Ford-ის კონცერნმა გაასაჯაროვა დამატებითი ინფორმაცია ახალი ელექტრო პლატფორმის – UEV (Universal Electric Vehicle) შესახებ. სწორედ ამ არქიტექტურაზე აშენდება კომპანიის ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტრო პიკაპი, რომლის საწყისი ფასი დაახლოებით 30 000 დოლარი იქნება.
მწარმოებელი ფასის შემცირებას კონსტრუქციის მაქსიმალური ოპტიმიზაციით, დეტალების რაოდენობის შემცირებითა და გაუმჯობესებული აეროდინამიკით გეგმავს.
ახალ პიკაპს სალონის სივრცე ექნება ისეთი, როგორიც აქვს Toyota RAV4-ს, თუმცა ასეთი შედეგი კომპრომისების ხარჯზე მიიღწევა. ინჟინრების გამოთვლებით, სახურავის სიმაღლის მხოლოდ 1 მილიმეტრით გაზრდაც კი ბატარეის ღირებულებას 1,3 დოლარით ზრდის და სავალი მარაგს დაახლოებით 100 მეტრით ამცირებს.

აეროდინამიკაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა:
წინა ბორბლებიდან ჰაერის ნაკადის უკანა ნაწილზე გადამისამართებამ სავალ მანძილს დაახლოებით 7 კილომეტრი შემატა;
ფსკერზე სამაგრი ჭანჭიკების ხვრელების ფორმაც კი ოპტიმიზებულია ჰაერის წინააღმდეგობის შესამცირებლად;
გვერდითი სარკეები 20%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კიდევ დაახლოებით 2 კილომეტრით გაიზარდა სავალი მარაგი.
კონსტრუქციის გამარტივება კომპონენტების რაოდენობის მკვეთრი შემცირებით მიიღწევა. მაგალითად, თუ Ford Maverick-ის ერთ-ერთი ძირითადი კვანძი 146 დეტალისგან შედგება, ახალ ელექტროპიკაპში იგივე ელემენტი მხოლოდ ორ ნაწილად არის ჩამოსხმული თანამედროვე ლითონის ჩამოსხმის ტექნოლოგიების წყალობით.

ასევე შეიცვალა ელექტრონიკის განლაგება: გაყვანილობა 1,2 კილომეტრით შემცირდა, ხოლო სადენების საერთო წონა – 10 კილოგრამით, რაც კომპანიის ერთ-ერთ პირველ ელექტრომობილთან შედარებით მნიშვნელოვანი პროგრესია.
ტექნიკური მახასიათებლებიდან ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოდელი 400 ვოლტიან არქიტექტურას მიიღებს. დებიუტის თარიღი ჯერ არ სახელდება, თუმცა მომავალში UEV პლატფორმა საფუძვლად დაედება ელექტრომობილების მთელ ოჯახს.

ამავე დროს, კომპანია ეტაპობრივად წყვეტს არსებული ელექტრო მოდელების წარმოებას. გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბატარეაზე მომუშავე პიკაპის Ford F-150 Lightning წარმოება დასრულდება, ხოლო მეორე თაობა, სავარაუდოდ, სერიულ ჰიბრიდად გადაიქცევა.