მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტში მყოფი პერსონალიდან კორონავირუსი არავის დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ ელოდებიან ადვოკატების PCR ტესტის პასუხებს.
„ჩვენმა ეპიდოლოგიურმა სამსახურმა მოკვლევა დაასრულა, ყველა იმ პირს, ვისაც შეხება ჰქონდა პაციენტთან, კოვიდი არ დაუდასტურდა.
შემსვლელებში არიან ადვოკატები, რომლებმაც არ წარმოადგინეს PCR ტესტი. დღესაც ველოდებოდით და არ გამოჩენილან”, – თქვა ზურაბ ჩხაიძემ.
რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის კოვიდინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ამ ეტაპზე გართულების ნიშნები არ არსებობს.
„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები, როგორიცაა ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები, ნორმაშია. პაციენტს ტემპერატურული რეაქცია არ აქვს, აქედან გამომდინარე, რაც მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ სარეანიმაციო პაციენტია, ეს მხოლოდ ადვოკატის ხედვაა.
პაციენტს ყოველდღიურად სხვადასხვა სპეციალობის ექიმები ამოწმებენ და მისი პარამეტრები კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას არ შეესაბამება, ამიტომ ის მკურნალობას პალატაში აგრძელებს.
კოვიდი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. რისკებზე მე ზოგადად ვსაუბრობ, რადგან კოვიდს გართულებები ახასიათებს. ამ შემთხვევაში, როდესაც სხვა თანმხლები დაავადებებიც არის, გართულებები გამორიცხული არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე, რაიმე მანიშნებელი იმისა, რომ საქმე გართულებებთან გვექნება, არ არსებობს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.