LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბრუნდება ძველი დრო, გაიზრდება თანხების გადინება, მოუწევთ შემცირება, ხელფასების დაკლება – რას გამოიწვევს სათამაშო ბიზნესის შეზღუდვა

55
290718

საქართველოს მთავრობა სათამაშო ბიზნესში მნიშვნელოვან შეზღუდვებს აპირებს. პრემიერ მინისტრი რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა და სავარაუდოდ მალე ახალი რეგულაციები ამოქმედდება. “ავტორადიო” ამ საკითხებთან დაკავშირებით ესაუბრა საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს
გიორგი მამულაიშვილს.

ბატონო გიორგი, კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, რას შეეხება ეს კანონპროექტი და რა ცვლილებებია მოსალოდნელი?

სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით ზუსტად თუ რა ცვლილებებზეა საუბარი. ჯერჯერობით ჩვენთან კომუნიკაცია მხოლოდ ტელევიზიისა და პრესის მეშვეობით ხდება. გაჟღერდა რამდენიმე ცვლილება – საგადასახადო წნეხის გაზრდა, რეკლამის შეზღუდვა, ასაკის ზღვრის აწევა, რაც სათამაშო ბიზნესს და მასთან დაკავშირებულ სექტორებს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. ასეთი ბიზნესები კი დღეისათვის ძალიან ბევრია და სამწუხაროა, რომ მთავრობასთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია არ გვქონია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრა მალე შედგება.

თუ მოთამაშეს შეუზღუდავენ თამაშს და ის მაინც მოახერხებს უცხოურ საიტებზე თამაშს, თანხები საზღვარგარეთ ხომ არ გავა, რაც ქართული ეკონომიკისთვის კარგი ვერაფრით იქნება?

ამ თემაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამის ნათელი მაგალითია აშშ და ჩინეთი. ეს ქვეყნები თავისი განვითარებული ტექნოლოგიებით დღესაც კი ვერ ახერხებენ უცხოური საიტების დაბლოკვას. დღეისათვის უცხოურ საიტებზე საქართველოს მოსახლეობის ნაწილი თამაშობს და დახარჯული თანხა წელიწადში 120 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული რეგულაციის შემოღებით თანხების გადინება მინიმუმ 10-ჯერ გაიზრდება. ეს კი ეკონომიკაზე საკმაოდ სერიოზულად იმოქმედებს. ადამიანს, რომელსაც უნდა თამაში, ყოველთვის იპოვის ხერხს და გზას რომ ითამაშოს. დაბრუნდება ძველი პერიოდი და მოთამაშეთა ნაწილი მიწისქვეშეთში გადაინაცვლებს, მოიმატებს კრიმინალი.

რეკლამის აკრძალვა რამდენად წაადგება ამ საკითხს, ამით ბიზნესიც ხომ ზარალდება, არა თავად სათამაშო ბიზნესი, არამედ ის ორგანიზაციები, სადაც თავსდება მათი რეკლამა და ეს არის მათი შემოსავლის ძირითადი წყარო?

ძალიან ბევრი ბიზნესია სათამაშო ბიზნესთან კვეთაში. სათამაშო ბიზნესი მსხვილ კონტრიბუციას დებს საფინანსო სექტორში, IT სექტორში, სარეკლამო სექტორში, სპორტის სექტორში. შესაბამისად, წნეხის გაზრდა გამოიწვევს შემოსავლის შემცირებას და ამ სექტორებში ხარჯების შემცირებას. ეს კი პირდაპირ აისახება კადრებზე, ზოგს მოუწევს თანამშრომლების შემცირება, ხელფასების დაკლება. სათამაშო ბიზნესსა და მასთან კვეთაში მყოფ ბიზნესებთან ჯამში 30 ათასი ადამიანია დასაქმებული.

რეალურად შესაძლებელია თუ არა იმ მიზნის მიღწევა, რაც ჩაფიქრებულია – ადამიანები შეეშვან თამაშს?

მთელი ცივილიზებული მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ უმჯობესია სათამაშო ბიზნესი იყოს ლეგალიზებული. სათამაშო ბიზნესი საქართველოში საკმაოდ კარგად და მკაცრად რეგულირდება. ვინც საპირისპიროს ამტკიცებს აზარტული თამაშების თუ ფულის გათეთრების შესახებ, კანონი არ იცის.
ქართული რეგულაციები საკმაოდ მაღალი სტანდარტებისაა. წელიწადზე მეტია მოქმედებს დამატებითი რეგულატორი – შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეული პირი, რომელიც ყოველდღიურად აკონტროლებს სათამაშო ბიზნესის ბრუნვას, შემოსავლებს, მოთამაშეების ოდენობას. ჩვენთან ყველაფერი იმდენად გამჭვირვალეა, რომ უცხოელი პარტნიორები საქართველოს კანონმდებლობით მუდმივად ინტერესდებიან, ჩამოდიან, ჩვენი გამოცდილების გაზიარებას ცდილობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები