რა თქმა უნდა, ვუშვებ შანსს, რომ დამიჭერენ. – ამბობდა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს, სადაც გვარამია მის მოლოდინებზე საუბრობს.
„სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. ჩემი დაპატიმრება ჩემი ოჯახისთვის, ჩემი ტელევიზიისთვის პრობლემა იქნება, მაგრამ არიან სუბიექტები, ვისთვისაც ეს გაცილებით დიდი პრობლემა იქნება და ვუსურვებ მათ ამ პრობლემებს“. – ამბობდა ნიკა გვარამია.
რა მოხდება „მთავარში“ დაპატიმრების შემდეგ?
„იქნებიან ადამიანები, ვინც კომპანიას გაუძღვებიან, იქნება პრობლემები, მათ შორის ფინანსური. ახლა ისედაც რთული პერიოდია, თან ეკონომიკური კრიზისია საქართველოში უკვე წლებია და ეს აისახა სარეკლამო ბაზარზე.
5 მილიონი ბიუჯეტიდან დაგვაკლდა, ე.წ. ბეთების რეკლამების გაუქმებით. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრია. პლუს ზეწოლა მიმდინარეობს რეკლამის შემომტანებზე.
პრობლემები გვექნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საზოგადოების ბიზნესის დახმარებით ჩვენ შევძლებთ, ფინანსური პრობლემებიდან ამოსვლას. რაც შეეხება ჩემი გუნდის გუნდურობას და პროფესიონალიზმს, ამას ვერაფერი შეცვლის“. – განმარტავდა გვარამია.
როგორც მენეჯერი რას ნანობს?
„ასეთ ვითარებაში, როცა მე ჯანმრთელობაც დავკარგე, ფსიქოლოგიური წონასწორობის პრობლემაც გამიჩნდა, იყო პერიოდი, როდესაც ეს ძალიან მკაფიოდ ჩანდა სამწუხაროდ ეთერშიც. რასაც ძალიან ვნანობ, უკვე როგორც წამყვანი.
ზოგადად ეთერში რომ დავჯექი, ესეც რაღაც თვალსაზრისით იძულებითი გადაწყვეტილება იყო. დღემდე ვფიქრობ, ეს სწორი იყო, თუ არა. მაგრამ ვერ ვინანებ ორ რამეს.
- იმას, რაც „რუსთავი 2“- ის გავაკეთე და
- ვერ ვინანებ, რომ „მთავარი არხი“ დავაფუძნე.
ასეთ ვითარებაში, როდესაც ხელფასების გაჭირვებაა და ან სხვა დავალიანებების, მე ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის ადამიანი ვარ, მით უფრო მათ მიმართ, ვისაც რეალურად ცხოვრება შევუცვალე და „რუსთავი 2“-დან წამოვიყვანე „მთავარ არხზე“. (თუ სურვილი არ აქვს, ვერავინ ვერსაიდან ვერ წამოიყვანს და სწორი არჩევანი გააკეთეს, მაგრამ პასუხისმგებლობა მაშინ ავიღე მე.
ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რატომ არ წავედი „რუსთავის 2“-ის მერე. მქონდა გარანტირებული სამუშაო და არც სისხლის სამართლის საქმე არ იქნებოდა ჩემზე აღძრული და ვიცხოვრებდი მშვიდად, ჩემს ოჯახთან მეტი კომუნიკაციით და თავისუფალ გარემოში სხვა ქვეყანაში.
არ გავაკეთე, იმიტომ რომ ჩავთვალე, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, თუმცა უნდა გამეკეთებინა როგორც სანდროს, გიკოსა და ქეთევანის მამას, სოფოს ქმარს…
„მთავარი“ რომ არ ყოფილიყო, დღეს შეიძლება არც ერთი ოპოზიციური ტელევიზია არ ყოფილიყო და გაცილებით უკან ყოფილიყო საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, უფრო ქვემოთ რაღა არის, მაგრამ მაინც მგონია, რომ ძალიან მაგარი რაღაც გავაკეთეთ და ორ წელიწადში მეორე ტელევიზია გავხდით“. – ჰყვებოდა ნიკა.
თუ „მთავარი“ დაიხურა…
„საზოგადოებას დააკლდება ყველაზე უფრო ყურებადი ოპოზიციური არხი და არ მგონია, რომ ეს მცირე დანაკლისი იყოს. სხვა პლატფორმებიც, რომელიც დარჩება, მათაც პოტენციური დახურვა ელოდება“. – ამბობდა ნიკა გვარამია „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, დღეს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ამავე თემაზე:
აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ
