LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული Chevrolet Camaro 1 815 000 დოლარად გაიყიდა

111
1200x1200

Mecum-ის აუქციონზე Chevrolet Camaro-სთვის ისტორიული ფასი დაფიქსირდა. გამოცემა Autoevolution-ის ინფორმაციით, ღია აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული Camaro 1 815 000 დოლარად  ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. საუბარია 57 წლის კუპეზე, რომელიც 1969 წლისთვის შექმნილი პირველი პროტოტიპია და ლეგენდარული დონ იენკოს მიერაა აგებული. 

დონ იენკო თავდაპირველად პენსილვანიაში Chevrolet-ის რიგითი დილერი იყო, თუმცა 1960-იანი წლების მეორე ნახევარში ის სწრაფად გახდა ცნობილი, როგორც ბრენდის ყველაზე მძლავრი და სწრაფი ავტომობილების შემქმნელი. დროთა განმავლობაში Chevrolet-მა თავად დაიწყო იენკოს სპეციფიკაციებით მანქანების გამოშვება, ხოლო Yenko Camaro-ები „დამუხტული“ Ford Mustang-ების პირდაპირ კონკურენტებად ითვლებოდა. აუქციონზე გაყიდული ავტომობილი სწორედ პირველი Yenko Camaroა, რომელიც 1969 წელს, ამ მასლქარების პრაქტიკულად სერიული წარმოების დაწყებამდე შეიქმნა.

ამ კონკრეტული მანქანის მთავარი თავისებურება ძრავია, რომელიც იმ პერიოდში Camaro-ზე ოფიციალურად არ გამოიყენებოდა. General Motors-ს ჰქონდა შეზღუდვები ძრავის მოცულობაზე ამ კლასის სამოქალაქო ავტომობილებისთვის. თუმცა დილერების, მათ შორის დონ იენკოს მოთხოვნით, Chevrolet-მა გამოიყენა სპეციალური კორპორატიული შეკვეთების სისტემა – Central Office Production Order (COPO), რომლის მეშვეობითაც შეზღუდვების გვერდის ავლა გახდა შესაძლებელი. შედეგად, Yenko Camaro აღიჭურვა 7,0-ლიტრიანი V8 ძრავით (427 კუბური დუიმი), რომელიც დეველოპერების გათვლით 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 1960-იანი წლების ბოლოს ასეთი Camaro 402 მეტრიან დრაგ დისტანციას 12 წამზე ნაკლებ დროში გადიოდა (სპეციალური საბურავების გამოყენების შემთხვევაში).

1969 წელს დონ იენკოს სპეციფიკაციებით სულ 201 კუპე აიგო. რეკორდული ფასის მქონე ეგზემპლარის ღირებულებას დამატებით ზრდიდა რამდენიმე ფაქტორი: ორიგინალური აგრეგატები, ქარხნულთან მაქსიმალურად მიახლოებული მდგომარეობა, რომელიც სრულმასშტაბიანი რესტავრაციის შედეგად იქნა მიღწეული, ასევე კორპუსის იშვიათი გაფორმება. 1969 წლის Yenko Camaro-ებიდან მხოლოდ 10 ერთეული შეიღება ფერში Olympic Gold, მათგან მხოლოდ ორს ჰქონდა თეთრი ზოლები კორპუსზე, ხოლო ეს კონკრეტული ავტომობილი ერთადერთია, რომელიც ქარხნიდან სწორედ ასეთი დისკებით გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები