აუქციონის სახლი Gooding Christie’s უახლოეს დღეებში გაყიდის განსაკუთრებულ ავტომობილს – უნიკალურ Porsche 928-ს, რომელიც გერმანულმა ტიუნინგ ატელიემ Ruf Automobile სპეციალურად sumsung-ის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარესთვის შექმნა.
ავტომობილი, რომელსაც საკუთარი ინდექსი 928R აქვს, 1989 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მხოლოდ დაახლოებით 2500 კილომეტრი აქვს გავლილი. სწორედ ამიტომ აუქციონზე მის გაყიდვას 400-დან 500 ათას დოლარამდე ვარაუდობენ.
ატელიე Ruf-მა მანქანა Porsche-სგან პირდაპირ შეძენილ კორპუსზე ააგო. ტექნიკური ცვლილებები შედარებით მცირეა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი – ძრავის გაუმჯობესება. 5 ლიტრიანი V8 ძრავის სიმძლავრე 320 ცხენის ძალიდან 360 ცხენის ძალამდე გაზარდეს. ის მუშაობს ოთხ საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან.

ავტომობილის ინტერიერი მთლიანად თავიდან არის გაფორმებული მუქი წითელი ფერის დიზაინით. ასევე აქვს კარბონ კერამიკული მუხრუჭები, 19 დიუმიანი დისკები და გამონაბოლქვის სისტემა, თუმცა ეს ელემენტები 2021 წელს დაამატეს, როცა Ruf-მა მანქანა ისევ გამოისყიდა იმ დროინდელი მფლობელისგან.


საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ აუქციონზე კიდევ ერთი იშვიათი Porsche გაიყიდა – Porsche Carrera GT. მოდელს 2005 წლიდან 1000 კილომეტრზე ნაკლები ჰქონდა გავლილი და საბოლოოდ 3.3 მილიონ დოლარად გაიყიდა აუქციონზე, რომელიც RM Sotheby’s-მა ჩაატარა.