აშშ-ში, Mecum-ის აუქციონზე, ყურადღების ცენტრში მოხვდა უჩვეულო რესტომოდი, რომელმაც იაპონური და ამერიკული ავტო კულტურა ერთ პროექტში გააერთიანა. საფუძვლად აიღეს 1995 წლის Nissan 240SX, თუმცა საბოლოო შედეგი ბევრად უფრო ამერიკულ მასლქარს ჰგავს, ვიდრე კლასიკურ იაპონურ კუპეს.
ავტომობილის დიზაინი შთაგონებულია 1970 წლის Plymouth Barracuda-ით – მოდელით, რომელიც ამერიკული muscle car-ის ეპოქის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ მანქანის პროფილი და უკანა ნაწილი მთლიანად არ გადაუკეთებიათ, მასზე დამონტაჟებულია Rocket Bunny-ს V2 Boss კიტი, ფართო თაღებით, აგრესიული აეროდინამიკური ელემენტებითა და მაღალი სპოილერით, რაც ავტომობილს მკვეთრად გამოკვეთილ ხასიათს აძლევს.
ყველაზე დიდი ცვლილება კი კაპოტის ქვეშ იმალება. სტანდარტული ოთხ ცილინდრიანი ძრავის ნაცვლად, Nissan 240SX აღჭურვილია General Motors-ის 6.0 ლიტრიანი V8 LS2 ძრავით, რომელიც სერიოზულადაა მოდიფიცირებული. გაუმჯობესებული შიდა დეტალების წყალობით, ძრავი 520 ცხენის ძალასა და 691 ნიუტონმეტრ ბრუნვას გამოიმუშავებს.
სალონში ცვლილებები მინიმალურია: შენარჩუნებულია ორიგინალური Nissan-ის წინა პანელი, თუმცა დამატებულია სპორტული საჭე და ახალი გადაცემათა ბერკეტი. მაღლა აწეული ხელის მუხრუჭი მიანიშნებს, რომ ავტომობილი შესაძლოა დრიფტისთვისაც იყოს მორგებული.
ასეთი პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე ტუნინგში კულტურული საზღვრები იშლება – იაპონური შასი, ამერიკული V8 და კლასიკური muscle car-ის ვიზუალი ერთ ავტომობილში იკრიბება. რამდენად ძვირად გაიყიდება ეს უნიკალური 240SX, აუქციონის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.