20 იანვარს, მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენ, კაპიტოლიუმის ეზოსკენ იყო მიპყრობილი. ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო, ის უკვე აშშ-ს 46-ე პრეზიდენტია. საზოგადოება ერთხმად თანხმდება, რომ ქვეყნისთვის ახალი ერა იწყება.
ახალი მომავლის ჰედლაინერები კი მრავალი მუსიკალური ჯოლდოს მფლობელები, 34 წლის ლედი გაგა და 51 წლის ჯენიფერ ლოპესი გახდნენ. ლედი გაგამ ინაუგურაციაზე აშშ-ს ეროვნული ჰიმნი შეასრულა, ჯეი ლომ კი სიმღერა This Land Is Your Land შემოგვთავაზა და საზოგადიოებას ესპანურ ენაზე ემოცური სიტყვებით მიმართა.
არტისტებმა საოცარი „ლუქები“ მოირგეს და ღირსეული შესრულებით გაუძღვნენ წინ ამერიკის ახალ პრეზიდენტს. ლედი გაგამ დენიელ როუზბერის ბრენდ Schiaparelli-სთვის შექმნილი კაბა ჩაიცვა, რომელიც მუქ ლურჯ და წითელ ფერებში იყო გადაწყვეტილი, ვარსკვლავმა კაბას ამავე ბრენდის ოქროს აქსესუარები შეუხამა.
ჯენიფერ ლოპესმა კლასიკურ, თეთრი ფერის სამოსზე შეაჩერა არჩევანი, მან „შანელის“ კოსტიუმი მოირგო, რომელსაც სადა მაკიაჟი და ვარცხნილობა შეუხამა.
ცნობისთვის, ინაუგურაციის დაწყებამდე ვარსკვლავები კაპიტოლიუმის ეზოში დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. ლედი გაგამ „ინსტაგრამზე“ საზოგადოებას ემოციური სიტყვებით მიმართა და სამხედროებთანაც მოასწრო ფოტოების გადაღება.
„ვლოცულობ, რომ ხვალ მშვიდობიანი დღე იყოს ყველა ამერიკელისთვის. ჩვენი ოცნებაა, რომ თითოეული ჩვენგანი უსაფრთხოდ იყოს. სიყვარულით კაპიტოლიუმიდან“, – დაწერა გაგამ.
ჯენიფერ ლოპესი კაპიტოლიუმის კიბეებზე პოზირებდა თავის საქმროსთან, ალექს როდრიგსთან ერთად. ფოტოები კი დღის ბოლოს სოციალურ ქსელში განათავსა. ის როგორც ყოველთვის, შეუდარებელი იყო.