LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკო ყაველაშვილის ინდოელი მეუღლე, ორი ქორწილი და ქართველი დედამთილი: „გარკვევით გამოვხატე ჩემი აზრი იმ უზრდელი ადამიანებისადმი, ვინც არ იცის, როგორ გამოხატოს კრიტიკა ისე, რომ სხვა ადამიანს შეურაცხყოფა არ მიაყენოს…“

2337
თიკო ყაველაშვილი

ინფლუენსერი თიკო ყაველაშვილი ახლახან გათხოვდა. მისი რჩეული ინდოელია, რომელსაც ქართველი დედა ჰყავს. წყვილი უკვე გადავიდა საცხოვრებლად დუბაიში. სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია წყვილის ინდურმა და შემდეგ ქართულმა ქორწილმა. აღსანიშნავია, რომ თიკოს რჩეული ქრისტიანია, შესაბამისად, საქართველოში ჩამოსულმა წყვილმა ჯვარი დაიწერა. თიკოს მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეო თუ ფოტომასალამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო, მაგრამ იყო ნეგატიური კომენტარებიც. საკუთარ სიყვარულსა და ქორწილებზე თიკო fortuna.ge-ს ესაუბრა.

თიკო, გილოცავთ დაქორწინებას. მოგვიყევით, როგორ შეხვდით თქვენს რჩეულს?

უღრმესი მადლობა!.
მე და ომარი ერთმანეთს შევხვდით ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, პირველ იანვარს. ჩვენი საერთო მეგობრის ოჯახში. ომარი დუბაიში ცხოვრობდა და სტუმრად ჩამოვიდა საახალწლოდ, მე კი ახალი გაცნობილი მყავდა ნინო, ვიზაჟის კურსი გავიარეთ ერთად და სულ მეუბნებოდა, რომ ძალიან ვგავდი მის მეგობარს ხასიათით, ბუნებით, ამბობდა, უნდა გაგაცნო და დუბაიში გაგათხოვოო (იღიმის). ამაზე მაშინ მეცინებოდა და ვერ აღვიქვამდი სერიოზულად, რადგან არ ვგეგმავდი არავისთან ურთიერთობას უახლოესი 2 წელი მაინც…
და მაინც, გულმა მიბიძგა იმ საღამოს მივსულიყავი მათთან, სადაც ვიცოდი, რომ ომარი იქნებოდა, გზაში თითქოს გული საგულედან მივარდებოდა, უცნაური და ენით აღუწერელი შეგრძნობა მქონდა… და მაშინ, როდესაც შევხვდით ერთმანეთს და ხელი გამომიწოდა – „გამარჯობა, მე ომარი მქვია“, ხელის შეხება და მის თვალებში ჩახედვა საკმარისი აღმოჩნდა იმ შეგრძნების ასახსნელად, რაც არ მასვენებდა, ეს ადამიანი იყო ჩემი სულიერი პარტნიორი, ჩემი გულის ნაწილი და ჩემი ცხოვრების თანამგზავრი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ერთი ნახვით ადამიანის შეყვარებას  შევძლებდი, მაგრამ ომარმა ეს მოახერხა მისი კეთილი თვალებით, სუფთა გულით, თბილი ღიმილითა და მოწიწებით.

სრულიად შეცვალა ჩემი გეგმები 2 საათში, მიძღვნიდა სიმღერებს, მომღერალი იყო და მისი ტკბილი სიმღერები გულში ღრმად შემოვიდა, პირველი ცეკვაც კი იმავე ღამეს გვქონდა. ეს დღე იყო ჩვენი ზღაპრული ურთიერთობის საწყისი, ქართველი – ინდოელი ბიჭი დუბაიდან, ქართველი გოგო საქართველოდან შეხვდნენ ერთმანეთს და შეუყვარდათ ერთმანეთი, ამის შანსი 1% იყო და 01.01.2025 წელს მოვიდა ჩვენთან.

როგორ გადაწყვიტეთ დაქორწინება?

ომარი 10 დღით იყო ჩამოსული, ყოველ დღე ერთად ვიყავით, ვიკრიბებოდით სამეგობრო, შობის სასწაული ღამეც ერთად გავატარეთ, საიდანაც უკვე ოფიციალურად უკვე შეყვარებულები ვიყავით, ჯადოსნურად და ულამაზესად ჩაიარა ამ დღემაც, მაგრამ დადგა დღე, როდესაც დუბაიში უნდა დაბრუნებულიყო, შვებულება ამოეწურა. ასეთი რთული თუ იყო დამშვიდობება, ვერასდროს წარმოვიდგენდით, თითქოს გულის ნაწილს ვუშვებდით სამყაროს სხვა მხარეს, თუმცა მივიჩნევდით, რომ ეს ჩვენი სიყვარულის გამოცდა იყო. ომარი ამავე დღეს არჩევდა ნიშნობის ბეჭედს, რადგან დარწმუნდა ბოლომდე, რომ მე ვიყავი ის ქალი, რომელთან ერთადაც უნდოდა გაეტარებინა მთელი ცხოვრება. თებერვალში კი უკვე მე ვესტუმრე დუბაიში, ულამაზესი დღეები გვქონდა, განსაკუთრებით კი სიყვარულის დღე, პრინცესული მულტფილმები გამიცოცხლდა და ზღაპრული საღამო გვქონდა: იახტით გავისეირნეთ ზღვაში, პრინცესული კაბა მეცვა, ომარი კი ნამდვილ პრინცს ჰგავდა, ულამაზესი დიდი მთვარე და ვარსკვლავები, სიმღერები, ცეკვები გადაღებები, საჩუქრები გავცვალეთ, ეს იყო სითბოთი სავსე საღამო.

შემდეგ უკვე მარტში ჩამოვიდა… 28 მარტს მაქვს დაბადების დღე, სიურპრიზად ერთი დღით ადრე მოვიდა, ძალიან გვიჭირდა უკვე ამხელა მანძილით შორს ყოფნა, ონლაინზარით ვვარჯიშობდით ერთად, ვამზადებდით ერთად, ვმუშაობდით და ვიძინებდით ერთად, ფაქტობრივად, მთელი დღე ონლაინ ვიყავით ერთმანეთთან.
ეს ყველაფერი კი დასრულდა 28 მარტს, როდესაც მან ხელი მთხოვა, ეს იყო ზღვა ემოცია, ზღვა სიხარული ჩვენს მეგობრებთან და ოჯახებთან ერთად…

თქვენი რჩეულის და მისი ოჯახის შესახებ მოგვიყევით, როგორც ვიცით, დედა ქართველი ჰყავს…
ომარს ჰყავს შესანიშნავი დედიკო, ნათია,რომელიც გურულია, ოზურგეთიდან არის და ინდოეთშია გათხოვილი. მადლობა მას, რომ ქართული ასწავლა ღრმა ბავშვობიდან, ხშირად ჩამოჰყავდა საქართველოში, ასწავლა ქართული კულტურა და ტრადიციები. მისთვის განსაკუთრებულად სასიხარულო იყო, რომ ქართველი რძალი ჰყავს და ჩვენ დედა-შვილური ურთიერთობა გვაქვს…

ჩვენი ნიშნობის შემდეგ წავედით ინდოეთში, სადაც გავიცანი ომარის უსაყვარლესი მამა და მისი ოჯახი. პირველივე შეხვედრაზე მეგობრული, ჯანსაღი და იუმორით სავსე ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ვგრძნობდი, რომ მასაც ისევე მოვეწონე, როგორც მე, მეორე დღეს წავედით საოცარ  თაჯ-მაჰალში, გზაში ომარს ურეკავს მამა და ეუბნება: აღარ ვაგვიანებთ, ხვალვე გაგიკეთებთ ქორწილს, ეგ გოგო ის არის, ვინც უნდა იყოსო… მან ჩემი სული ამოიცნო და შეისწავლა. ასე და ამგვარად, გვქონდა ინდური ტრადიციული ქორწილი, ულამაზესი ტრადიციული სამოსით, გამიკეთეს ინდური სამკაულები, მომიხატეს ხელები, დამაწერეს ომარის სახელი ხელის გულებზე, უფროსების დალოცვები და ტრადიციული ცეკვები. ულამაზესი იყო, ჩვენს დროს რომ ინდურ ფილმებს ვუყურებდით, ის გამოცოცხლდა გონებაში, მისი ოჯახი არის უზომოდ თბილი, მოწესრიგებული და მზრუნველი. ჩემი მეუღლის ოჯახი დელიდანაა.

საქართველოში დაბრუნების დრო დადგა, სადაც მოვაწერეთ ოფიციალურად ხელი და გადავედით დუბაიში, თანაცხოვრება იმაზე ტკბილი და კარგი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებით, გვეიმედება და პატივს ვცემთ ერთმანეთს. 6 თვის შემდეგ ჩამოვედით საქართველოში, რადგან დაგვეწერა ჯვარი და გადაგვეხადა ქართული ქორწილი. რადგან დუბაიში ვცხოვრობთ, ონლაინ, ვიდეოზარებით დავგეგმეთ და გავაკეთეთ ყველაფერი, დაწყებული კაბით, დეკორატორით, წამყვანით, ვიდეოგრაფით, ფოტოგრაფი, მანქანა, რესტორანი და კიდევ უამრავი დეტალი, – ყველაფერს გავუმკლავდით იდეალურად. გვქონდა ულამაზესი სამეფო ქორწილი.25 ოქტომბერს იყო ჩვენი ჯვრისწერა და ქორწილი, ჯვარი დავიწერეთ სამებაში, ბევრს კითხვა უჩნდებოდა ომარის რელიგიასთან დაკავშირებით, ომარი ქრისტიანია, მონათლულია და ჯვრისწერაც, ცხადია, გვქონდა.

ქორწილის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი, როგორ უყურებთ კრიტიკას, რომელიც თქვენს გულახდილ დეკოლტეს მოჰყვა?

აღსანიშნავია, რომ ქორწილის ფოტოების დადების შემდეგ მაქვს მილიონობით ნახვა, ბევრი ლამაზი და დადებითი კომენტარი… როგორც ყველგან, რაც უნდა კარგი რამ იყოს, ჩვენთანაც არის ნეგატიური ხალხი, რომლებმაც აღარ იციან, თავიანთი წარუმატებელი ცხოვრების ღვარძლი სად გადაიტანონ. ჯანსაღ კრიტიკას ვიღებდი და ვიღებ, მილიონობით ადამიანიდან ყველას მოსაწონი ვერ ვიქნებით, მით უმეტეს მათი, ვისაც სხვა შეხედულება აქვს ცხოვრებაზე. მე მათ ვერც და არც ავყვები, ერთი პოსტი დავდე, სადაც გარკვევით გამოვხატე ჩემი აზრი იმ უზრდელი ადამიანებისადმი, ვინც არ იცის, როგორ გამოხატოს კრიტიკა ისე, რომ სხვა ადამიანს შეურაცხყოფა არ მიაყენოს, მით უმეტეს, სრულიად უცხო გოგონას. არ მიყვარს ვინმეს დამცირება, დაბულინგება ან ზემოდან ყურება, მაგრამ ისეთები წერენ უხამს კომენტარებს, ვისზე მეტი განათლებაც მაქვს, შეგნებაც და დაგროვილი მიღწევებიც 27 წლის ასაკში. აქედან გამომდინარე, მე მხოლოდ შემიძლია პოზიტიურ ადამიანებს გამოვეხმაურო და უღრმესი მადლობა გადავუხადო ამდენი სიყვარულისა და პატივისცემისთვის.

7 წელია ინფლუენსერი ვარ, მყავს ნანახი ყველანაირი საზოგადოება, იმუნიტეტი მაქვს ნეგატივზე, არც გავლენას ახდენს ჩემზე, მათი უხამსი კომენტარები მათივე ოჯახსა და აღზრდას აჩვენებს, მინდა აღვნიშნო, რომ უმეტესობა აქედან წარუმატებელი, ცხოვრებისგან დაჩაგრული ქალია, სხვა საქმე რომ არ აქვს და ყველა ქალის პოსტზე ნეგატივით შერბიან. მაგრამ არ დავივიწყებ იმ ქალებსაც, ვინც პოზიტივს ასხივებენ…

ხართ ინფლუენსერი უამრავი გამომწერით. ახლა როგორი იქნება თქვენი სოციალური ქსელები, ოჯახური ამბების შესახებ მოუყვებით თქვენს გამომწერებს?

დაოჯახების შემდეგ, ჩემს აუდიტორიას გავუზიარებ როგორც ოჯახურ ვლოგებს და პოსტებს, ასევე ისევ ჩემს პროფესიულ, სამოტივაციო თუ სხვას სახის მასალას, როგორც აქამდე ვაკეთებდი.

დუბაიში აპირებთ ცხოვრებას?

მეც უკვე დუბაიში ვმუშაობ, როგორც პერსონალური ფიტნესინსტრუქტორი, ასევე ვავარჯიშებ ონლაინ რეჟიმში ქართველებს, მაქვს მარათონები და ბევრი სხვა საქმიანობის სფერო…

magti 5g