ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს, სხვა საკითხებთან ერთად ვადამდელ არჩევნებსა და ეროვნული თანხმობის მიღწევაზეც ისაუბრა.
სააკაშვილმა არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ან იქნება რიგგარეშე არჩევნები, ან საქართველო აღარ იქნება:
“მე შემიძლია საქართველოში 10 მილიარდი დოლარის შემოტანა. ეს ნიშნავს, რომ ამათი “ბლეფი” დასაქმება კი არ არის, არამედ არის ნამდვილი დასაქმება, მინიმუმ 1000 დოლარიანი ხელფასი, რომ არც ერთ ქართველს არ მოუხდეს წასვლა საზღვარგარეთ, პოლონეთში “ტაქსაობა” 800 ევროდ და ა.შ. ჩვენ ამას გავაკეთებთ, როგორც კი იქნება რიგგარეშე არჩევნები და იქნება ახალი ხელისუფლება.
რიგგარეშე არჩევნები ან იქნება, ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა, შევეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება…
თავს ნუ მოვიტყუებთ მეგობრებო.ჩვენი ერთადერთი გზა და, რისთვისაც მე ჩამოვედი საქართველოში, ეს არის ყველგან პროტესტი და ხმის ამოღება უსამართლობის წინააღმდეგ. მშვიდობიანი, მაგრამ ყველგან ძალიან მასშტაბური”, – თქვა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ეროვნულ თანხმობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანხმობის მთავარი ამოსავალი არის პრინციპი – “თუ გვინდა, ცივილიზებული ერი ვიყოთ, ერთმანეთს არ ვანადგურებთ და ერთმანეთს არ ვკლავთ”:
“მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იყო ჩემთან და ამაზე ვმსჯელობდით, რა არის ჩემთვის ეროვნული თანხმობა? ეს არის წითელი რკალის შემოვლება გარშემო და თქმა, რომ მე შენ არ მიყვარხარ, არ მომწონხარ, არაფერი სურვილი მაქვს – თვალებში გიყურო და შენთან რაიმე კონტაქტი მქონდეს, მაგრამ მე შენ არ გაგანადგურებ, მე შენ არ მოგსპობ, მე შენ არ მოგკლავ.
ეს არის თანხმობის მთავარი ამოსავალი, რომ თუ გვინდა, ცივილიზებული ერი ვიყოთ, ერთმანეთს არ ვანადგურებთ, ერთმანეთს არ ვკლავთ. ვართ ერთმანეთთან კონკურენციაში, რა თქმა უნდა, მათ იციან, რომ კონკურენციას ვერ გაუძლებენ, ამიტომ მათი ერთადერთი საშუალებაა, ჩვენ გაგვანადგურონ, თქვენ, ვინც ხართ უფრო ნიჭიერები, ვისაც ნეპოტიზმით კი არ მიგიღწევიათ ცხოვრებაში რაღაცას, არამედ ნიჭით, განათლებით, შრომისუნარიანობით და იმით, რომ მაგრები ხართ”, – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი მიმდინარეობს.
ვრცლად წაიკითხავთ აქ:
რატომ არის სააკაშვილი ციხეში – ექსპრეზიდენტი 4 მიზეზს ასახელებს
თქვენ ისეთივე მოსამართლე ხართ, როგორც მე ასტრონავტი ვარ – სააკაშვილი მოსამართლეს