მომღერალ აჩიკო ბერიძის ცხოვრებაში 2 წლის წინ განსაკუთრებული ამბავი დაიწყო, რომელსაც ახლა უკვე მისი მეორე ნახევარი და ბავშვობის სიყვარული, ტელეჟურნალისტი ანა შამილაძე კინოსცენარს ადარებს – „ასეთ ისტორიებს ადამიანები ფილმებისთვის იგონებენ, ჩვენ კი ბუნებრივად გამოგვივიდა“, ამბობს ცნობილი მომღერლის საყვარელი ქალი fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, სადაც ლამაზი სიყვარულის ამბავს გვიამბობს…
ანა, თქვენს ჟურნალისტურ კარიერაზე ვისაუბროთ – როგორ მიხვედით ამ პროფესიამდე და საკუთარ გადაცემამდე?
პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ არ ვარ შეჩვეული ამ ფორმატს. როგორც წესი, გადაცემიდან გამომდინარე, თავად ვსვამ კითხვებს, მაგრამ ძალიან მიყვარს, როცა რესპონდენტები გულწრფელად მესაუბრებიან, ამიტომ შევეცდები, მეც გულწრფელი პასუხები გაგცეთ…

რაც შეეხება „აჭარის ტელევიზიას“, აქ სამუშაოდ მივედი დაახლოებით 9 წლის წინ. სამსახურის ძიებისას სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ტელევიზიაში. დავიწყე მუშაობა დილის გადაცემაში, თავიდან სიუჟეტებზე – შემდეგ კი გავხდი გადაცემის წამყვანი. მქონდა რუბრიკა „ყავა ბათუმში“. ერთი წლის განმავლობაში დილის გადაცემის ფარგლებში გადიოდა, მაგრამ რადგან მაყურებელმა აიტაცა, გადავწყვიტეთ მისი საავტორო გადაცემად ქცევა. ოდნავ სახეცვლილი სათაურით „ყავა ბათუმურად“ ის ცალკე გადაცემად იქცა…
„ყავა ბათუმურად” არის გადაცემა, სადაც რესპონდენტების მრავალფეროვნებას და საინტერესო თემებს გვთავაზობთ. რესპონდენტები ხშირად ბათუმთან არიან დაკავშირებულები. თქვენც ბათუმელი ხართ. თქვენთვის ეს ქალაქი, როგორც ვხვდები, ძალიან ბევრს ნიშნავს. როგორია თქვენი ბათუმი და რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

რაც უფრო ბათუმელი ხარ, მით უფრო ბათუმელი ხარ (იღიმის). ამიტომ მგონია, რომ ყველა ბათუმელს აქვს პასუხისმგებლობა თავისი ქალაქის მიმართ. ამ ქალაქს აქვს ბევრი რამ საამაყო. პირველ რიგში, ჩემთვის სენსიტიურია ძველი ბათუმი. როცა აქ ადამიანები ჩამოდიან, პირველ რიგში, მისი ავთენტიკურობის შეგრძნება სურთ. უამრავი შენობა-ნაგებობაა კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მათ განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ. სადაც უნდა წავიდე, რომც დავტოვო ბათუმი და ნებისმიერ სხვა ადგილას გადავიდე საცხოვრებლად, მაინც ყოველთვის შევეცდები, მის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანო. მგონია, რომ ყველა ბათუმელი ასეა.
თქვენი გადაცემის ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი, სადაც თქვენს მეორე ნახევართან, მომღერალ აჩიკო ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერეთ, საკმაოდ რეზონანსული გამოდგა. იყო ცრემლებიც და სიყვარულის ერთგვარი ახსნაც. როგორც გავიგეთ, ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობთ, თუმცა თქვენი ცხოვრებისეული გზები გქონდათ. როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?
რაც შეეხება ჩემი და აჩიკოს ისტორიას, ეს არის მართლა ისტორია, რომლებსაც ადამიანები სპექტაკლებისა და ფილმებისთვის სცენარებად წერენ. ჩვენ შემთხვევაში ეს ბუნებრივად გამოვიდა. ბაღშიც ერთად დავდიოდით და სკოლის პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ, თუმცა ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა უკავშირდება სტუდიას „ბავშვთა ოპერა“, სადაც უამრავი ბავშვი დადიოდა. ძალიან წარმატებული სტუდია იყო, სხვა რეგიონებში პრობლემები იყო, ჩვენ კი გასტროლებზე საზღვარგარეთაც დავდიოდით. იქ განსაკუთრებულად დავახლოვდით, ის იყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ჩემი მესაიდუმლე, ყველაფერს ვუყვებოდი, რაც ხდებოდა ჩემს ბავშვურ ცხოვრებაში. თუ ვინმე მაწყენინებდა, რამე მესიამოვნებოდა ან ვინმე მომეწონებოდა, ყველაფერს მას ვუმხელდი. თავად ახლა ამბობს, რომ მისი პირველი სიყვარული ვიყავი, მაგრამ ისეთი ბავშვები ვიყავით, ამას ვერ გავუმხელდით ერთმანეთს. 15-16 წლამდე ჩვენი მეგობრობა გრძელდებოდა, მერე მე ჩემს გზაზე წავედი, აჩიკო – თავისაზე და იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს. როცა აჭარის ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, აჩიკოს ხშირად ვიწვევდით სტუმრად და თითქოს რაღაც მოხდა. ბოლო სტუმრობა იყო საკრალური, დამპატიჟა თავის საღამოზე. მე ბოლომდე მეგონა, რომ ეს მიწვევა მეგობრული იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მას შემდეგ, მესამე წელია, რაც ერთად ვართ… გამოდის, რომ 32 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. გამოდის, რომ 29 წლის შემდეგ აჩიკო ბერიძემ თავისი პირველი სიყვარული დაიბრუნა… (იღიმის).

აჩიკომ აღგწერათ, როგორც ძალიან აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი – რას ამბობს კიდევ? რით მოხიბლეთ? და თქვენ როგორ მოგხიბლათ?
მგონია, რომ ჩვენი სიყვარული უპირობოა. კონკრეტული მიზეზები, თუ რატომ მიყვარს და რატომ ვუყვარვარ, არ არსებობს. ეს სიყვარული ხომ 32 წლის წინ დაიწყო… ჩვენი სიყვარული არის ბავშვურიც და ზრდასრულიც. პირველი და მნიშვნელოვანი არის ნდობა. ჩვენთვის ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე ლომები ვართ ზოდიაქოთი. ერთგულებასა და ნდობაზე დგას ჩვენი ურთიერთობა. ნდობას მოჰყვება უამრავი ბენეფიტი, რომანტიზმი, ქალ-ვაჟური აღმაფრენები, როცა ნდობა არსებობს, წყვილს შორის ფუნდამენტური სიმშვიდეა, რომელზეც ბევრი რამის დაშენება შეიძლება…
რაც ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა აჩიკოზე, გარდა იმისა, რომ გენიალური მომღერალია, იმდენი ღირსება აქვს, უსასრულოდ შემიძლია ჩამოთვლა. ჩემთვის აჩიკო არის ღირსების ეტალონი, ყველაზე სუფთა და წესიერი, იშვიათი ადამიანია.

აჩიკოს სიმღერა – განსაკუთრებულია. თქვენთვის ალბათ არაერთხელ მოუძღვნია სიმღერა. არის რომანტიკული მომენტები თქვენს ცხოვრებაში?
ეს ურთიერთობა თავიდან ბოლომდე რომანტიკაა. ძალიან გვსიამოვნებს უსასრულო საუბრები, ჩვენებური მიგნებები, ერთნაირ აზრებამდე მისვლა და ა.შ. ყოველი ახალი ამბავი, რაც ჩვენს ურთიერთობაში ხდება, თითქოს განვითარების ახალ ეტაპს ქმნის. მგონია, რომ ჩვენი ურთიერთობა ერთმანეთის განვითარებაზეა დაფუძნებული, როგორც პიროვნულად და კარიერულად, სულიერადაც. ალბათ, ურთიერთობაც ეს არის. თუ ურთიერთობაში სტაგნაციაა, ე.ი. ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს. როცა გრძნობ, რომ ხარ ადამიანთან ერთად, რომელთანაც სულ წინსვლის პროცესს განიცდი, ალბათ, ეგ არის მთავარი რომანტიკა, არა?..
ერთმანეთს, როგორც ვხვდები, მხარში უდგახართ. რთულ პერიოდებში როგორ ეხმარებით ერთმანეთს?
რთულ პერიოდში ერთმანეთს ძალიან ვუდგავართ მხარში და ესეც ალბათ ჩვენი ურთიერთობის მთავარი პრინციპია. თუ რომელიმეს პრობლემა აქვს, ვსაუბრობთ, ვაანალიზებთ, ვაგნებთ, რა არის გამომწვევი მიზეზი…
ეჭვიანობის ადგილი თუ არის თქვენს ურთიერთობაში?
ეჭვიანობის მომენტები არ გვაქვს, ეს ეტაპი, მგონი, ბავშვობაში გავიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში ბავშვურები ვართ და გვეცინება და გვეუხერხულება, ეჭვიანობას ეს არ ეხება. როგორც აღვნიშნე, დიდი ნდობა არსებობს. პატარ-პატარა ეგოისტური მომენტები გვაქვს, მაგრამ ესეც ალბათ, ალამაზებს ურთიერთობას.

აჩიკო როგორ აფასებს თქვენს კარიერას და თუ არის თქვენი გადაცემის აქტიური მაყურებელი?
კიდევ ერთი რამ, რაც ორივეს გვაქვს საერთო, საქმისადმი თავდადება და ერთგულებაა. ამაშიც მხარში ვუდგავართ ერთმანეთს, რომ საქმეს ყურადღება არ მოაკლდეს. როგორც თავად გულშემატკივრობს ჩემს გადაცემას, ასევე ვგულშემატკივრობ მეც. ყოველთვის უყურებს ჩემს გადაცემას და მაძლევს სტიმულს, რომ ვიფიქრო ახალ იდეებზე. კარგია, როდესაც შენი საყვარელი ადამიანი მხარს გიჭერს შენს საყვარელ საქმეში..
დაბოლოს, თუ გეგმავთ ურთიერთობის გაოფიციალურებას?
ერთი თვის წინ ესპანეთში ვიყავით ერთად და პირველად ვიტყვი საჯაროდ, რომ იქ მთხოვა ხელი და თანხმობა ვუთხარი. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში შევიყვანოთ, თუმცა იმდენი საქმე გვაქვს ზაფხულშიც და შემოდგომაზეც, რომ ჯერ საქმეებს მივხედავთ, შემდეგ კი აუცილებლად დავადგებით ოფიციალურობის გზას (იღიმის).