LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიკო კარტოზია: „ტკივილები მაქვს, ჯოხის გარეშე ვკოჭლობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე ჩვეულებრივად გავივლი, როგორც მანამდე. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ხანდახან მავიწყდება, რა მჭირს, წამოვხტები ხოლმე სადმე გასაქცევად, მაგრამ სად გაიქცევი, ფეხი მაშინვე მაჩერებს…“

112
მერიკო კარტოზია

მერიკო კარტოზია ჟურნალ „თბილისელებს“ იმ რთული პერიოდის შესახებ უყვება, რომელიც უმძიმესი შემთხვევის შემდეგ აშშ-ში გამოიარა.

– ცოტა რთული იყო მიზეზი, რის გამოც დარჩენა მოგიწია, მაგრამ როგორი კარგი ამბები მოჰყვა და რამხელა პერსპექტივები.

– სიმართლე გითხრათ, არც პორტფოლიოს გაგზავნაზე ვფიქრობდი. ოცნება თბილისშიც მქონდა. რატომაც არა, როცა სერიოზული კომპანია დიდ პროექტს გთავაზობს, მაგრამ ამისთვის არ მეცალა. მე ჩემს გადაცემას ვემსახურებოდი, საქართველოში წამოსასვლელად ვემზადებოდი და მერე, უცებ ასეთი უბედური შემთხვევა დამემართა.

ჩემი ცხოვრება მართლა ორ ნაწილად იყოფა: ამერიკამდე და ამერიკის შემდეგ. ღმერთმა მეორედ მაჩუქა სიცოცხლე. ჯერ იყო ავტოავარია, მერე ფეხის ტრავმა, ორი ოპერაცია.

– 6-7 თვე რომ გადის, უკვე ფიქრობ, რომ ფეხზე უნდა დადგე და ამ დროს გეუბნებიან, რომ არა, მეორე ოპერაციაა საჭირო. ამ ყველაფერმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ძალიან შევიცვალე, თუმცა კარგი მხრივ. არ ვფიქრობ, ვაიმე, ეს რა დამემართა-მეთქი. პირიქით, მადლიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ, მადლიერი ვარ, რომ გადავრჩი და ვფიქრობ, ალბათ, ამქვეყნად კიდევ მაქვს მნიშვნელოვანი მისია შესასრულებელი, ტყუილად ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი?! რაც ამერიკაში ჩამოვედი, საერთოდ დავკარგე კონტროლი ჩემს ცხოვრებასა და გეგმებზე. ცოტა მისტიკური ქვეყანაა, თითქოს, თვითონ გკარნახობს, როგორ მოიქცე. რამდენჯერაც ვთქვი, მორჩა, ბოლო გადაცემას ვწერ და საქართველოში ვბრუნდები-მეთქი, იმდენი ახალი მიზეზი გამოჩნდა დასარჩენად… 17 აპრილს გაცნობიერებული მქონდა, რომ 20-ში ბოლო გადაცემას ჩავწერდი და მაისში უნდა წამოვსულიყავი. უკვე ყველანაირი დრო მეწურებოდა და საბუთების გაფუჭება არ მინდოდა. 20 აპრილს ისეთი ინციდენტი შემემთხვა, 7 უმძიმესი თვე გავიარე. ახლა ბევრად უკეთ ვარ, ჯოხით გადაადგილებაზე გადავედი. კვირაში სამჯერ მავარჯიშებენ ჩემი ფიზიოთერაპევტები და სახლში თვითონაც ვვარჯიშობ. ახლა მთავარია, რვა თვის განმავლობაში მოდუნებული კუნთები აღდგეს. ყოველდღიურად უკეთ ვგრძნობ თავს. ტკივილები მაქვს, ჯოხის გარეშე ვკოჭლობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე ჩვეულებრივად გავივლი, როგორც მანამდე. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ხანდახან მავიწყდება, რა მჭირს, წამოვხტები ხოლმე სადმე გასაქცევად, მაგრამ სად გაიქცევი, ფეხი მაშინვე მაჩერებს (იცინის). ტვინმა ჯერ კიდევ ვერ მიიღო ის ფაქტი, რომ ამხელა მოტეხილობა მქონდა და ამდენი თვე ამ მდგომარეობაში გავატარე. არ დავითრგუნე, პირიქით, უკეთ ვირწმუნე, რომ შეუძლებელი არაფერია და ზოგჯერ ადამიანს ოცნებაც არ გჭირდება, უბრალოდ, უნდა ადგე და გააკეთო. მით უმეტეს, ამერიკაში ბევრი შანსი გეძლევა და მთავარია, საკუთარ სურვილებზე უარი არ თქვა სიზამაცის გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g