დასაქმების რა შესაძლებლობებია დღეს საქართველოში – ცოტა ხნის წინ ბაზარზე დასაქმების პირველი ქართული აპლიკაცია „ევორქი“ გამოჩნდა. როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს პლატფორმის გამოყენება და რა სფეროში არის უფრო მეტი ვაკანსია ქვეყანაში, დასაქმების პლატფორმა „ევორქის“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი რაზმაძემ „ბიზნესნიუსის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
რამდენი ადამიანი ეძებს სამსახურს დღეს თქვენს პლატფორმაზე, რამდენი ვაკანსია გაქვთ და როგორია აპლიკაციის მუშაობის პრინციპი?
საკმაოდ დიდია დაინტერესება. ბაზარზე სულ რაღაც 11 თვეა, რაც ვოპერირებთ. ამ პერიოდში უკვე შევძელით, რომ 60000-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი დაგვერეგისტრირებინა, 800-ზე მეტი პარტნიორი კომპანია გვყავს, ვინც ყოველ თვიურად აქტიურად ათავსებს ვაკანსიებს. ჩვენს პლატფორმაზე დღეს უკვე ყოველდღიურად სამუშაოს მაძიებელს 400-500 ვაკანსია ხვდება. მთავარი განმასხვავებელი არის ის, რომ ლოკაციაზე დაფუძნებულ გადაწყვეტას ვთავაზობთ და როგორც მობილურ აპლიკაციაში, ასევე ვებგვერდზე სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობა აქვს, მის სახლთან ახლოს იპოვოს ვაკანსია და თითის ერთი მოძრაობით გაგზავნოს cv.
ბიზნესი ხშირად საუბრობს კადრების დეფიციტის პრობლემაზე, რას ფიქრობთ თქვენ ამაზე? რა სფეროებშია უფრო მეტად ვაკანსიები და რა მიმართულებით ეძებენ ადამიანები სამსახურს?
ჩვენი დაკვირვებითაც, ეს პრობლემა პირველივე დღიდან გამოიკვეთა და საკმაოდ მტკივნეულია როგორც ბიზნესისთვის, ისე სამუშაოს მაძიებლებისთვის. მე ორივე მხარეს ვხედავ პრობლემას. შესაძლოა, ბიზნესი ვერ სთავაზობდეს რიგ პოზიციებზე ისეთ ანაზღაურებას, პირობებს, სამუშაო განაკვეთს, რაც მათთვის სასურველია. მეორე მხრივ, ხშირად პოზიციებზე სამუშაოს მაძიებლების კომპეტენცია არ არის ხოლმე ის, რაც უნდა იყოს, იმ მიზეზის გამო, რომ ძალიან პატარა ბაზარი ვართ. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში ჩვენთანაც ვაკანსიების 80%, ძირითადად მოდის, ე.წ. „ჰორეკა“, „ჰოსფითალითი“ მიმართულებით და მომსახურების სფეროზე, ძირითადად, დამწყები, საშუალო რგოლის პოზიციებზე და ამაზე ვართ კონცენტრირებული. „ევორქის“ ნიშაც ეს არის – სწრაფად ბრუნვადი კადრები ადმინისტრაციული, გაყიდვების მიმართულებით, კონსულტანტები. ჩვენი პრიორიტეტიც ის არის, რომ ორივე მხარეს ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტები შევთავაზოთ, რომ ეფექტური იყოს ერთმანეთთან დაკავშირების და დასაქმების ჭრილში.

საშუალოდ რა ანაზღაურების ვაკანსიები არის თქვენს პლატფორმაზე ყველაზე მეტად და რა განაკვეთზეა უფრო მოთხოვნა?
პანდემიის შემდგომ წამოვიდა ჰიბრიდული მეთოდი – ოფისიდან და სახლიდან მუშაობა ან სრულად დისტანციურად. ამის მიუხედავად, კომპანიები მაინც ერიდებიან ჰიბრიდულ მეთოდს, რადგან ხშირად ვერ ხდება გაზომვა, რამდენად ეფექტურია დასაქმებული ადამიანი, რომელიც სახლიდან მუშაობს. მეორე მხრივ, ბაზარზე რა პრობლემასაც „ევორქი“ ხედავს და ამ მიმართულებით გაუმჯობესება გვსურს ისაა, რომ დამსაქმებელი არ უთითებს ხელფასს ან სახელფასო განაკვეთს, რომელიც აცხადებს ვაკანსიას. ამ მხრივ, მიგვაჩნია, რომ გასაუმჯობესებელია კულტურაც და კომპანიებში ცნობიერებაც, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც სამუშაოს მაძიებელი ეცნობა ვაკანსიის დეტალებს თუმცა არ იცის, რა განაკვეთზეა საუბარი, რა სახელფასო მოლოდინი უნდა ჰქონდეს და რამდენიმე ეტაპის შემდეგ იგებს. ხშირად არ ხდება ხოლმე დამთხვევა, იკარგება როგორც სამუშაო მაძიებლის დრო, ასევე დამსაქმებლის. დაახლოებით, 1000-2000 ლარის განაკვეთშია ხელფასები, თუმცა 30%-ის შემთხვევაშია მითითებული ხელფასი, 70%-ში არ არის მითითებული. რადგან ჩვენ დამაკავშირებელი ხიდი ვართ, ამ ეტაპზე ვერ ვაწესებთ მოთხოვნას, რომ კომპანიამ აუცილებლად მიუთითოს ხელფასი, თან სტარტაპი ვართ და თამაშის წესებს ვერ ვკარნახობთ ამ მიმართულებით, თუმცა ყველა კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია და ვცდილობთ, რომ სამუშაოს მაძიებელს რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ ყველა ვაკანსიაზე ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა განაკვეთზეა საუბარი და რა სახელფასო მოლოდინი უნდა ჰქონდეს მას. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ, გასაუმჯობესებელია გარემო და აუცილებლობა არის, რომ იცოდეს ადამიანმა რა სახელფასო მოლოდინი უნდა ჰქონდეს.
პლატფორმის ტექნიკურ მხარეებზე ვისაუბროთ. როგორ უნდა დაიწყონ ადამიანებმა „ევორქის“ გამოყენება, რა ეტაპები უნდა გაიარონ?
ვთავაზობთ როგორც ვებგვერდს, ასევე, მობილურ აპლიკაციას – ანუ Awork.ge ან Awork-ის აპლიკაცია „ეფსთორიდან“ ან „ფლეისთორიდან“ შეუძლიათ გადმოტვირთონ. ძალიან მარტივია რეგისტრაციის გავლა, მობილურის ნომერი, სახელის და გვარის მითითებაა მხოლოდ საჭირო. შესაძლებლობას ვაძლევთ საიტზე, რომ შექმნან თავიანთი პროფილი, შეავსონ ინფორმაცია, თუ cv არ აქვთ ან cv-ად გარდაქმნან და გადმოწერონ. ასევე, შესაძლებლობა აქვთ, რომ აპლიკაციის „დალოგინების“ შემდეგ ატვირთონ თავიანთი cv, ატვირთვის მერე, ის რჩება სისტემაში და ღილაკის ერთი თითის დაჭერით, ე.წ. „სვაიპინგით“ უკვე cv იგზავნება კომპანიასთან. ინფორმაცია გაქვთ უკვე პროფილში, სად გაგზავნეთ cv. ეს იძლევა იმის კომფორტს, რომ ყოველთვის იცით, ვის და როდის გაუგზავნეთ, არ შეგეშლებათ და ორჯერ ერთ კომპანიას არ გაუგზავნით, ეს ხშირად ხდება ხოლმე, როცა აქტიურად ეძებთ სამსახურს. ამასთან ერთად, ნებისმიერ კითხვაზე მოგვმართავენ ხოლმე სამუშაოს მაძიებლები და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში ეხმარება მათ, რომ დროულად გაიარონ ავტორიზაცია-რეგისტრაცია და გაგზავნონ cv.

ბიზნესის მხრიდან როგორია ეს ტექნიკური ნაწილი? უფრო მეტად მსხვილი ბიზნესი ინტერესდება თუ მცირე ბიზნესი მოგმართავთ ხოლმე აპლიკაციის გამოსაყენებლად?
მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესსაც ვეხმარებით შერჩევის პროცესის გაციფრულებაში. გვაქვს „რეკრუტინგის სოფტი“, რასაც ვაძლევთ ბიზნესს, როგორც ვებგვერდის სახით, ასევე მობილური აპლიკაციის. კომპანიებს არა მარტო ვუქმნით იმ ღირებულებას, რომ შესაძლებლობას ვაძლევთ კადრების მოსაზიდად, არამედ ვეხმარებით, რომ მთლიანი პროცესი მართონ ციფრულად – ვაკანსიის გამოცხადება, აპლიკანტების გადარჩევა, ანალიტიკის წარმოებიდან, რაც ეხმარება ქართულ ბაზარს, რომ ფეხი აუწყოს ტექნოლოგიებს. დღეს თუ 10-15%-ია ისეთი კომპანიები, რომლებსაც ეს მიმართულება გაციფრულებული აქვს, გვინდა, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს და 30-35%-ზე ავიდეს, ამ მხრივ სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი.
გვყავს დიდი ბიზნესები, თუნდაც საბანკო, „ჰოსფითალითი“, „რითეილის“, მომსახურების მიმართულებით, ასევე შედარებით პატარა კომპანიები, სტარტაპებიც აქტიურად იყენებენ ჩვენს პლატფორმას, 800-ზე მეტი პარტნიორი ბიზნესი გვყავს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბევრი დიდი ბიზნესის ნდობა ჩვენ მიმართ იმას უსვამს ხაზს, რომ სწორად ვვითარდებით და საჭირო პროდუქტს ვქმნით.
რომელ უცხოური ბაზრებზე სურს „ევორქს“ შესვლა და რა ნაბიჯები გაქვთ ამ მიმართულებით გადადგმული?
ჯერ ერთი წელი შეგვისრულდება ძალიან მალე. გვინდა, რომ ამ წლის ბოლომდე ქართულ ბაზარზე ვიყოთ კონცენტრირებული და სრულად ავითვისოთ, დავსტაბილურდეთ და ვთქვათ, რომ ქართულ ბაზარზე უკვე თვთმყოფადია „ევორქის“ სტარტაპი. 2024 წლისთვის გვაქვს დაგეგმილი უცხოურ ბაზრებზე გასვლა, შესწავლილი გვაქვს რამდენიმე განვითარებადი ეკონომიკა ევროკავშირის ქვეყნების, სადაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი გადაწყვეტა საკმაოდ საჭირო და დროული იქნება, თუმცა მოსამზადებელი პერიოდი იქნება საჭირო. წლის ბოლოს ვაპირებთ დაფინანსების რაუნდის გამოცხადებას და კაპიტალის მოზიდვას, რა ჭრილშიც ამას მოვახმართ უცხოურ ბაზარზე ექსპანსიას. არ განვიხილავთ ამ ეტაპზე მეზობელ ქვეყნებს, რაც ხშირია ხოლმე, რადგან თითქოს მარტივია იქ გასვლა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი გადაწყვეტა, სადაც ტექნოლოგიურად უფრო მყარად არიან და მარტივად აითვისებენ ჩვენს გადაწყვეტებს, უფრო რელევანტური იქნება ამ ეტაპისთვის.

რა გამოწვევებს აწყდება ქართული სტარტაპი უცხოურ ბაზარზე? როგორია თქვენი, როგორც ტექნოლოგიური სტარტაპის გამოცდილება?
ტექნოლოგიური სტარტაპის სპეციფიკა განსხვავებულია ტრადიციული ბიზნესისგან და მასშტაბურობით ხასიათდება, უკვე აქვს ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპ ეკოსისტემას წარმატებული პრაქტიკები, როდესაც ჩვენი კოლეგა სტარტაპები გადიან უცხოურ ბაზარზე და საკმაოდ წარმატებით ოპერირებენ. გამოწვევა რაც არის, თუნდაც ევროკავშირის და აშშ-ს ბაზარზე, არის ის, რომ კანონმდებლობასთან თანხვედრაში იყოს, რადგან ვამუშავებთ მონაცემებს, როგორც სამუშაოს მაძიებლის, ასევე ბიზნესის მხარეს ინფორმაციას, ეს უნდა იყოს მათ კანონმდებლობასთან თანხვედრაში. არის სხვადასხვა ეტაპი, რა ჭრილშიც უნდა ავიღოთ სერტიფიკატები, რაც დაგვეხმარება, რომ იმ ბაზარზე შევიდეთ. მეორე გამოწვევა ისაა, რომ სწორი მარკეტინგული აქტივობები იყოს დაგეგმილი და მარტივად მივწვდეთ იმ კონკრეტული ბაზრის საჭიროებებს. თუ „ევორქი“ იცნობს ქართულ ბაზარს, რა არხები მუშაობს, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ, რომ გვყავდეს ბიზნესი და სამუშაოს მაძიებელი, სხვა ბაზარზე, შეიძლება სულ სხვა რეალობა დაგვხვდეს. თუმცა, ტექნოლოგიური სტარტაპის სპეციფიკიდან გამომდინარე უფრო მარტივია სხვა ბაზარზე ექსპანია, ვიდრე ტრადიციული ბიზნესის შემთხვევაში.
რამდენ ადამიანს ასაქმებს „ევორქი“ და რა სიახლეები გაქვთ ამ ეტაპზე?
ერთი წლის წინ ოთხი ადამიანი ვიყავით, როდესაც გავუშვით პროდუქტი. დღეს უკვე 15 ადამიანი ვართ, რაც მიგვაჩნია, რომ საკმაოდ კარგი ზრდის ტემპია, თუნდაც გუნდის ჭრილში. თან 11-მა ადამიანმა „ევორქით“ იპოვა სამსახური და ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. ზოგადად, დღეისათვის 3000-ზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ სხვადასხვა პოზიციებზე, სამსახურის პოვნაში. კომპანიებისთვის და სამსახურის მაძიებლებისთვისაც კარგი ღირებულება შევქმნით. ზაფხულის პერიოდში კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ ემატება საზაფხულო ვაკანსიები, ე.წ. „სამერ ჯობები“, რა ჭრილშიც აჭარის რეგიონის ვაკანსიები ცალკე იქნება გამოყოფილი, რომელიც კონცენტრირებულია მხოლოდ ზაფხულის პერიოდის დასაქმებისთვის. ხშირად მხვდება ხოლმე მიგრირება სხვადასხვა რეგიონიდან აჭარის რეგიონში დროებით დასაქმებისთვის. სექტემბერში ვგეგმავთ, გავაკეთოთ დასაქმების მასშტაბური ფესტივალი, განსხვავებული, ვიდრე აქამდე ქართულ ბაზარს ჰქონია, თავი მოვუყაროთ ბევრ კომპანიას და სამსახურის მაძიებლებს, შევთავაზოთ სივრცე, სადაც ეფექტურად გაცვლიან ინფორმაციას და იქნება დასაქმების შესაძლებლობა. შემდეგ ნოემბერში ვართ პორტუგალიაში ვებსამიტზე წარმოდგენილი, ყველაზე დიდ ევროპულ ტექნოლოგიურზე სტარტაპ სამიტზე, სადაც როგორც სტარტაპი მივიღებთ მონაწილეობას, რაც დიდ შესაძლებლობას გვაძლევს. სხვადასხვა ფუნქციონალის დამატების შემდეგ კი მოვემზადებით უცხოურ ბაზარზე ექსპანსიისთვის.