LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელა ნოზაძე: „ნატვრისთვალი მეუღლე მყავს… თუ რამე მინდა, არ გამორჩება, მაგრამ ამას ბოროტად არ ვიყენებ…“

761
ლაშა და ბელა

ბელა ნოზაძე მსახიობ ლაშა რამიშვილის მეუღლე გახლავთ. წყვილი ახლახან ამერიკული მოგზაურობიდან დაბრუნდა, სადაც ბელას ოცნების ასასრულებლად იყვნენ. უფრო მეტს თავად ბელა უყვება ჟურნალ „თბილისელებს“.

ბელა ნოზაძე:

ამერიკაში მოგზაურობაზე ყოველთვის ვოცნებობდი. საბედნიეროდ, მე და ჩემმა მეუღლემ უკვე ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურეთ, მაგრამ ამერიკა ჩემთვის ყოველთვის გამორჩეულად სასურველი იყო. საერთოდ, მეოცნებე ადამიანი არ ვარ, ამასთან, რეალისტიც და ძალიან მყარად ვდგავარ მიწაზე. ნაკლებად ვიცი იმის ხაზგასმა, რაც ძალიან მინდა, რისი განსაკუთრებული სურვილიც მაქვს, მაგრამ ამერიკაში მოგზაურობა ერთადერთი რამ იყო, რასაც ბავშვობიდანვე ვაჟღერებდი. იმდენად მინდოდა, ჩემდაუნებურად მეთქმევინებოდა ხოლმე (იცინის).

ეს რომ ლაშამ გაიგო, გადაწყვიტა, ჩემთვის ოცნება აესრულებინა – ნატვრისთვალი მეუღლე მყავს. ვერ ვიტყვი, რომ ბევრჯერ მითქვამს მისთვის ჩემი ამ სურვილის შესახებ, ალბათ, სულ ერთხელ მექნება ნახსენები, რომ ბავშვობიდან ეს ოცნება მქონდა, მაგრამ როგორც კი გაიგო ამის შესახებ, მაშინვე დაიწყო ზრუნვა, რომ ამერიკაში მოვხვედრილიყავი. მოგეხსენებათ, ამისთვის ვიზა არის საჭირო, რომელიც მარტივი მოსაპოვებელი არ არის, მაგრამ როგორღაც ყველაფერი მოხერხდა და შემოდგომისთვის ამერიკაში მოგზაურობა დაიგეგმა. იქიდან ახლახან დავბრუნდით და ისეთ ემოციებში ვარ, რომ ვერც აღგიწერთ. ისე მიხაროდა, თითქოს პირველად ვიყავი სამოგზაუროდ. ამერიკულ ფილმებს ყოველთვის ვუყურებდი და ისეთი განცდა მქონდა, თავი ტელევიზორში მეგონა, თითქოს, ყველაფერი ვიცოდი, ყველაფერი ნანახი მქონდა, ქუჩებსაც კი ვცნობდი (იცინის).

– მეუღლემ ეს მოგზურობა მთლიანად თქვენ მოგიძღვნათ და იქაც თუ განებივრებდათ?

– ლაშა სულ ამბობდა, რომ ეს მოგზაურობა ჩემი სიამოვნებისთვის იყო და ყველაფერის უფლება მქონდა. დილით, პირველ რიგში, იმას მეკითხებოდა, დღეს რა გესიამოვნება, რისი ნახვა გინდა, რას გასინჯავო და ასე შემდეგ. უნდოდა, ბოლომდე მესიამოვნა ამ მოგზაურობით. ნამდვილად გამოუვიდა მასაც და მის მეგობრებსაც. ამინდიც ძალიან კარგი დაგვემთხვა და მიუხედავად დიდი გზისა, ძალიან კმაყოფილები ჩამოვედით. ლაშაც კმაყოფილია, რომ მე ასეთი ბედნიერი ვარ (იცინის).

– ოცნებების ამხდენი მეუღლე გყავთ.

– ნამდვილად. ჩემი ნატვრისთვალია – სულ ამას ვამბობ. თუ რამე მინდა, არ გამორჩება, მაგრამ ამას ბოროტად არ ვიყენებ. პირიქით, რომ ვიცი, ასეთია, ძალიან ფრთხილად ვეკითხები მსგავს ამბებს და ჩემს სურვილებს ძალიან ფრთხილად ვაფიქსირებ. ვიცი, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, მაინც გააკეთებს, ძალიან მაგარი ბიჭია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g