ვარშავის ზოოპარკში ამოქმედდა მსოფლიოში პირველი „ფრინველმატი“ – 24-საათიანი პუნქტი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ დაშავებული ფრინველი ნებისმიერ დროს მიიყვანონ და რეაბილიტაციის ცენტრის სპეციალისტებს გადასცენ.
ინიციატივა მიზნად ისახავს დაზიანებული ფრინველებისთვის სწრაფი და ხელმისაწვდომი დახმარების უზრუნველყოფას.
დაშავებულ ფრინველებზე შეტყობინებების პიკი ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე ფიქსირდება – სწორედ ამ პერიოდში იღებენ ქალაქის სამსახურები ყველაზე მეტ ზარს. აქამდე დახმარება დამოკიდებული იყო ზოოლოგიური სამსახურის სამუშაო გრაფიკსა და დატვირთვაზე; მიღების მოლოდინი ხშირად საათები გრძელდებოდა, რაც მძიმე ტრავმის მქონე ფრინველისთვის შესაძლოა კრიტიკული აღმოჩენილიყო.
ახლა ფრინველის დატოვება შესაძლებელია სპეციალურად აშენებულ პავილიონში, თანამშრომლებთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე.
შიგნით განთავსებულია სხვადასხვა ზომისა და სახეობის ფრინველისთვის განკუთვნილი ბოქსები – პატარა ჩიტებიდან ყარყატებამდე. პავილიონი ორ ზონადაა გაყოფილი: ერთ მხარეს მოქალაქეები ათავსებენ ფრინველს სპეციალურ უჯრაში, მეორე, მომსახურე მხარეს კი თანამშრომლები იღებენ მას. დღის განმავლობაში სპეციალისტები ბოქსებს ყოველ ნახევარ საათში ამოწმებენ, ღამით – საათში ერთხელ.

კედელზე განთავსებულია წესები: დაიცვან სიჩუმე, არ გახსნან დაკავებული უჯრები, არ დააკაკუნონ კარებზე და შიგნით არ მოათავსონ საკვები ან უცხო ნივთები.
პუნქტი აღჭურვილია გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებით. ყუთებში გაკეთებულია ჰაერის ხვრელები, ხოლო ძირი დაფარულია რბილი მასალით, რათა ტრავმირებული ფრინველი მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში მოთავსდეს.
პროექტის ინიციატორები ცხოველთა დაცვის აქტივისტები არიან. მას შემდეგ, რაც იდეამ ვარშავის მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვა, „ფრინველმატის“ დაფინანსება ქალაქის ბიუჯეტიდან გადაწყდა.