ცნობილმა ტიუნინგ ატელიე Novitec-მა Lamborghini Revuelto-სთვის საკუთარი პაკეტი წარმოადგინა. მოდერნიზაცია მოიცავს ვიზუალურ ცვლილებებს, სავალი ნაწილის გაუმჯობესებას და ძრავის სიმძლავრის ზრდას, დამატებით 33 ცხენის ძალით.
ტიუნერები ავტომობილის დიზაინის კიდევ უფრო აგრესიულად გარდაქმნას კარბონის ახალი დეტალების დახმარებით აპირებენ, რომლებიც სურვილის შემთხვევაში ძარის ფერშიც შეიძლება შეიღებოს. პაკეტში შედის ახალი სპლიტერი, სხვადასხვა აეროდინამიკური ელემენტი, განახლებული კაპოტი, სარკეების კორპუსები და ინდივიდუალური ანტიფრთა. ყველა დეტალი გამოცდილია აეროდინამიკურ გვირაბში და ოპტიმიზაციას უკეთებს ჰაერის ნაკადს.
ასევე ხელმისაწვდომი იქნება Vossen-თან ერთად შექმნილი სამი ტიპის დისკი, ზომით 22 დიუმამდე და 72 სხვადასხვა ფერში. სუპერქარის დაკიდება მოდიფიცირებულია სპორტული ზამბარებით, რაც კლირენსს 25 მილიმეტრით ამცირებს.
დემონსტრაციული ვერსია შეღებილია იასამნისფერ ტონში, რომელიც შთაგონებულია Lamborghini Diablo SE-ის საიუბილეო ვერსიით (1993). სწორედ ეს მოდელი გამოჩნდა სამი წლის შემდეგ ჯგუფ Jamiroquai-ს ჰიტის Cosmic Girl ვიდეოკლიპში.
მთავარ სიახლედ ითვლება ახალი გამონაბოლქვის სისტემა ოთხი მილის ბოლო ნაწილით. ის მზადდება უჟანგავი ფოლადისგან ან ინკონელის შენადნობისგან, სურვილის შემთხვევაში კი ოქროს საფარითაც. სისტემას აქვს რეგულირებადი სარქველი. სწორედ გამონაბოლქვისა და ახალი კატალიზატორების წყალობით გაიზარდა ძრავის სიმძლავრე 33 ცხენის ძალით და ახლა 1048 ცხენის ძალას აღწევს.
მოდერნიზებული ვერსიის დინამიკური მახასიათებლები კომპანიას ჯერჯერობით არ გაუმჟღავნებია.