LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხვიჩას მამა ამ ყველაფერს თვალცრემლიანი უყურებდა.. სიცილი დაიწყო და ხვიჩას ქართულად რაღაც ჰკითხა“ – ემოციური ამბავი ნეაპოლის აეროპორტიდან

270
Untitled design (3)

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ 2022-2023 წლების სეზონის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

საქართველოში დაბრუნების დროს, ხვიჩა კვარაცხელიასთან აეროპორტში შეხვედრას ბერძნული სპორტული გამოცემის, Oneman-ის ჟურნალისტი ემოციურად იხსენებს.

აკის კასუდასი წერს, რომ ნეაპოლიდან ათენში ბრუნდებოდა, თუმცა ჯერ სტამბოლში უნდა ჩაფრენილიყო, რეისით ფრენა გამოტოვა, მორიგ რეისზე კი ხვიჩა კვარაცხელია დახვდა…

„როგორია იმავე თვითმფრინავში ყოფნა, რომელშიც პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია… ბორტზე ასვლამდე, კონტროლის გავლის შემდეგ, დარბაზში ვიჯექი მობილურით ხელში. ჩემგან რამდენიმე მეტრში ვხედავ კაპიუშონით და სათვალეებით მამაკაცს, რომელიც საოცრად ჰგავს ხვიჩა კვარაცხელიას. მალევე ვხვდები, რომ ის არა თუ ჰგავს, არამედ თავად ქართველი ფეხბურთელია.

გამბედაობას ვიკრებ და მივდივარ, რომ ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება  ვთხოვო, არ მაინტერესებს, დამთანხმდება თუ არა. ძალიან უშუალო იყო, სხვები ვერ ამჩნევდნენ, შესაძლოა იმიტომ, რომ უმეტესობა შუახნის კორეელი ტურისტი იყო და ალბათ არაფერი იცოდნენ მის შესახებ.

ჩასხდომის დრო მოახლოვდა. ხვიჩა, ოჯახის წევრებთან ერთად ჩემთან ახლოს, სკამებზე დასხდნენ. „არ შეიძლება, მას ინტერვიუ არ სთხოვო“ – ვეუბნები საკუთარ თავს და მე ამას ვაკეთებ – მამამისს მივმართავ: „ ერთი წუთით“. როგორც კი გაიგებს, რომ ჟურნალისტი ვარ, სიცილს იწყებს, ხვიჩა კვარაცხელიას უბრუნდება და ქართულად რაღაცას ეკითხება.

შემდეგ ჩემკენ ბრუნდება და თავაზიანად მეუბნება  -„არა, სამწუხაროდ, ვერ დაგელაპარაკება, „ნაპოლისთან“ პრობლემა შეექმნება“ – მეუბნება ხვიჩას მამა.

მე ეს ძალიან კარგად მესმის. მხოლოდ უნდა დავჯდე და მის მოძრაობებს დავაკვირდე. სამოსი, რომელიც მას აცვია, სულაც არ არის მოდური, თუმცა, ძალიან ძვირად ღირებული ჩანს.

ხვიჩა ხშირად ამოწმებს მობილურ ტელეფონს – ინსტაგრამისა და ვოთსაპის აპლიკაციებს და ბევრს ესაუბრება პარტნიორს. მთელი ოჯახი მის გვერდით არის. და-ძმა, ბიძაშვილები, დისშვილები, მშობლები.

თვითმფრინავში ჩაჯდომამდე გამბედაობა მოვიკრიბე და ვკითხე: „იცით, ეს ინტერვიუ არ არის, მაგრამ, ნება მომეცით, რომ გკითხოთ: „გახსოვთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში საბერძნეთის ნაკრებთან მატჩში?

იცინის და მპასუხობს – „დიახ“. „შენ გასაოცარი იყავი“ – ვეუბნები მე, ის კი მპასუხობს – „ძალიან დიდი მადლობა“.

თვითმფრინავში ვსხდებით. მან კაპიუშონი გაიხადა, სათვალე მოიხსნა და ფოტოს იღებდა ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა.

მათ შორის იყვნენ მისი თანამემამულეებიც, რომლებიც ნეაპოლში მის საგულშემატკივროდ იყვნენ ჩამოსულები.

ერთი ბავშვი იყო, რომელიც მასთან მისვლას ვერ ბედავდა, თუმცა, მშობლებმა ძალით მიიყვანეს, ხვიჩა კი მას გადაეხვია.

ამ ყველაფერს ხვიჩას მამა თვალცრემლიანი უყურებდა. მალე თვითმფრინავი აფრინდება, მე კი ვგრძნობ, რომ მთელი პლანეტის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეისზე ვიმყოფები. მსოფლიოში ყველაზე მაგარ ფეხბურთელთან ერთად მგზავრობა უბრალო ამბავი ნამდვილად არ არის.

ორი საათის შემდეგ სტამბოლში ჩავფრინდით. პასპორტკონტროლის გავლის დროს მის გვერდით ვიდექი. შემდეგ იქვე დავჯექი და კვლავ ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა.

ჩანთიდან ამოვიღე ნეაპოლში ნაყიდი დროშა, რომელზედაც ხვიჩა კვარაცხელიაც იყო გამოსახული და ხელის მოწერა ვთხოვე, სურვილი მაშინვე შემისრულა…

ჩვენი გზები ერთმანეთს შორდება. ის ოჯახთან ერთად საქართველოში მიფრინავს, მე კი ათენში ვბრუნდები, თუმცა, ჩემი აჟიოტაჟი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა“, – წერს ჟურნალისტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g