როგორ ხდება საკუთარ თავთან დაბრუნება – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა სოფო მოსიაშვილმა ისაუბრა.
როგორ ვკარგავთ საკუთარ თავს?
დღევანდელ სამყაროში, სადაც მუდმივად ვიჩქარით, ვიღლებით, და დრო არასდროს გვყოფნის, ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა ხშირ შემთხვევაში ჩრდილში რჩება.
გვაქვს უამრავი ვალდებულება, პასუხისმგებლობა, საქმე, მიზანი და ადამიანებიც, ვისზეც უნდა ვიზრუნოთ. ყველაფრით ვართ დაკავებული – საკუთარი თავის გარდა.
მენტალური ბალანსი ფუფუნება კი არაა – ეს არის საფუძველი ჩვენი ყოველდღიური მდგომარეობის, შინაგანი სიმშვიდის, ჯანმრთელი ურთიერთობების და ნამდვილი ბედნიერების.
თუ შიგნით არ ვართ მშვიდად – გარეთ ვერ ვიქნებით პროდუქტიულები, ვერც მოსიყვარულე პარტნიორები, მშობლები ან მეგობრები.
შინაგანი სიცარიელე გარედან ვერ ივსება:
როცა შიგნიდან რაღაც გაკლია – დეფიციტი გაქვს სიყვარულის, მხარდაჭერის, კავშირის – ვერავინ შეგივსებს ამას გარედან.
შეიძლება დროებით იგრძნო სითბო, მაგრამ მალე ისევ იმ სიცარიელეში აღმოჩნდები.
შინაგანი სიცარიელე არის ემოციური დანაკლისი, რომელიც ვერ ივსება ვერც ურთიერთობით, ვერც წარმატებით და ვერც გარე აღიარებით – ეს სიცარიელე მხოლოდ მაშინ ქრება, როცა საკუთარ თავთან ვბრუნდებით.
წარმოიდგინე, ძალიან გწყურია. ირგვლივ კი ყველაფერი გაქვს – გემრიელი საჭმელი, ტკბილეული, თბილი პლედი, საყვარელი მუსიკა… მაგრამ წყალი არა. რამდენიც არ უნდა ჭამო ან თავი გაირთო, ხომ მაინც ისევ გწყურია? სწორედ ასეა მაშინაც, როცა შიგნით ემოციური სიცარიელე გვაქვს და ვცდილობთ ეს სიცარიელე შოპინგით, ზედმეტი კვებით ან გართობით შევავსოთ. თითქოს დროებით გვიმსუბუქდება, მაგრამ მერე ისევ იმავე ადგილას ვბრუნდებით – ისევ გვწყურია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ საკუთარ თავს ვკითხოთ: „რას ვგრძნობ სინამდვილეში?“ და თავი არ მოვიტყუოთ დროებითი „ნუგეშებით“. წყურვილი წყალმა უნდა მოგვიკლას – და შინაგანი სიცარიელე სიყვარულმა საკუთარი თავის მიმართ.
შეიძლება ვთქვათ რომ გარედან შემოსული სტიმულები, ინფორმაცია თუ ემოცია დროებითია, ხოლო ჭეშმარიტი სიმშვიდე შიდა კავშირის აღდგენით მოდის. როცა სხვებზე ორიენტირებული ვხდებით და საკუთარ თავს ვივიწყებთ, ვკარგავთ იმ მნიშვნელოვან ურთიერთობას, რაც საკუთარ თავთან უნდა გვქონდეს. ამიტომ აუცილებელია ვისწავლოთ საკუთარ თავს მოსმენა, მივიღოთ ჩვენი ემოციები და ვიყოთ ის სიყვარული, რასაც სხვებში ვეძებთ – რადგან თუ ეს შიდა სიცარიელე თავად არ შევავსეთ, ვერავინ შეძლებს ამას ჩვენს ნაცვლად.
ეს ნიშნავს, რომ ამ შევსებას თავად უნდა გაუმკლავდე – საკუთარ თავთან დაბრუნებით. უნდა ისწავლო საკუთარ თავთან კონტაქტი, წვდომა შენს ემოციებთან, რეალურ საჭიროებებთან.
დაფარული პრობლემა – პრობლემად რჩება:
ბევრჯერ გვგონია, რომ რაღაც განცდა გავუშვით – „აღარც ვფიქრობ“, „გავიდა უკვე“, „მოგვარებულია“…
მაგრამ არა – ის სადღაც მიგდებულია, დაკუჭული, როგორც უმნიშვნელო ქაღალდი კუთხეში. მაგრამ დრო რომ გავა, ეს განცდაც „დაგლეჯილი ფურცელივით“ გამოგვეჩრება ცხოვრებაში.
ყველაფერს თავისი ადგილი სჭირდება – ემოციასაც. ის უნდა გახსნა, უნდა გადაამუშაო და სწორად დაასაწყობო. მხოლოდ ასე შეძლებ თავისუფლად სუნთქვას.
სხვებზე ზრუნვა საკუთარი თავიდან იწყება:
სხვებზე ზრუნვაში ხშირად ვივიწყებთ ყველაზე მთავარს – საკუთარ თავს. თუმცა სინამდვილეში, ნამდვილი ზრუნვა სხვის მიმართ სწორედ საკუთარი თავიდან იწყება. თუ შენ არ ხარ სავსე, შენს თავზე არ ზრუნავ, ვერავის და ვერაფერზე იზრუნებ სრულფასოვნად. როცა შინაგანად დაცლილი ხარ, მაშინ ზრუნვაც მეტისმეტად დამღლელი ხდება. მაგრამ როცა საკუთარ თავთან ხარ კონტაქტში, როცა მოუსმენ და უპირობოდ მიიღებ საკუთარ თავს, სხვებისთვისაც ბევრად უფრო მშვიდი, გულწრფელი და მდგრადი ხარ. ზუსტად ამიტომ, საკუთარი თავის მიხედვა არა ეგოიზმი, არამედ ყველაზე ჯანმრთელი საწყისია ზრუნვის – ოჯახზეც, ურთიერთობებზე და ზოგადად, სამყაროზე.
შეიძლება გგონია, რომ ეგოისტობაა საკუთარი თავის დაყენება პირველ ადგილზე – მაგრამ პირიქითაა. როცა შენ ხარ მყარად საკუთარ თავთან, სხვებთან ურთიერთობაც გახდება ჯანსაღი და გაწონასწორებული.
დაიბრუნე კავშირი საკუთარ თავთან:
ისწავლე მარტო ყოფნა – სიმშვიდის ადგილი გახადე. არ არის აუცილებელი, რომ სხვამ დაგირეკოს ან შეგაქოს – შენ თავად შეგიძლია იყო საკუთარი თავის მეგზური და მხარდამჭერი.
კითხე საკუთარ თავს: „როგორ ხარ?“ – არაზედაპირულად, არამედ გულწრფელად.
ნუ გააკეთებ რაღაცას იმიტომ, რომ სხვას უნდა. იკითხე: „მე რა მინდა?“
დაანებე სხვისი მოლოდინების შესრულებას თავი და მიხედე იმ ხმას, რომელიც შიგნიდან გელაპარაკება – ის არასდროს მოგატყუებს.
გახსოვდეს, ყველაფერი შენით იწყება:
როცა საკუთარ თავზე ზრუნვას იწყებ, თითქოს ირგვლივაც ყველაფერი სხვანაირად იწყებს განვითარებას – სიმშვიდით, თანმიმდევრობით და ბუნებრივად.
შენ ხარ ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ცხოვრება გიწევს ყოველდღე. და ეს ურთიერთობა, რაც შენს თავთან გაქვს, საწყისია ყველაფრისთვის.
შენ ხარ მყარი საფუძველი – ოჯახისთვის, კარიერისთვის, ურთიერთობებისთვის.
მეგზურად დაგიტოვებ სიტყვებს:
„თავად უნდა შექმნა ის, რაც გინდა დაინახო სამყაროში.“