LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსი და ალერგია: საერთო სიმპტომები და განსხვავება – როგორ ამოვიცნოთ მარტივად ვირუსი – მადონა დევიძე სეზონის ყველაზე აქტუალურ თემაზე საუბრობს

7650
მადონა-დევიძე

„როგორ განვასხვაოთ ალერგია და ვირუსული ინფექციები, რატომ მწვავდება ალერგიული ფონი შემოდგომის სეზონზე და რა გარე ფაქტორები ამწვავებს ალერგიისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს, როგორ შეგვიძლია ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემცირება“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა – მადონა დევიძემ ისაუბრა.

ქალბატონო მადონა, რა ძირითადი განსხვავებაა ალერგიასა და ვირუსულ ინფექციას შორის?

ზოგადად, ალერგიის და ვირუსული ინფექციის სიმპტომების განსხვავება იმდენად რთულია, არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ თვითონ სპეციალისტებისთვისაც, რომ გარკვეული კვლევების ჩატარებამდე, შეიძლება, რთული იყოს მათი გამიჯვნა. სიმპტომები განსაკუთრებით დასაწყისშია მსგავსი, ასევე ორივე მდგომარეობა აზიანებს ზედა სასუნთქ გზებს. გვაქვს გამონადენი ცხვირიდან, სასის, ცხვირის და თვალების ქავილი, ცრემლდენა. ვირუსული ინფექციის შემთხვევაში, შემდეგ, ამ ყველაფერს თან შეიძლება დაერთოს ტემპერატურის მატება, რაც ალერგიის და ვირუსის განმასხვავებელი ყველაზე დიდი ნიშანია, რადგან ის ალერგიის შემთხვევაში არ გვხვდება, თუმცა, ალბათ, ბევრს გვქონია ისეთი ვირუსული ინფექციები, რომლებიც ტემპერატურის გარეშე მიმდინარეობს, რადგან ჩვენი იმუნური სისტემა ყველა ვირუსულ ინფექციას ტემპერატურის მატებით არ სცემს პასუხს.

ალერგიის და ვირუსის განმასხვავებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია ის, რომ ალერგია ხანგრძლივი, ქრონიკული პროცესია, ვირუსული ინფექციები კი მაქსიმუმ 2 კვირამდე გრძელდება. თუ სიმპტომები განმეორებადია, თუ ისინი 2 კვირაზე მეტხანს ვლინდება, უკვე უნდა მოვისაზროთ, რომ შეიძლება, ინფექციასთან კი არა, ალერგიასთან გვაქვს საქმე და მივმართოთ შესაბამის სპეციალისტს.

რატომ მწვავდება ალერგიული ფონი შემოდგომით?

შემოდგომაზე მრავალი ალერგენი იყრის თავს. იმას, რომ მცენარეულ ალერგენებს ჯერ დასრულებული არ აქვთ ყვავილობის პერიოდი, თან ერთვის ის, რომ აცივებასთან ერთად ხდება სახლების ჩაკეტვა. ჩვენ უფრო მეტ დროს ვატარებთ დახურულ კარს მიღმა, ამიტომ კარს შიგნით ალერგენები უფრო აქტიურად ახდენენ ჩვენზე ზეგავლენას. ამას თან ემატება შინაური ცხოველებიც, ასევე ის ხილი და საკვები პროდუქტები, რომლებიც შემოდგომით არის აქტუალური.  ბევრი მიზეზის თანხვედრა ხდება და შესაბამისად, სეზონიც უფრო დატვირთულია.

ვირუსული ინფექცია ხშირად ტოვებს სიმპტომს, მაგალითად, ხველას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუ ასეთი სიმპტომი 2-3 კვირა ან მეტი გრძელდება, შეიძლება ითქვას, რომ ვირუსულ ინფექციას თან დაერთო ალერგია?

გარდა იმისა, რომ ვირუსულ ინფექციას ალერგიის მსგავსი ჩივილები ახლავს, მას განსხვავებული ჩივილებიც აქვს. ჩივილები სხვადასხვა პაციენტებში სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს წარმოდგენილი. ვირუსის დროს სახეზე არის მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, სახსრების ტკივილი, ძვლების ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ძვლებში მტვრევა, რაც ალერგიას არასდროს ახლავს. ზოგადი სისუსტე შეიძლება ახლდეს ხანგრძლივ, ქრონიკულ ალერგიას, როცა ჩვენ ხანგრძლივად გვაქვს ჟანგბადის უკმარისობა, მაგრამ ძვლების, სახსრების ტკივილი და ა.შ. ალერგიისთვის დამახასიათებელი არ არის.

ალერგიის და ვირუსის საერთო სიმპტომია თავის ტკივილი. ალერგიის დროს დამახასიათებელია უფრო წყლისებრი, ძალიან უხვი გამონადენი და ესეც ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია. როცა პაციენტი ამბობს, რომ იმდენად ბევრი გამონადენი აქვს, რომ  1-2 კოლოფი ხელსახოცი არ ჰყოფნის, აქ უფრო მეტად ალერგიაზე უნდა ვიფიქროთ. ვირუსულ ინფექციას წყლისებრი გამონადენი შეიძლება დასაწყისში ახლდეს, მაგრამ ის ნელ-ნელა ბლანტი ხდება და ფერსაც კი იცვლის.

რაც შეეხება გახანგრძლივებული ხველის დატოვებას, ჩვეულებრივი ბანალური ვირუსული ინფექცია ყველანაირი სიმპტომის გახანგრძლივების გარეშე უნდა დასრულდეს, თუ ჩვენ არ ვსაუბრობთ ყივანახველაზე, რომელსაც ხანგრძლივი ხველა ახასიათებს. თუ ჩვენ ყოველი ვირუსის შემდეგ გვიხანგრძლივდება ხველა, აუცილებლად უნდა მივმართოთ ალერგოლოგს, რადგან შეიძლება, აქ იყოს ვირუს ინდუცირებული ასთმა. ეს არის ასთმის ის ვარიანტი, რომელსაც ვირუსი ამწვავებს და შესაბამისად, პაციენტებს ხანგრძლივად რჩებათ ხოლმე ხველა.

ვირუსული ინფექციების გადატანის შემდეგ, როცა პაციენტს რჩება ხველა, ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს ხველა ფიზიკური დატვირთვის დროს უარესდებათ. რა არის ამის მიზეზი?

როგორც წესი, თუ ჩვენ რაიმე ალერგიული ანთებით მიმდინარე პროცესი არ გვაქვს ბრონქში, მარტივი ვირუსების დროს, ფიზიკური დატვირთვისას დაღლა და ხველა არ უნდა გვქონდეს. თუ პაციენტი აღნიშნავს, რომ საუბარზე, სიცილზე, ყვირილზე, სირბილზე და ა.შ. ვირუსთან ერთად თუ ვირუსის გარეშე, აქვს ხველის ეპიზოდები, უნდა მიმართოს ალერგოლოგს, რომ ასთმის დიაგნოზი გამოირიცხოს. ეს ძალიან საყურადღებო ნიშანია.

რა გარემო ფაქტორები ამწვავებს ალერგიისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს?

ალერგიის მიზეზი კონკრეტული ალერგენია. ასეთი ალერგენი ჩვეულებრივი, ბანალური ოთახის მტვერიც შეიძლება იყოს. ადგილები, სადაც ჭარბობს მტვერი, არის მშენებლობა, ჰაერი დაბინძურებულია, რა თქმა უნდა, ისეთი პაციენტებისთვის, რომელთაც მტვერზე ალერგია აქვთ, დამამძიმებელი გარემო ფაქტორი იქნება.

ზოგადად, შემოდგომაზე აქტიურად ხდება ხოლმე ნესტის სოკოების გამრავლება, რაც ასევე იწვევს გარკვეულ ალერგიულ რეაქციებს. ნესტის სოკოები სახლში არსებული მცენარეების ჭარბად მორწყვის დროსაც შეიძლება გამოიყოს.

ისეთ თემებს, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება და ა.შ. სეზონი არ აქვთ, მაგრამ ალბათ, ესეც უფრო იმატებს შემოდგომით, რადგან სკოლის დაწყებასთან ერთად, უფრო ჭარბია მანქანების გადაადგილებაც.

თუ ადამიანი არის ალერგიული, თუ იცის, რომ კონკრეტული სიმპტომები კონკრეტული ალერგენით არის გამოწვეული, რამდენად საშიშია მისთვის ვირუსული ინფექცია, ანუ ადამიანები, გამოხატული ალერგიული სიმპტომებით, უნდა იცავდნენ თუ არა რაიმე სახით თავს ვირუსული ინფექციებისგან? მათთვის მიზანშეწონილი ან აუცილებელია გრიპის საწინააღმდეგო აცრა?

პირველ რიგში, ჩვენ, ალერგოლოგები ყველა ალერგიულ პაციენტს ვურჩევთ, რომ უმკურნალონ თავიანთ ალერგიას, რადგან როდესაც ორგანიზმი თავად, მკურნალობის გარეშე უმკლავდება ალერგენებს და იმუნური სისტემა თავდაცვაზეა გადართული, მაშინ, როგორც წესი, ადვილად ხდება ვირუსული ინფექციების დაჭერა. ჩვენი პაციენტები ცალსახად აღნიშნავენ, რომ როგორც კი ალერგიული დაავადებების მკურნალობას ვიწყებთ, თითქმის საერთოდ არ ავადობენ. ეს ძალიან სწორი შენიშვნაა, რადგან როდესაც ალერგიას ვმკურნალობთ, როდესაც აღდგენილია ცხვირის თუ ბრონქის ლორწოვანი, უკვე მარტივად ვეღარ იკიდებს ფეხს ვირუსი და აღარ გვაქვს ხშირი ავადობა.

რაც შეეხება აცრას, ეს ყოველთვის რეკომენდებულია, განსაკუთრებით, ნებისმიერი ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტისთვის, რადგან გრიპის ვირუსი ისეთი ტიპის ვირუსს წარმოადგენს, რომელიც არ არის მარტივი, რომელიც განსაკუთრებულად მძიმედ მიმდინარეობს და რომელსაც საკმაოდ მძიმე გართულებები აქვს. კარგია, თუ სეზონურად ჩავიტარებთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. ზოგი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არსებობს, ამიტომ შეგვიძლია, ზოგადი რეკომენდაციები და რჩევები მივცეთ პაციენტებს, მაგალითად, ჯანსაღი, ბალანსირებული კვების რეჟიმის დაცვა, სპორტით დაკავება. როდესაც ალერგიულ პაციენტთან ალერგიული პრობლემები მოწესრიგდება, ვურჩევთ, რომ აუცილებლად დაკავდნენ სპორტით, რადგან ეს ზოგად იმუნიტეტს აძლიერებს. მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგებაც.

არის თუ არა ალერგია იმის ნიშანი, რომ ადამიანს სუსტი იმუნიტეტი აქვს?

ალერგია ეს არის, პირიქით, ჭარბი პასუხი იმაზე, რაზეც ადამიანს არ უნდა ჰქონდეს რეაქცია. მტვერზე, მცენარეებზე, საკვებზე ტოლერანტულები უნდა ვიყოთ და აბსოლუტურად ნორმალური იმუნური პასუხით უნდა ვრეაგირებდეთ, მაგრამ ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, გადაჭარბებული რეაქცია გვაქვს, გვაქვს ჰიპერმგრძნობელობა ამა თუ იმ ალერგენის მიმართ. ზოგიერთ ადამიანს ერთ კონკრეტულ ალერგენზე აქვს რეაქცია, ზოგიერთს რამდენიმეზე. ეს არ არის დაბალი იმუნიტეტი, ეს არ არის დაბალი იმუნური პასუხი, ეს არის ჭარბი იმუნური პასუხი, ოღონდ კონკრეტული ალერგენის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი, რეაგირება არ უნდა იყოს არც დაბალი და არც ძალიან ჭარბი, რადგან როდესაც ჭარბად რეაგირებს ჩვენი იმუნური სისტემა, ესეც ცუდია, რადგან ამ დროს ამა თუ იმ ალერგენის მიმართ საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოიყოფა და ეს ისევ და ისევ ჩვენ გვავნებს.

გასაგებია, რომ ექიმთან ვიზიტის გარეშე ალერგიას ვერ ვუმკურნალებთ და ფონს ვერ გავალთ, მაგრამ არსებობს თუ არა ალერგიის სიმპტომების შემსუბუქების გზები, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მწვავე ალერგიული სეზონის დროს?

პაციენტების უმეტესობა აღნიშნავს, რომ მათი სიმპტომები იწყება ან უარესდება რაღაც კონკრეტულ ალერგენთან შეხებისას, მაგალითად, სახლის დალაგებისას, ხსნარებით დასუფთავებისას… როგორც წესი, პაციენტები თავადვე ცდილობენ, რომ შემდგომში ამ ყველაფერს თავი აარიდონ და ეს სწორი მიდგომაა. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, თავი ავარიდოთ ისეთ რაღაცებს, რაც ჩვენ გვაზიანებს. თუ მტვერზე გვაქვს ალერგია, დალაგებისას შეგვიძლია, გავიკეთოთ ნიღაბი, ასევე შევაღოთ ფანჯრები, რომ მოხდეს განიავება. თუ ნესტის სოკოზე გვაქვს ალერგია, შევეცადოთ, რომ სახლში ბევრი მცენარე არ გვქონდეს, რომ მორწყვისას არ მოხდეს ალერგენების გამოყოფა, ასევე თუ ნესტს შევნიშნავთ კედლებზე, აბაზანაში, აუცილებლად მოვაშოროთ. თუ ვიცით, რომ კონკრეტულ საკვებზე ალერგია გვაქვს, მოვერიდოთ.

მინდა, ორიოდე სიტყვით ვთქვა მცენარეულ ალერგენებზე, რადგან მცირე რაოდენობით, მაგრამ ჯერ კიდევ აგრძელებენ ყვავილობას სარეველა მცენარეები. როდესაც ბუნებაში ყოფნის შემდეგ სახლში დავბრუნდებით, აუცილებლად გამოირეცხოთ ცხვირი, ჩამოიბანეთ სახე, გამოიცვალეთ სამოსი.

ამსუბუქებს თუ არა ალერგიულ სიმპტომებს ანტიჰისტამინების მიღება?

ანტიჰისტამინები, განსაკუთრებით მეორე თაობის, რომლებიც ხელმისაწვდომია სააფთიაქო ქსელში, ნამდვილად შეამსუბუქებს სიმპტომებს და დიდ ზიანსაც არ მიაყენებს პაციენტს, რადგან მათ არ ახასიათებთ ძილიანობა, კოორდინაციის დარღვევა. პაციენტები ხშირად მაინც პირველი თაობის ანტიჰისტამინურების მიღებას არიან მიჩვეულები და მათ არც იციან, რომ ამ წამლებს ახასიათებთ ძილიანობა, რომ მათი მიღების შემდეგ, საჭესთან დაჯდომა არ შეიძლება და ა.შ. მორიდებით იყავით პირველი თაობის ანტიჰისტამინურებთან.

ვიტამინები, მინერალები, იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებები წარმოადგენს თუ არა სიმპტომატიკის შემსუბუქების გზას ადამიანებისთვის, რომლებიც მიდრეკილები არიან ალერგიებისკენ, ვირუსული ინფექციებისკენ?

ალერგოლოგები განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით ვიტამინებს, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგიის გამომწვევი ჯგუფია ალერგიულ პაციენტებში. შესაბამისად, თუ პაციენტს აქვს ალერგია, განსაკუთრებით მედიკამენტური, ვიტამინებთან ფრთხილად ვართ. ზოგადად, თუ ადამიანი ნორმალურად, ბალანსირებულად იკვებება, მას  ვიტამინების დამატებით გამოყენება თუ მინერალების მიღება არ უნდა დასჭირდეს. თუ ვიტამინების ნაკლებობა მაინც შეინიშნება, პაციენტი გასტროენტეროლოგმა უნდა შეამოწმოს, რომ ინახოს, ხომ არ არის რაიმე გასტროინტესტინალური პრობლემა, სწორად ხდება თუ არა ბუნებრივი გზით,საკვებით მიღებული ვიტამინების შეწოვა და ა.შ.

ესე, ზოგადად, ალერგიულ პაციენტებს ვიტამინების და მინერალების მიღების რეკომენდაციას არ ვაძლევთ. ყველაფერი ინდივიდუალურია და ძალიან პერსონალიზებულად, კონკრეტული პაციენტის შემთხვევის მიხედვით განიხილება.

რომელი პირველადი კვლევების მეშვეობით ვიგებთ, სად გვაქვს ალერგიული ფონი და სად ვირუსული?

პირველ რიგში, რაც ნებისმიერ პაციენტს ნებისმიერი ჩივილის დროს უნდა ჩაუტარდეს, არის მარტივი სისხლის საერთო ანალიზი. სისხლის საერთო ანალიზში ინფექციების დროს გვაქვს ერთი სურათი, ალერგიის დროს, შეიძლება, სისხლის საერთო ანალიზში არცერთი კომპონენტი არ იყოს შეცვლილი ან შეიძლება, მომატებული იყოს ეოზინოფილები. სისხლის საერთო ანალიზით ჩვენ იმას განვსაზღვრავთ, გვაქვს თუ არა ინფექციასთან საქმე. პაციენტს შეგვიძლია შევთავაზოთ C რეაქტიული ცილის განსაზღვრა. როცა უშუალოდ ალერგიაზე გვაქვს ეჭვი, რა თქმა უნდა, ალერგენებზე ვატარებთ კვლევებს. თუ გვაქვს ხველა, ვიკვლევთ ბრონქებს.

ჰაერის ტემპერატურა, სიცივე წარმოადგენს თუ არა სეზონური ალერგიის მაპროვოცირებელ ფაქტორს, შეუძლია თუ არა მას სიმპტომების გამწვავება?

სიცივე არის ერთ-ერთი ისეთი მაპროვოცირებელი ფაქტორი, რომელიც ასთმის გამამწვავებელ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს. არსებობს ასეთი ტერმინი –  სიცივით ინდუცირებული ასთმა. ცივი ჰაერი იწვევს ბრონქების ობსტრუქციას, ანუ შევიწროებას და ასეთ დროს, ჭარბი ნახველიც გამოიყოფა. სიცივემ პაციენტთან, რომელსაც აქვს შერეული ტიპის ასთმა ან უშუალოდ სიცივით განპირობებული ასთმა, შეიძლება, შეტევა გამოიწვიოს. ასეთ პაციენტებს ვურჩევთ, რომ  სიცივეში გასვლამდე, 10-15 წუთით ადრე შეისუნთქონ თავიანთი ინჰალატორი. იგივე რეკომენდაცია არის ხოლმე ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმის შემთხვევაშიც. სიცივე გარდა იმისა, რომ ვირუსებისთვის არის კარგი პერიოდი, არის პრობლემა ალერგიული პაციენტებისთვისაც.

ხშირად მოავადე ბავშვები მშობლებს ხშირად მიჰყავთ მაღალმთიან კურორტებზე, რადგან თვლიან, რომ ეს კარგი და სასარგებლოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ როგორც თქვენ განაცხადეთ, შესაძლოა, ცივი ჰაერი ასთმის მაპროვოცირებელი ფაქტორიც კი გახდეს… როგორ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, როგორ უნდა მივხვდეთ, სასარგებლო იქნება თუ არა მაღალმთიან კურორტზე ბავშვის წაყვანა?

კურორტო თერაპია მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ოღონდ ეს ხდება მაშინ, როცა პაციენტი თავს კარგად გრძნობს. არასწორია, მოავადე ბავშვის ქალაქიდან შორს წაყვანა, მგზავრობით დატვირთვა, კლიმატის ცვლილება, სამედიცინო პუნქტისგან მოშორებით ყოფნა. მკურნალობის ჩატარების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ თავადაც ვურჩევთ და ვეუბნებით, რომ კურორტო თერაპია ძალიან კარგია წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც. მაღალ მთას ვურჩევთ ხოლმე, რადგან ზოგადად, ზღვის დონიდან 1600 მეტრის ზემოთ უბნები მტვრის ტკიპებისგან თავისუფალ ზონად ითვლება. რა საკვირველია, შენობებში მაინც იქნება მტვრის ტკიპები, აქ გარე სივრცეზეა საუბარი. ალერგიული პაციენტებისთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი პირობაა.

ახლა, ნოემბრის თვეში რომელი ალერგენებია ყველაზე მწვავე და საშიში და რა სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ ექიმს სასწრაფოდ?

ახლა, ვინაიდან მკვეთრად აცივდა, ხდება სახლების ჩაკეტვა, არის ნაკლები განიავება. ასევე, ხდება, თბილი ტანსაცმელების, პლედების და ა.შ. გადმოღება. უფრო აქტიურად გვიწევს კონტაქტი ჩვენს შინაურ ცხოველებთან. ნაკლებ დროს ვატარებთ გარეთ, შესაბამისად, სახიფათო პერიოდია კარს შიდა ალერგენების კუთხით. კარს შიდა ალერგენებია ოთახის მტვერი, ნესტის სოკოები, შინაური ცხოველები. თუ პაციენტებს დადასტურებულად აქვთ ალერგია ამ ალერგენებზე ან ეჭვის დონეზე აქვთ შემჩნეული ეს ყველაფერი, დროულად უნდა მიმართონ ალერგოლოგს, რომ დროულად დაიწყონ მკურნალობა. რაც შეეხება სიმპტომებს, ეს გახლავთ ხშირი, მრავალჯერადი ცემინება, წყლისებრი სურდო და უხვი გამონადენი ცხვირიდან, ცხვირის, თვალების, ყელის ქავილი, სპაზმური, შეტევითი ხასიათის ხველა, რომელიც უფრო მეტად საღამოს, სითბოში ყოფნისას ან დილით იწყება. ასეთია ამ სეზონზე არსებული ძირითადი საშიში ალერგენები. ამას ემატება სიცივით და ვირუსებით პროვოცირებული ბრონქოსპაზმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები