„ვერ ხვდება, როგორც ჩანს, მიშა ყაველაშვილი, რა შეურაცხყოფა მომაყენა,“ – ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ასეთი შეურაცხყოფა მისთვის ჯერ არავინ მიუყენებია.
ტურაშვილმა ასევე თქვა, რომ ყველა არხზე მივა, სადაც წიგნებზე და განათლებაზე საუბრის შესაძლებლობა მიეცემა.
მისივე განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი პირდაპირ ეთერშიც კი გაუკრიტიკებია და მისთვის არავის მიუთითებია რა უნდა ეთქვა და რა არა.
„სინამდვილეში მე არც ხელფასი, არ მაქვს არც ხელშეკრულება და დავდივარ არა იმიტომ, რომ მომწონს კეზერაშვილი, არამედ ეს არის შესაძლებლობა, რომ იმაზე ვილაპარაკო, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და რაც ყველაზე აუცილებელი მგონია, ეს არის წიგნები და განათლება. ამის გამო „ფორმულაზე“ კი არა ნებისმიერ არხზე მივალ.
ამ ტერმინსაც კი არ ვხმარობ, „ნაცები“ და „ქოცები“, მეჩვენება, რომ ცოტა შეურაცხმყოფელი ელემენტია, არ მიყვარს ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება და მით უმეტეს ისეთი სიტყვის, რომელიც მისთვის შეიძლება მტკივნეული იყოს.
ვერ ხვდება, როგორც ჩანს, მიშა ყაველაშვილი, რა შეურაცხყოფა მომაყენა. მე კეზერაშვილი თავის ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერშიც კი გამიკრიტიკებია, დერეფნებშიც რომ გამილანძღავს ეს ცალკე ამბავია, მაგრამ არც ერთხელ არავის არ უკადრებია ჩემთვის „ფორმულაზე“, რომ ეს თქვი და იმას ნუ იზამო. პარლამენტის დეპუტატი რომ ვიყო, მე ხომ ერთი წამით არ გავჩერდები ვინმემ რომ მითხრას, რა უნდა ვთქვა და რა არ უნდა ვთქვა.
პარლამენტის დეპუტატი რომ ვიყო და ვიღაცამ მითხრას ამ კანონპროექტს დღეს რომ მიღებთ, ორი დღის მერე, რაზაც მწვანეს მიაჭირეთ, იმაზე წითელს უნდა მიაჭიროთო, ერთი წამი არ გავჩერდები იმ პარლამენტში.
ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა [მიხეილ ყაველაშვილმა] ასეთი რაღაც ჩემთვის არავის არ უთქვამს…
იმის დაბრალება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ვაგინებდი, რა არის ეს ხალხო? ვერ წარმომიდგენია. ვაგინებდი კი არა, ვინც გადაკრიტიკა, ყველას ვუპასუხე.
ასეთი ტყუილის დაბრალება რა უბედურებაა?“ – აღნიშნა დათო ტურაშვილმა.
ან დამიმტკიცებ, ან ბოდიშს მოიხდი – ყაველაშვილი ტურაშვილს მიმართავს