ჩინეთში ამოქმედდა ავტომობილების უსაფრთხოების ახალი ლაბორატორია, რომელიც შექმნილია ექსტრემალურ პირობებში თანამედროვე, განსაკუთრებით კი ინტელექტუალური მართვის სისტემების შესამოწმებლად. ახალი ცენტრის პირველი კლიენტი კომპანია Changan გახდა.
ახალი საგამოცდო კომპლექსი 5 000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს და უნიკალური ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი. ლაბორატორიაში შესაძლებელია ისეთი რთული გარემო პირობების იმიტაცია, როგორიცაა მკვრივი ნისლი, ძლიერი წვიმა, დღის და ღამის სხვადასხვა მონაკვეთი, ასევე ინტენსიური სატრანსპორტო ნაკადი. სიუჟეტი ლაბორატორიის შესახებ ჩინურმა ტელეარხმა CCTV გააშუქა.
ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულია როგორც ღია ტიპის სატესტო მოედანი, ისე დახურული სივრცე, სადაც ხელოვნურად იქმნება გზაზე სხვადასხვა დაბრკოლება – ქვეითები, მოტოციკლისტები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები. ტესტირების პროცესში ავტომობილი 130 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს, რაც საშუალებას იძლევა რეალურ მოძრაობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენარები შემოწმდეს.
ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ იტესტება ADAS სისტემები Nevo A06 მოდელზე. სპეციალისტები აფასებენ, რამდენად სწორად აღიქვამს ელექტრონული ასისტენტი საგზაო გარემოს, დროულად აფრთხილებს მძღოლს საფრთხის შესახებ და რამდენად ეფექტურად ასრულებს მანევრებს ავარიის თავიდან ასაცილებლად.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩინეთში ავტომობილების უსაფრთხოების მიმართულებით პირველი მასშტაბური ინიციატივა არ არის. 2024 წლის დეკემბერში კომპანია Geely-მ ჰანჯოუში გახსნა მსოფლიოში პირველი მასშტაბური უსაფრთხოების ცენტრი, რომლის მშენებლობაც 2 მილიარდ იუანზე (დაახლოებით 280 მილიონ დოლარზე) მეტი დაჯდა. 82 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ კომპლექსში 27 ტიპის უსაფრთხოების ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი.
ექსპერტების შეფასებით, მსგავსი ლაბორატორიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტონომიური და ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემების განვითარების ფონზე, რადგან მწარმოებლებს რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში შეუძლიათ საკუთარი ტექნოლოგიების სრულყოფა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება.