“უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება”, – ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის ქადაგებაზე განაცხადა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ამ რთულ პერიოდში უფალი ჩვენთან არის.
პატრიარქი დიდი ხუთშაბათის მსახურებას სამებაში ესწრება
“წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელს მადლობა რომ ეთქვა უფლისათვის, ის ვეღარ გასცემდა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენთაგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. დღეს გვექნება კიდევ შეხვედრა, 12 ვნების სახარების კითხვა. გწყალობდეთ ღმერთი, წყალობა ღვთისა თქვენზედა და საქართველოსა და მთელ მსოფლიოსა ზედა იყოს. დაგლოცოთ უფალმა, ჩვენთან არს ღმერთი! 16:00 საათზე იქნება 12 ვნების სახარების კითხვა. წყალობა მოგმადლოთ უფალმა, სიყვარული ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს”, – ამბობს ილია მეორე.
შეგახსენებთ, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ტაძრები არ იკეტება და წირვები მთავრობისა და სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.