გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2015-2025 წლები 1850 წლიდან დღემდე დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ცხელი 11 წლიანი პერიოდი აღმოჩნდა.
ანგარიში ადასტურებს, რომ 2024 წელი რეკორდულად ცხელი იყო – გლობალური ტემპერატურა ინდუსტრიამდელ საშუალო მაჩვენებელს 1.55°C-ით აღემატებოდა. 2025 წელი კი, სხვადასხვა შეფასებით, მეორე ან მესამე ყველაზე ცხელი წელია, ტემპერატურის 1.43°C-იანი გადაჭარბებით.
კვლევის მიხედვით, მყინვარების დნობა კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება. ბოლო მონაცემებით, მყინვარების მასის შემცირება ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მაჩვენებლებს შორის მოხვდა, განსაკუთრებით ისლანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონებში.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა შექმნილ ვითარებას საგანგებო უწოდა.
მისი თქმით, „დედამიწა უკვე საკუთარ შესაძლებლობებს სცდება და კლიმატის ყველა მთავარი მაჩვენებელი საფრთხის სიგნალს აძლევს მსოფლიოს“.
მნიშვნელოვანია, რომ პარიზის შეთანხმების ფარგლებში ქვეყნები შეთანხმდნენ, გლობალური დათბობა 1.5°C-ის ფარგლებში შეენარჩუნებინათ. თუმცა 2024 წლის მონაცემებმა აჩვენა, რომ ეს ზღვარი უკვე ფაქტობრივად გადალახულია, რაც კლიმატური რისკების კიდევ უფრო ზრდაზე მიუთითებს.