მშვიდი ადგილების პოპულარიზაცია ტურისტულ მიმართულებად. მანამდე რეგიონმა გამოუშვა აპლიკაცია „სიჩუმის რუკა“, რომელიც მოიცავს 26 ბუნებრივ ზონას დადასტურებულად დაბალი ხმაურის დონით.