LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრო – მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო

257
ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო დაწესებულებაში ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს  გაეცნო.

პროგრამის ახალი კომპონენტი სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებს უზრუნველყოფს.

მიხეილ სარჯველაძემ დიაგნოსტიკისა და ამბულატორიის განყოფილებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ აღჭურვილობას გაეცნო. კლინიკის ექიმებთან და ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული შესაძლებლობები, ამასთან, ისაუბრეს ბენეფიციართა საჭიროებებსა და პროგრამის ეფექტურად მართვის საკითხებზე.

მინისტრის განცხადებით, ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მათი მიმდინარეობის მონიტორინგია. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სიახლე ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს – მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალი კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარები ისარგებლებენ ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის/ნუტრიციოლოგის, ორთოპედის კონსულტაციით, ასევე – კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით, როგორიცაა: ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, 24-საათიანი ჰოლტერ-მონიტორინგი, სპირომეტრია, დენსიტომეტრია, ვიტამინ D კონცენტრაციის განსაზღვრა, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ხერხემლის რენტგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, კრეატინკინაზას განსაზღვრა, თირკმლის ფუნქციური სინჯები (შარდოვანა, კრეატინინი), ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ტუტე ფოსფატაზა, ალტ, ასტ), ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, მაგნიუმი, რკინა) განსაზღვრა, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, განავლის კვლევა ფარულ სისხლდენაზე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g