ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ნატა ვიბლიანის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს იცავს, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლითაც, როგორც ადვოკატი განმარტავს, „ნატა ვიბლიანის მიერ, მის წინააღმდეგ გავრცელებულ ცილისწამებას და პირად თავდასხმებს პასუხობს“.
„ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად სცნო დაზარალებულად“ – ტარიელ კაკაბაძე
ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, არ იცნობს, და არანაირი კავშირი აქვს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანთან. ადვოკატი ნატა ვიბლიანს მოუწოდებს, საჯაროდ წარმოადგინონ მისი და ნინო ვიბლიანის კავშირის დამადასტურებელი თუნდაც ერთი ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მისი სახელისა და პროფესიული რეპუტაციის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებების გასავრცელებლად.
„❗️ აქამდე შეგნებულად ვიკავებდი თავს ნატა ვიბლიანის მიერ ჩემ წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და პირად თავდასხმებზე პასუხის გაცემისგან. თუმცა, დღევანდელი განცხადების შემდეგ, დუმილს აღარ ვაპირებ.
ნატა ვიბლიანის ვიდეოში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს რაიმე კავშირი მაქვს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანთან და მასთან ერთად მის წინააღმდეგ კამპანიაში ვმონაწილეობ, აბსოლუტური სიცრუეა.
ნინო ვიბლიანს არ ვიცნობ. არასოდეს შევხვედრივარ, მისაუბრია ან რაიმე სახის კომუნიკაცია მქონია მასთან.
მოვუწოდებ ნატა ვიბლიანსა და მის დამცველებს – თუ ნინო ვიბლიანთან ჩემი კავშირის დამადასტურებელი თუნდაც ერთი ფაქტი აქვთ, წარმოადგინონ საჯაროდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჩემი სახელისა და პროფესიული რეპუტაციის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებების გასავრცელებლად.
აქამდე შეგნებულად არ ვპასუხობდი ჩემ მიმართ შეურაცხყოფას, დაცინვას, მუქარის შემცველ განცხადებებსა და სიძულვილის ენას. თუმცა ცილისწამებას პასუხი უნდა გაეცეს!
ნატა ვიბლიანს აქვს სრული უფლება, იბრძოლოს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. იგივე უფლება აქვს მეორე მხარესაც – დაიცვას საკუთარი უდანაშაულობა, ღირსება და რეპუტაცია.
მე კი, როგორც ადვოკატს, მაქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ პროფესიული ვალდებულებაც, კანონით დაშვებული ყველა საშუალებით დავიცვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანი მანამდე, ვიდრე მის ბრალეულობას სასამართლო დაადგენს.
ერთი ადამიანის უფლებების დაცვა ვერ გახდება მეორე ადამიანის უფლებების დარღვევის საფუძველი.
ამიტომ დღეიდან არც ერთ მუქარას, ცილისმწამებლურ განცხადებასა და ჩემი ღირსებისა თუ პროფესიული რეპუტაციის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას სამართლებრივი რეაგირების გარეშე აღარ დავტოვებ.
შესაბამისი მასალების შეგროვება უკვე დაწყებულია და ცალკეულ ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებსაც მივმართეთ. ამის დასადასტურებლად მხოლოდ ერთ მცირე მაგალითს ვაქვეყნებ.
ეს არ არის ვინმეს დაშინება ან სოციალურ ქსელში ომის დაწყება – ეს ჩემი უფლებების სამართლებრივი დაცვაა.
ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს – გამოთქვას. ვისაც ჩემი პროფესიული საქმიანობის კრიტიკა სურს – გააკრიტიკოს. მაგრამ კრიტიკა ერთია, ხოლო მუქარა, შეურაცხყოფა, ცილისმწამებლური ბრალდებები და მიზანმიმართული შევიწროება – სხვა.
ვერანაირი ონლაინკამპანია და საზოგადოებრივი ზეწოლა ვერ მაიძულებს, უარი ვთქვა ადამიანის დაცვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დაცვა დღეს არაპოპულარულია.
ნუ მემუქრებით. ნუ მაბრალებთ იმას, რაც არ გამიკეთებია. ნუ მაკავშირებთ ადამიანებთან, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ.
მე ჩემს საქმეს კანონის ფარგლებში გავაკეთებ. დანარჩენზე პასუხს ფაქტები და სამართლებრივი პროცესი გასცემს.
აქვე მივმართავ მედიასაც:
როდესაც მიმდინარე პროცესს აშუქებთ და ღია ეთერს მხოლოდ ერთ მხარეს უთმობთ, ნუ დაგავიწყდებათ ადამიანები, რომელთა მიმართაც ბრალდებები საჯაროდ ჟღერდება, თუმცა მათი ბრალეულობა სასამართლოს არ დაუდგენია.
სად არის მეორე მხარის პასუხის უფლება? სად არის უდანაშაულობის პრეზუმფცია?
ჟურნალისტური პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არა მხოლოდ ბრალდება, არამედ მასზე პასუხიც. ამიტომ მოგვეცით თანაბარი შესაძლებლობა, საზოგადოებას ჩვენი პოზიციაც გავაცნოთ.
მოუსმინეთ ორივე მხარეს და შემდეგ მიეცით საზოგადოებას შეფასების საშუალება.
სანამ სასამართლო ადამიანის ბრალეულობას არ დაადგენს, ის უდანაშაულოდ ითვლება – ეს პრინციპი ყველაზე ხმაურიანი საქმის დროსაც არ ქრება“, – წერს მარიამ კუბლაშვილი.
ცნობისათვის, დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეომიმართვები, რომლებშიც მოქალაქე ნატა ვიბლიანი მასზე სისტემატურად განხორციელებულ ძალადობაზე ჰყვება – ნატა ვიბლიანის განცხადებით, 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
აღნიშნულის შესახებ ნატა ვიბლიანმა თავდაპირველად ისაუბრა ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“.
აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა.
23 ივლისს ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს“, მოგვიანებით კი ადვოკატმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა მან მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესების დაცვა.
