LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი ბრალია სახსრების ტკივილი და ანთება – რევმატოლოგი ლელა ტაბიძე პასუხობს ყველაზე გავრცელებულ კითხვებს

2324
ლელა-ტაბიძე

„რა უნდა ვიცოდეთ რევმატოლოგიური დაავადებების შესახებ, როგორ მოქმედებს ზედმეტი წონა, მჯდომარე ცხოვრების სტილი სახსრებზე, რა როლი აქვს D ვიტამინს და კალციუმს სახსრების ტკივილის, რევმატოლოგიური დაავადებების ნაწილში, რა თანმხლები პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს რევმატოიდულმა პრობლემებმა“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის“ რევმატოლოგმა – ლელა ტაბიძემ ისაუბრა.

რას ნიშნავს ტერმინი რევმატიზმი და რა უნდა ვიცოდეთ რევმატოლოგიური დაავადებების შესახებ?

რევმატიზმი, ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ კონკრეტულს არაფერს არ ნიშნავს, ეს არ არის დიაგნოზი, არ არის რომელიმე დაავადების დასახელება, უფრო მეტიც, თანამედროვე მედიცინა ამ ტერმინს არც ცნობს და არც აღიარებს. მაშინ, მართლაც საიდან გაჩნდა ხომ ეს ტერმინი?! ეს ამბავი სათავეს ცოტა უფრო შორეული წარსულიდან, კერძოდ საბჭოთა კავშირიდან იღებს, რადგან ზუსტად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში არის ძალიან აქტიური ამ ტერმინის გამოყენება.

იმ დროს, სიტყვა რევმატიზმი გამოიყენებოდა ალტერნატიულ დასახელებად, სინონიმად ერთი კონკრეტული რევმატოლოგიური დაავადებისა, რომელსაც რეალურად რევმატული ცხელება ჰქვია. ზუსტად ეს არის იმ ცნობილი სიმპტომატიკის მატარებელი დაავადება, რომელიც ყველას გვსმენია, რომელიც იწყება ე.წ. გლანდებიდან, შემდეგ, ვრცელდება სახსრებზე, იწვევს მფრინავ ართრიტს და ა.შ.

თვითონ დაავადების დასახელებას რომ დავუკვირდეთ, მას ჰქვია რევმატული ცხელება, ანუ ეს არის ცხელებით, ტემპერატურული რეაქციით მიმდინარე მწვავე სიმპტომატიკის მქონე დაავადება და ეს ვერ იქნება ის სახსროვანი სინდრომი, რომელიც პერიოდულად მწვავდება, ხანდახან საერთოდ არ გვაწუხებს და ა.შ. , თუმცა პაციენტები ძირითადად ზუსტად ასეთი სახსროვანი ჩივილების აღსაწერად იყენებენ სიტყვას – რევმატიზმი. აქედან გამომდინარე, რევმატული ცხელება არ არის ის დიაგნოზი, რომელიც შემთხვევათა 99 %-ში დგას სახსროვანი ჩივილების უკან. როგორც წესი, ჩვენ სხვა დიაგნოზებს ვუდასტურებთ ხოლმე ასეთ პაციენტებს.

თანამედროვე სამყაროში, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ერთი და იგივე სიმპტომის, სახსრის ტკივილის უკან შეიძლება, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა რევმატოლოგიური დაავადება  იდგეს, დაწყებული ასაკთან შეჭიდული ცვეთითი და დეგენერაციული ცვლილებებით, როგორიც არის ოსტეოართრიტი, გაგრძელებული ნამდვილი ანთებითი რევამტული დაავდადებებით, როგორიც არის ფსორიაზული ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ თითოეული მათგანი და სწორად დავარქვათ სახსროვან სინდრომს თავისი სახელი და შესაბამისად, ვმართოთ და აღარ გვჭირდება ისეთი ე.წ. ქოლგა ტერმინის გამოყენება, როგორიც არის რევმატიზმი, რომელიც თან გულისხმობს ნებისმიერ სახსროვან დაზიანებას და თან არ გულისხმობს არაფერს კონკრეტულს. შესაბამისად, თუ ჩვენ ნელ-ნელა ამ ტერმინის ხმარებას თავს დავანებებთ და ამოვიღებთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან, მით უკეთესი იქნება.

მინდა, თხოვნით მივმართო ჩვენს პაციენტებს, რომლებიც მიმართავენ რევმატოლოგებს, ორთოპედებს ან ტრავმატოლოგებს, ნუ დაარქმევთ თქვენს სახსროვან სინდრომს სახელს თქვენ თვითონ, ნუ გადაწყვეტთ, რომ ხართ რევმატიულები, რომ გაწუხებთ რევმატიზმები, უბრალოდ, თქვენი სიტყვებით აღწერეთ, რა გაწუხებთ, რომელი სახსარი გტკივათ, რა გიძლიერებთ ტკივილს, რა გაძლევთ შვებას და დაუტოვეთ ეს ექიმს, რომ სახელი მან დაარქვას თქვენს დიაგნოზს, რამე თუ რევმატიზმი, ასეთი დიაგნოზი თანამედროვე კლასიფიკაციაში არ არსებობს და არის აბსოლუტურად ბუნდოვანი და აუხსნელი ცნება.

რაც შეეხება ზოგადად რევმატოლოგიურ დაავადებებს, როგორც უკვე ვახსენე, რევმატოლოგიაში ძალიან ბევრი დაავადებაა და ნაწილი მათგანი არის ასაკობრივი, ცვეთითი, დეგენერაციული ცვლილებები, მეორე დიდი ჯგუფი კი არის ჭეშმარიტად ავტოიმუნური, ანთებითი დაავადებები, რომლებიც ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში შეიძლება განვითარდეს და არ აქვს მნიშვნელობა პაციენტი ახალგაზრდაა, ჯერ კიდევ პედიატრიული ასაკისაა თუ 50 წელს გადაცილებული. ეს არის ის დაავადებები, რომელთაც მუდმივად მედიკამენტური მართვა და ანთების რეგულირება სჭირდება, იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ სახსრები შემდგომი დაზიანებისგან, მეორადი დეფორმაციებისგან და სხვა ორგანოების დაზიანებისგან, რადგან რევმატულ დაავადებებს სახსრების გარდა, სხვა ბევრი სამიზნე ორგანოს დაზიანება ახასიათებთ.

სახსრების ტკივილზე, როგორც მომართვიანობის ერთ-ერთ უხშირეს მიზეზზე მინდა გკითხოთ. პაციენტები სახსრების ტკივილს ხშირად აბრალებენ სიცივეს – „სიცივემ გამირთულა და ამიტომ მტკივა“… რეალურია სახსრების ტკივილსა და სიცივეს შორის კავშირი თუ ეს უბრალოდ მითია?

სიცივე მნიშვნელოვანი კომპონენტი და ფაქტორია, მას გარკვეული როლი მართლაც უკავია სახსროვან პათოლოგიებში, თუმცა ის ვერასოდეს ვერ იქნება ცალსახად გამომწვევი რომელიმე კონკრეტული დიაგნოზისა.

განმარტება სჭირდება იმასაც, თუ რას ვგულისხმობთ სიცივეში. თუ ჩვენ ვგულისხმობთ, ზოგადად, ამინდის გაუარესებას, გარემოში დაბალ ტემპერატურას და ამაზე სახსრების მტკივნეულობას, რაც ახასიათებს ზოგიერთ ადამიანს, ეს შეიძლება, საერთოდ არც იყოს დაავადება, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ატმოსფერული წნევის ცვლილებაზე და როდესაც ამინდი მკვეთრად იცვლება, ეს ზუსტად ატმოსფერული წნევის ცვლილებით არის განპირობებული და ამაზე ვიღაცას შეიძლება, რომ ინდივიდუალური რეაქცია ახასიათებდეს და ჰქონდეს სახსრების ტკივილი.

თუ არის მსუბუქი დისკომფორტი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მკვეთრად არ ზღუდავს ადამიანს და ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად თვითლიმიტირებადია და ლაგდება, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ არ ვსაუბრობთ დაავადების არსებობაზე, უბრალოდ, ამ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს მისი ინდივიდუალური რეაქციაა.

არსებობს კიდევ სხვა კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც შეიძლება, რომ არა სახსროვანი ტკივილით, არამედ რაღაც სხვა სიმპტომებით რეაგირებდნენ ამინდის ცვლილებაზე, ზოგს შეიძლება, თავი სტკიოდეს, ზოგს გუნება-განწყობა ეცვლებოდეს და ა.შ.

საერთოდ სხვა საკითხია, როდესაც ადამიანს უკვე დადასტურებულად აქვს რომელიმე რევმატოლოგიური დაავადება და ამინდის გაუარესებასთან ერთად მეტად სტკივა სახსარი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სიცივე უკვე განიხილება, როგორც ტრიგერი, რადგან ტკივილის აღქმა ძლიერდება სიცივეში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ცალსახად მხოლოდ სიცივე ვერ გამოიწვევს რომელიმე კონკრეტულ რევმატოლოგიურ დაავადებას.

ასევე, არსებობს ერთი ჯგუფი ართრიტებისა, ანუ სახსრების ანთებითი დაავადებებისა, რომლებსაც ჰქვიათ კრისტალური ართროპათიები. ამ შემთხვევაში, ანთების საფუძველი არის ის, რომ კონკრეტული ნივთიერება განიცდის კრისტალიზაციას, დაკრისტალდება და ეს კრისტალი, შემდგომ, სახსარში იწვევს ანთებით პროცესს. დაკრისტალება დაბალ ტემპერატურაზე ხდება, ანუ თუ ეს ადამიანი მოხვდება დაბალ ტემპერატურაზე, მაგალითად, წვიმაში მოჰყვება და შესცივდება, მას შეიძლება, დაეწყოს ანთებითი პროცესი რომელიმე სახსარში, იმიტომ, რომ დაკრისტაკლდა ის კონკრეტული ნივთიერება, რაც ამ ანთებით პროცესს იწვევს ხოლმე. სხვათა შორის, ასეთი ადამიანების შემთხვევაში, აუცილებელი არ არის გარემოში შეიცვალოს ტემპერატურა, ზაფხულში ცივ მდინარეში ან ზღვაში ბანაობის შემდეგაც ემართებათ ხოლმე ასეთი გამწვავებები და ეწყებათ რომელიმე სახსრის ანთებითი დაზიანება, რასაც რა თქმა უნდა, მკურნალობა სჭირდება.

ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, არასოდეს ტკივილი არ უნდა ჩაითვალოს ნორმად, თუ ადამიანს აწუხებს ტკივილი, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ფიზიკალური გასინჯვა, შემდეგ, სპეციფიკური კვლევები, რომ ვნახოთ, რა დგას ამ ტკივილის უკან, რამდენად სერიოზულია პრობლემა და რომ დაიგეგმოს, როგორ ვმართოთ ტკივილი.

იმ პაციენტებსაც კი, რომელთაც უბრალოდ მგრძნობელობა აქვთ ატმოსფერული წნევის ცვალებადობის მიმართ და არ აქვთ სახსროვანი დაავადება, შეიძლება, რიგ შემთხვევაში, ტკივილის მართვის კუთხით დახმარება სჭირდებოდეთ, რადგან იმ დღეებში მათი ცხოვრების ხარისხი მკვეთრად უარესდება.

ასაკსა და მასთან დაკავშირებულ რევმატოლოგიურ პრობლემებზე მინდა გკითხოთ, არსებობს თუ არა ზღვარი ბუნებრივ ცვლილებებსა და დაავადების ნიშნებს შორის, რატომ არის, რომ დღეს, უფრო ხშირად ვხვდებით გაახალგაზრდავებას სხვადასხვა დაავადების კუთხით, მათ შორის, რევმატოლოგიური დაავადებების მიმართულებით?

ალბათ, იშვიათად მოიძებნება მედიცინაში მეორე დარგი, სადაც ასაკი და სქესიც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც რევმატოლოგიაში. ცალსახად ვერ იტყვით, რომელი ასაკიდან რა დაავადების განვითარებას უნდა ველოდოთ, რადგან ასეთი შავ-თეთრი არასოდეს არ არის ხოლმე სურათი, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ არსებობს დაავადებები, რომლებიც მეტად გვხვდება 40-45 წელს გადაცილებულ ადამიანებში და ესენი ძირითადად არის ასაკობრივ ცვლილებებთან ასოცირებული სახსროვანი სინდრომები, ე.წ. ცვეთითი და დეგენერაციული პათოლოგიები.

ეს არის დაავადებათა ის ჯგუფი, რომელმაც მეტ-ნაკლებად შეიძლება, რომ ყველა შეგვაწუხოს, რადგან სახსარი განიცდის დაახლოებით ისეთივე ასაკობრივ ცვლილებებს, როგორსაც თმა და როგორც ვიცით, რომ თმის გაჭაღარავებას ვერავინ ავარიდებთ თავს, ასევე მინიმალურ სახსროვან ცვლილებებს, ცვეთისა და დეგენერაციის ხარჯზე, ვერავინ ავარიდებთ თავს.

ეს არის ე.წ. ოსტეოართრიტი, თუმცა მას პოსტსაბჭოთა სივრცეში უფრო ართროზის სახელით იცნობენ და სხვადასხვა სახის ართროზს შეიძლება, რომ თავისი სახელიც ჰქონდეს, მაგალითად, ალბათ, გვსმენია გონართროზი, რომელიც მუხლის სახსრის ცვეთით მდგომარეობას აღწერს, კოქსართროზი, რომელიც მენჯ–ბარძაყის სახსრის ართროზს აღწერს, ოსტეოქონდროზი, რომელიც ხერხემალში მსგავს ცვლილებებს აღწერს, თუმცა რეალურად გონართროზიც, კოქსართროზიც და ოსტეოქონდროზიც არის ერთი და იგივე პროცესი, ასაკთან ასოცირებული ცვეთითი მდგომარეობა სახსრისა, რაც მეორადად, პერიოდულად შეიძლება, იწვევდეს ანთებას და სხვა ცვლილებებს სახსარში.

ეს არის ის, რაც ძალიან გავრცელებულია, რადგან მეტ-ნაკლებად ყველას დაემართება და ეს არის ის, რის შესახებაც ძალიან მაღალია ცნობადობა მოსახლეობაში.

აქ ვაწყდებით კიდევ ერთ სტერეოტიპს, რომ თითქოს, სახსროვანი დაავადებები მხოლოდ ასაკოვან ადამიანებს უნდა ემართებოდეთ. სინამდვილეში, ასაკოვან ადამიანებში უფრო ხშირია ერთი კონკრეტული ცვეთითი მდგომარეობა, მაგრამ ჩვენთან რევმატოლოგიაში არსებობს ბევრი სხვა ანთებითი და ავტოიმუნური დაავადება, რომელიც პირიქით, რაც უფრო 40 წელს ქვემოთ არის ადამიანი, მით მაღალია მისი განვითარების შანსი.

ავტოიმუნური დაავადებები ეს არის ისეთი დაავადებები, როდესაც იმუნური სისტემა, რომელიც არის დამცველობითი სისტემა და წესით, უნდა ებრძოდეს პათოგენებს, ორგანიზმში შეჭრილ ვირუსებს, ბაქტერიებს, ამის ნაცვლად, ანადგურებს ჯანსაღ ქსოვილებს. ართრიტების შემთხვევაში ეს არის, რა თქმა უნდა, სახსრები და ასეთი დაავადებები, მათი მანიფესტაცია, პირველი გამოვლინება ბევრად უფრო ხშირია ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულ პაციენტებში. რა საკვირველია, ვიღაცას ართრიტის დიაგნოზს 22 წლის ასაკში რომ დავუსვამთ, იმას 60 წლის ასაკშიც ექნება ეს დიაგნოზი, მაგრამ პირველი მანიფესტაცია, პირველი სიმპტომები ახალგაზრდა ასაკიდან ვლინდება. ასეთ პაციენტებში ჩვენ გვჭირდება მუდმივი მონიტორინგი, მუდმივი მკურნალობა, თუმცა ეს არ არის განაჩენი, საბედნიეროდ, თანამედროვე სამყაროში ხელმისაწვდომია ისეთი მედიკამენტები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, პაციენტს დავუბრუნოთ ნორმალური ცხოვრების ხარისხი, მას არ ჰქონდეს ტკივილი და დავიცვათ შემდგომი დეფორმაციებისგან.

უკვე არსებული და დასმული დიაგნოზის შემთხვევაში, რამდენად წამყვანი როლი უკავია ჯანსაღი ცხოვრების წესს, შესაძლოა თუ არა დაავადების გამწვავების ფაქტორს, სიმპტომების მიმდინარეობას და სიძლიერეს განსაზღვრავდეს მჯდომარე ცხოვრების წესი, ჭარბი წონა, სტრესი და უძილობა? როგორ შეიძლება, რომ დაღლილობით გამოწვეული შემთხვევები რეალური პრობლემებისგან განვასხვაოთ? როდის არ უნდა გადავდოთ ვიზიტი ექიმ რევმატოლოგთან და როდის უნდა ვიქონიოთ ეჭვი იმ პირველად ნიშნებზე, სიმპტომებზე, რომლებიც შესაძლოა, რომ რევმატულ დაავადებაზე მიუთითებდეს?

ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველა ეტაპზე და ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვისაც ეს პირდაპირ კავშირშია მოძრაობასთან და ფიზიკურ აქტივობასთან. არსებობს ასეთი მიდგომა, თუ ორგანიზმში არის წინასწარგანწყობა რომელიმე ანთებითი რევმატული დაავადებისადმი, იქნება ეს რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი თუ სხვა, ეს გენეტიკური განწყობა უნდა მოვიდეს თანხვედრაში რაღაც გარემო ფაქტორთან და მათი ერთობლიობა წარმოადგენს ტრიგერს, ანუ გამშვებ მექანიზმს დაავადების დაწყებისთვის. თუ ორგანიზმის წინასწარგანწყობა არასოდეს არ შეხვდება იმ კონკრეტულ ტრიგერს, შეიძლება, ამ პაციენტს ეს დაავადება არასოდეს არ ჩამოუყალიბდეს. მაგალითისთვის, ამის კლასიკური მაგალითი არის რევმატოიდული ართრიტი და მწეველი პაციენტი.

გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე ადამიანი თუ არასოდეს არ მოიხმარს თამბაქოს, ის დიდწილად დაცულია რევმატოიდული ართრიტის განვითარებისგან, მაშინ, როდესაც ისეთივე გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე ადამიანი, რომელიც არის აქტიური მწეველი, მკვეთრად იზრდის რისკებს, რომ რევმატოიდული ართრიტი განუვითარდეს.

ცხოვრების წესთან მიმართებაში სხვა საკითხებს რომ შევეხოთ, მჯდომარე ცხოვრების წესი, ჭარბი წონა, ეს, რა თქმა უნდა, სახსრებზე გავლენას ახდენს, თუმცა ნაკლებად ანთებით დაავადებებზე, მათ უფრო მეტად კავშირი აქვთ სახსრების მექანიკურ დაავადებებთან, როგორიც არის ხერხემლის თიაქრები, ცვეთითი და დეგენერაციული ცვლილებები, რადგან რაც მეტი წონა აწვება სახსარს და მეტის ტარება უწევთ, მეტია ხახუნი სახსარში და უფრო აქტიურად მიდის ცვეთითი პროცესი.

ჩვენ გვაქვს ასეთი ტერმინი – წონის მატარებელი სახსრები, რომელიც ძირითადად არის წელის სეგმენტი, მენჯ-ბარძაყის სახსარი და მუხლი.

დაავადებას ხელს უწყობს ცხოვრების მჯდომარე წესიც, რადგან ჩვენ რაც უფრო ნაკლებად ვიტვირთებით ფიზიკურად, კუნთი მით უფრო მეტად სუსტდება, ტონუსს კარგავს და ის აღარ იღებს მონაწილეობას, აღარ ეხმარება სახსარს არაფერში. შესაბამისად, იზრდება სახსარზე დატვირთვა, ორმაგდება და იგივე, ხსენებული ცვეთითი და დეგენერაციული ცვლილებები უფრო აქტიურად მიდის, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც წონა იქნებოდა იდეალური და პაციენტს ჩართული ექნებოდა ფიზიკური აქტივობა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რაც შეეხება ტკივილის რიტმს, ტკივილი რევმატოლოგიაში არის ყველაზე ხშირი სიმპტომი, რის გამოც პაციენტები ექიმს მიმართავენ. შესაბამისად, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამოვიცნოთ ტკივილის რიტმი. ჩვენ გვაქვს ორი ტერმინი, ერთი ეს არის – ანთებითი რიტმის ტკივილი, რომელიც ძირითადად არის ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში და ასეთ პაციენტებს აქვთ ხოლმე ღამის ტკივილი, დილით ადრე ეღვიძებათ ტკივილის გამო და იძულებულნი არიან ადგნენ, მოძრაობა დაიწყონ, რომ ეს ტკივილი როგორღაც მოეშვათ და გვაქვს მეორე სახის – მექანიკური გენეზის, ანუ მოძრაობასთან ასოცირებული ტკივილი, ვთქვათ, დიდხანს ვდგავარ ფეხზე და მერე მტკივდება, ბევრს ვივლი და მერე მტკივდება, ანუ მექანიკურად იტვირთება სახსარი და შემდეგ იწყება ტკივილი.

როდესაც ჩვენ გვაქვს ანთებითი რიტმის ტკივილი, ბუნებრივია, ეს უფრო ანთებით დაავადებებთან არის კავშირში, ჭეშმარიტ რევმატულ დაავადებებთან, რომლებიც შეიძლება, რომ ნებისმიერ ასაკში დაიწყოს.

მექანიკური დაავადებები ასოცირებულია უფრო არასწორ დატვირთვასთან, გადატვირთვასთან, ცვეთით და დეგენერაციულ დაავადებებთან, როგორიც არის ოსტეოართრიტი.

პაციენტი ამას ვერ განასხვავებს, რადგან უხშირესად, ჩვენ ასე მკაფიოდ ვერ გვეუბნება პაციენტი, რომელი რიტმის ტკივილი აქვს. უფრო ხშირად ჩვენ ვაწყდებით ხოლმე შერეულ მდგომარეობას, როცა პაციენტი ამბობს, „ხანდახან ღამეც მტკივა, ხანდახან მოძრაობასთან ერთადაც მტკივა“, ამიტომ მხოლოდ ამ ინფორმაციის საფუძველზე ვერ გავავლებთ ზღვარს, რომელია ანთებითი დაავადება და რომელია მექანიკური დეგენერაცია. აქ აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, პაციენტის ფიზიკალური შეფასება, რომ ვნახოთ ტკივილის ანატომიური საწყისი, ასევე შეფასება, გამოხატულია თუ არა დამატებითი ანთების ნიშნები და შესაბამისი კვლევების ჩატარება. ექიმსაც კი სრული სურათის მიღების შედეგ შეუძლია თქმა, იქ ანთებითი მდგომარეობაა თუ დეგენერაციული, ამიტომ პაციენტი ერთი შეხედვით და ასე ხელაღებით ამას ვერ განასხვავებს.

ერთი ოქროს წესი არის ის, რომ ტკივილს არ ვითმენთ და თუ არის ტკივილი, ესე იგი, ვსაჭიროებთ ექიმის კონსულტაციას.

ხშირად, ადამიანები საკუთარი ნებით განსაზღვრავენ კალციუმს და D ვიტამინს და იწყებენ მათ თვითნებურად მიღებას, რადგან საზოგადოებაში დღემდე გავრცელებულია მოსაზრება, რომ კალციუმის და D ვიტამინის დონე მკვეთრად განსაზღვრავს რევმატოლოგიური დაავადებების სტატუსს, ხარისხს და რომ სახსრების ტკივილის ნაწილში, მათ ძალიან კარგი ეფექტი აქვს. რეალურად, რა როლი აქვს D ვიტამინს და კალციუმს სახსრების ტკივილის, რევმატოლოგიური დაავადებების ნაწილში?

ზოგადად, D ვიტამინის დეფიციტი ძალიან ხშირია.

D ვიტამინი ძალიან მკვეთრად უნდა იყოს დაკლებული იმისთვის, რომ ის სახსრების ტკივილს იწვევდეს. D ვიტამინის ნაკლებობას ახასიათებს ზოგადი სახსრების ტკივილი და არა კონკრეტულად რომელიმე დაავადების ჩამოყალიბება. ამ დროს, პაციენტი ვერ გვეტყვის, რომ ეს და ის სახსარი მტკივა, მას აქვს ზოგადი ართრალგია, ანუ ზოგადად, სახსრებში დისკომფორტი და როგორც წესი, D ვიტამინის შევსებასთან ერთად ეს პრობლემა ავტომატურად გვარდება.

რაც შეეხება კალციუმს, კალციუმს იმდენი გავლენა სახსარზე არ აქვს, რამდენიც ძვალზე. ის არის ძვლის საშენი მასალა. რიგ შემთხვევებში, რევმატოლოგიაში არსებობს ისეთი ანთებითი დაავადებები, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი, რომელიც ძვლის გამოფიტვასაც იწვევს, ამიტომ ამ  პაციენტებთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ანთების საწინააღმდეგო თერაპიასთან ერთად კალციუმიც იყოს ჩართული, რომ ჩვენ არ მივიღოთ ოსტეოპოროზი, რომელიც არის ძვლის მინერალური სიმკვრივის კარგვა, რამაც შეიძლება, რომ მერე, სპონტანურ მოტეხილობებამდე მიგვიყვანოს.

ასევე, ალბათ, გსმენიათ, რომ რევმატულ პაციენტებთან ხშირ შემთხვევაში საჭირო არის ხოლმე პრედნიზოლონის ჰორმონს რომ ეძახიან, გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება და მათი გვერდითი მოვლენაა, ასევე, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, ამიტომ თუ პაციენტს სჭირდება გლუკოკორტიკოსტეროიდი, ე.წ. ჰორმონი, ამ შემთხვევაშიც, კალციუმი აუცილებლად უნდა იყოს გაკონტროლებული არა მხოლოდ სისხლში, არამედ ძვალშიც და შესაბამისად, მას პაციენტი უნდა იღებდეს იმ დოზით და იმ სიხშირით, რაც მას სჭირდება.

რევმატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობა თუ ამან შეიძლება უფრო გაამწვავოს მდგომარეობა?

შესაბამისი ფიზიკური აქტივობა ყველასთვის აუცილებელია. მე ვიხმარე სიტყვა – შესაბამისი, რადგან არ შეიძლება რევმატოიდული დაავადების მქონე ადამიანისთვის და ჯანმრთელი ადამიანისთვის ერთი და იგივე სავარჯიშო პროგრამა იყოს მისაღები. შესაბამისად, ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.

ზოგადად, როცა ადამიანები გადაწყვეტენ, რომ უნდა დაიწყონ ცხოვრების აქტიური წესი და უნდა დაიწყონ ვარჯიში, პირდაპირ მიდიან დარბაზში და იწყებენ მაქსიმალური დატვირთვით, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. დატვირთვა ყოველთვის უნდა იყოს მზარდი, ძალიან მსუბუქად უნდა დავიწყოთ და ნელ-ნელა უნდა გავთამამდეთ, რადგან როდესაც პირდაპირ მაქსიმალურ დატვირთვას ვიღებთ, არ ვართ მზად იმ დატვირთვისთვის და შესაბამისად, ეს იქნება გადატვირთვა სახსრებისთვის, რის გამოც შეიძლება, ჩამოყალიბდეს სხვადასხვა მტკივნეული სინდრომი ან ანთებითი პროცესი, ტრავმული, მექანიკური დაზიანება და ა.შ.

თუ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს დისკომფორტი, ტკივილი, შებოჭილობა, მით უმეტეს, თუ ამას თან ახლავს ისეთი დამატებითი სიმპტომები, როგორიცაა რომელიმე სახსრის მკვეთრი მტკივნეულობა, შესიება და ა.შ. , ჯერ აუცილებლად უნდა დაიგეგმოს კონსულტაცია სპეციალისტთან, სახელი დაერქვას პრობლემას, სწორად შეირჩეს სპორტის რომელი სახეობა იქნება მისთვის იდეალური და მერე დაიწყოს აქტიური ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ თუ პაციენტს უკვე აქვს დიაგნოსტირებული რომელიმე რევმატოლოგიური დაავადება, ესეც არ გამორიცხავს ფიზიკური აქტივობის საჭიროებას. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ სახსარს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და კომფორტს კუნთის ტონუსში მოყვანით ვუქმნით.

რაც უფრო ტონუსშია კუნთი, მით უფრო მცირდება დატვირთვა სახსარზე, შესაბამისად, სახსარს ვუქმნით კომფორტს და ეს კომფორტი სჭირდება როგორც ჯანმრთელ სახსარს, ისე დაავადებულ სახსარს, უბრალოდ, სხვადასხვა გზით უნდა მივაღწიოთ ჩვენ ამ ტონუსს.

რა თანმხლები პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს რევმატოიდულმა პრობლემებმა?

რევმატოლოგიურ დაავადებებს ვეძახით სისტემურ დაავადებებს, რადგან შეუძლიათ სხვადასხვა ორგანოთა სისტემის დაზიანება გამოიწვიონ, სახსრების დაზიანებასთან ერთად.

ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, ყველაზე ხშირად რა ზიანდება, რადგან სხვადასხვა დაავადებას სხვადასხვა სამიზნე ორგანო გააჩნია. მაგალითისთვის, ფსორიაზული ართრიტისთვის, რა თქმა უნდა, სახსრების ანთებასთან ერთად, ყველაზე ხშირი არის კანის დაავადების, ფსორიაზის თანაარსებობა. ამ დაავადებამ პოტენციურად ასევე შეიძლება, გამოიწვიოს თვალის ანთებითი დაავადება და მრავალი სხვა.

იგივე რეჟიმში, რევმატოიდულმა ართრიტმა სახსრებთან ერთად ასევე შეიძლება, მოგვცეს სხვადასხვა ორგანოების ჩართულობა და ა.შ.

არ გვაქვს კლასიკური წესი, კანონი, რომ პრობლემა ყოველთვის სახსრით იწყება და შემდეგ, სხვა სიმპტომები იწყება ან რომ ჯერ, სხვა სიმპტომებით იწყება და შემდეგ, სახსარი ერთვება, ეს ინდივიდუალურია, ერთ პაციენტთან შეიძლება, არასახსროვანი სიმპტომატიკით დაიწყოს და მოგვიანებით ჩაერთოს სახსარი, მეორე პაციენტთან შესაძლებელია, სახსროვანი სიმპტომატიკით დაიწყოს პროცესი და ასევე დარჩეს, არ დაემატოს სხვა სიმპტომი და მესამესთან შეიძლება, დაიწყოს სახსრით და შემდეგ, დაემატოს სხვადასხვა სიმპტომები.

სამწუხაროდ, სადღეისოდ, ჩვენ არ გვაქვს არანაირი კვლევის მეთოდი ან შეფასების სისტემა, რითაც ამოვიცნობთ, რა სტილს გაჰყვება კონკრეტულ პაციენტთან მისი დაავადება. ჩვენ უბრალოდ ვიცით იმ დიაგნოზის დროს რა კონკრეტული სამიზნე ორგანოების დაზიანება შეიძლება მოხდეს და ვაწარმოებთ პერიოდულ კვლევებს, Check up-ს, სამიზნე ორგანოების დაზიანების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად.

ხშირად, პაციენტებს აქვთ ხოლმე გარკვეული პროტესტი და გაკვირვება, რომ მაგალითად, „მე ართრიტის დიაგნოზი მაქვს და რაში მჭირდება ფილტვის ფუნქციის შეფასება“, თუმცა გვჭირდება, რადგან პოტენციურად ამ ართრიტმა შეიძლება, რომ ფილტვის დაზიანებაც გამოიწვიოს.

ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ რევმატოლოგია არის დეტექტიური ჟანრი, რადგან ბევრი სპეციალისტის ჩართულობა და მუდმივ რეჟიმში კვლევა-ძიება სჭირდება, რომ მინიმალური დეტალიც კი არ გაიპაროს.

რევმატოიდული დაავადებები რთული სადიაგნოსტიკოა? რამდენი კვლევა შეიძლება დაგვჭირდეს, რომ სწორ პასუხამდე მივიდეთ და შესაძლოა თუ არა, რომ პრობლემა იმდენად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, რომ ჩვეულებრივი Check up-ის დროს მოულოდნელად აღმოვაჩინოთ ის? ასევე, რამდენად რთული და ხანგრძლივია მკურნალობის პროცესი, რა გამოსავალი არსებობს და რა საუკეთესო შედეგი შეიძლება, რომ მივიღოთ?

რევმატოიდული დაავადებების კომპლექსურობიდან გამომდინარე, დიაგნოზიც კომპლექსურად უნდა დაისვას, თუმცა საბაზისო ნაწილი, ძირითადი ნაწილი ყოველთვის არის პაციენტის კლინიკური სიმპტომები და ის თუ რა ინფორმაცია მოიპოვა ექიმმა ფიზიკალური გასინჯვით, ეს არის სურათის ძირითადი ნაწილი და შემდეგ ვავსებთ სხვადასხვა კვლევებით მიღებული ინფორმაციით, პატარ-პატარა დეტალებით ამ სრულ სურათს და ვუყურებთ, თუ რა მივიღეთ საბოლოოდ.

რევმატოლოგია არ არის ის დარგი, სადაც შეიძლება, მე რაღაც ანალიზი შევუკვეთო, ვნახო, რომ ანალიზი მომატებულია და მხოლოდ ამ მონაცემის საფუძველზე რაიმე დიაგნოზი დავადასტურო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის, რომ ჩვენ არ გვაქვს მაღალსპეციფიკური სადიაგნოსტიკო ტესტები, ანუ ისეთი ტესტები, რომ ვნახე, მომატებულია და ცალსახად დავადასტურე დიაგნოზი და ვნახე, რომ ნორმაშია და უარვყავი დიაგნოზი, ანუ ანალიზის პოზიტიურობა, მომატება ნორმაზე მეტად, მხოლოდ ეს მონაცემი არ ადასტურებს რომელიმე რევმატოლოგიურ დაავადებას, ისევე, როგორც ნორმაში მყოფი რაღაც მაჩვენებელი ვერ გამორიცხავს დაავადების არსებობას. ჩვენ ყოველთვის გვჭირდება სრული მონაცემი, რომ პაციენტზე ინდივიდუალურად, მორგებულად მივიღოთ გადაწყვეტილება, დასტურდება თუ არა რომელიმე დიაგნოზის არსებობა.

თანამედროვე მედიცინაში სტანდარტად მიღებული Check up, რაც კეთდება, რევმატოლოგიაში ცოტა ნაკლებად გამოსაყენებელია, რადგან ჩვენ შეიძლება, იქ ვნახოთ რაღაც პოზიტიური ტესტი, რომელიც საბოლოოდ არ იქნება მნიშვნელოვანი, თუმცა პაციენტი მის გამო გაივლის დიდ ღელვის პერიოდს, რადგან შეიძლება, რომ ნეგატიურ ფიქრებთან მოუწიოს გამკლავება, იმ პოტენციური დიაგნოზის არსებობის გამო, რომელიც სინამდვილეში მას არ აქვს.

ზოგადად, რევმატოლოგიური დაავადებები არ არის ჩუმი დაავადებები, კლასიკურად, მათ ყოველთვის აქვთ რაღაც სიმპტომი, მთავარია, რომ ამ სიმპტომის უგულებელყოფა არ მოხდეს პაციენტის მიერ, რომ დროულად მიმართოს ექიმს და შემდეგ, ექიმის მიერ სწორად იქნას ამოცნობილი პრობლემა და სწორად იქნას შედგენილი გამოკვლევის გეგმა.

ზუსტად ის მითი, რომ რევმატოლოგიური დაავადებები მხოლოდ ხანდაზმული ადამიანების დაავადებებია, განსაზღვრავს პაციენტების დამოკიდებულებას, რომ აუცილებლად უნდა განიკურნონ, თუმცა ისევე როგორც ყველა სხვა დაავადების უმრავლესობა, რევმატოლოგიური დაავადებებიც ქრონიკული დაავადებებია, მაგრამ ქრონიკული ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს ძალიან მძიმე მიმდინარეობის დაავადებებია. ესენი არის მართვადი მდგომარეობები, რომლებიც მკურნალობის ფონზე არ ხასიათდებიან რაღაც დრამატული გართულებებით, ამ დროს, პაციენტებს არ აქვთ ხოლმე დეფორმაციები და ა.შ. ეს შეგვიძლია აბსოლუტურად ვმართოთ მედიკამენტურად, მაგრამ ვერავის მივცემთ იმის პირობას, რომ განიკურნებიან.

საუკეთესო გამოსავალს რაც შეეხება, ასე ცალსახად საუკეთესო გამოსავალს ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა პირველი მიზანი ჩვენთვის ყოველთვის არის დაავადების დაბალი აქტივობა, ანუ ის, რომ მედიკამენტების ფონზე, პაციენტი არ იყოს შეზღუდული ყოველდღიურ ცხოვრებაში, არ ჰქონდეს ტკივილი ან სხვა სიმპტომი, რომელიც მას აწუხებს და როდესაც ეს მიზანი მიიღწევა, ამის შემდეგ, უკვე შეიძლება, ვიფიქროთ დოზების დაკლებაზე, მინიმალურ შემანარჩუნებელ თერაპიაზე გადასვლა და თუ კიდევ შენარჩუნდება სტაბილური მდგომარეობა, გვყავს ისეთი პაციენტებიც, რომლებიც აღწევენ რემისიას, იხსნება მედიკამენტი და რჩებიან მონიტორინგის რეჟიმში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი კვლევის მექანიზმი, რითაც წინასწარ განვსაზღვრავთ, ვინ მიაღწევს ამ რემისიას და ვის დასჭირდება მინიმალურად შემანარჩუნებელი თერაპია მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ჩვენ რაც შეგვიძლია, პაციენტებს ვუთხრათ, არის ის, რომ შეგვიძლია, შევარჩიოთ წამლები ისე, რომ ისინი არ იყვნენ შეზღუდულნი ყოველდღიურ ცხოვრებაში და ცხოვრობდნენ სრულფასოვანი ცხოვრებით.