მომღერალი მალიბუ ტუღუში უკვე კარგა ხანია, რაც აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და კარიერასაც იქ იწყობს.
შესამჩნევად გამხდარი მომღერალი ამერიკელ პროდიუსერთან ერთად მუშაობს და ჟურნალ „თბილისელებს“ თავის საქმიანობაზე ესაუბრება.
– ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა შენი ახალი სიმღერა და კლიპი, რომელმაც დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. ორი წლის მერე რა ფაქტმა შეცვალა შენი ცხოვრება, რომ ისევ გეწვია მუზა და კვლავ ამღერდი?
– ზოგადად, მჯერა და მწამს, რომ ცხოვრებაში არაფერი ტყუილად არ ხდება და სამყარო აუცილებლად იქ და იმ ადამიანებთან მიგვიყვანს, ვისთანაც უნდა ვიყოთ. გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც გახდა ჩემი მუზა და მიზეზი იმისა, რომ სიმღერა დავწერე და გამოვუშვი. ვინც მიცნობს, იცის, რომ არ მიყვარს და არ ვგიჟდები ბარებში სიარულსა და გართობაზე. თუმცა, ერთ დღეს გადავწყვიტე ბარში წასვლა, იქ გავიცანი ეს ბიჭი და დღეს ახლო მეგობრები ვართ. ის არის არტისტი, მღერის, წერს სიმღერებს… მკითხა, რას აკეთებ, ვინ ხარო. მეც ყველაფერი ვუთხარი, და ეს ბიჭი, სახელად – ლიამი, აღმოჩნდა ჩემი მუსიკალური ანგელოზი. სანამ ჩემი სიმღერა გამოვიდოდა, მანამდე ერთად დუეტიც კი გამოვუშვით. მოკლედ, ამ ბიჭმა გამაცნო ამერიკელი პროდიუსერი, გამაცნო ადამიანები, ვინც მუშაობს მომღერლებზე, აკეთებს შოუებს და სასწაულ გარემოში აღმოვჩნდი, რომელიც მხოლოდ ფილმებში მენახა. დავიწყე პროდიუსერთან მუშაობა, რომლის სახელია ქრისი და ახლა ალბომზე ვმუშაობ. ეს სიმღერა – „უგულო“ კი, რომელიც სოციალურ ქსელში ნახეთ, ამ ალბომის მთავარი სიმღერაა, ანუ მთავარი სინგლი. ქრისთან პირველად რომ მივედი და ჩემი სიმღერები მოისმინა, მითხრა: შენ იმდენად პროფესიონალი ჩანხარ, ჩვენ იმაზე მეტი დრო უნდა გავატაროთ ერთად, ვიდრე ეს მე წარმომედგინაო. რომ ვუთხარი, სიმღერა მაქვს დაწერილი-მეთქი, გაუკვირდა. კლავიშთან დავჯექი, დავუკარი, ვიმღერე, მოეწონა და პირველი, რაც მკითხა: ვინ იყო მუზა, ვინ დაგაწერინა ეს სიმღერაო (იცინის). ლიამი ჩემი ამერიკული ცხოვრების ნაწილია. ასე რომ, მთელი ალბომი ეძღვნება ჩემი ცხოვრების ამ ეტაპს და ამ ადამიანს, რომელიც ჩემი მუზა გახდა.
კიდევ ვამბობ, მთელი ორი წელი სიმღერის დაწერა კი არა, მელოდიაც კი არ მომდიოდა თავში. ეს ძალიან რთულია მუსიკოსისთვის, მომღერლისთვის და კომპოზიტორისთვის. წარმოიდგინეთ, ჯდები კლავიშთან, უკრავ რაღაცებს, მაგრამ ხვდები, არაფერს უკრავ, ვერაფერს აკეთებ. წამში კი, ჩნდება ადამიანი, რომელიც აღვიძებს შენში მუსიკალურ გრძნობებს და შენი მუზა ხდება. ასე რომ, ჩემი ახალი სიმღერა რომ ჩავწრეთ, კლიპი გადავიღეთ და გაგიზიარეთ, კიდევ არ მჯერა, რომ ეს გამომივიდა და ამერიკაში სამწლიანი ცხოვრების შემდეგ, როგორც იქნა, დადგა ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. აქვე მადლობა მინდა, გადავუხადო ირაკლი მეტრეველს – კამერის მეფეს, საოცარ რეალობად რომ აქცია კადრები და თამია ტატალაშვილს, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია და ერთად ვაკეთებდით ყველაფერს. ნინო გაჩეჩილაძეს – რომ ჩვენთან ერთად იზიარებდა მუშაობის ყოველ წამს და ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ამერიკელ პროდიუსერს, ქრის მორონტას, მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა.
